(ქც 4: 328,20). ლეონტი მროველი „ნინოს მიერ ქართლის მოქცევაში“ ახსენებდა კოდისწყაროელ მწიგნობრებს (ქც 1: 98,4). ვახუშტი ბაგრატიონი იხსენიებს როგორც წყაროს: „არს ტბა კუმისისა, მლაშე, შესდის წყარო კოდისა“ (ქც 4: 328,20). დასახლებული პუნქტი „კოდისწყარო“ იხსენიება XV-XVIII სს-ის წერილობით წყაროებში (ჟორდანია 1896: 72, 80; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 241; 1970: 546, 1059; 1972: 523; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 126; კლიმიაშვილი 1964: 133), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 34, 39), დღეისათვის კოდისწყაროს სახელით საქართველოში სამი სოფელია ცნობილი: 1. კოდისწყარო – კასპის მუნიც-ში, მდ. ლეხურას მარჯვენა მხარეს, კასპიდან ჩრდილოეთით, 22 კმ-ის დაშორებით, სხვილოს ციხის დასავლეთით.
თაყა ზევდგენიძემ 200 წლის გაპარტახებული სოფელი კოდისწყარო ააღორძინა და შესწირა შიომღვიმის მონასტერს 1433 წ. (ჟორდანია 1896: 72). XVII ს-ში კოდისწყარო ზემო ქართლის სადროშოში შედიოდა (კლიმიაშვილი 1964: 133). XVIII ს-ის მეორე ნახევარში საამილახვროს მიეწერებოდა (ბაგრატიონი 1986: 39).
კასპის მუნიც-ის კოდისწყარო არქეოლოგიურად შეუსწავლელია. 1938 წ. სოფელში შემთხვევით აღმოჩნდა თიხის უინვენტარო სარკოფაგი. 1982 წ. სოფლის აღმოსავლეთით შემთხვევით ნაპოვნია ვერცხლით ინკრუსტირებული დიონისეს ბრინჯაოს ქანდაკება (სიმაღლე 0,2 მ). ინახება კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში. დაზვერვებისას სოფლის განაპირას, ადგილ ხრიაკებში, მიკვლეულია ადრე შუა საუკუნეების ნასახლარი და სამაროვანი. ნასახლარზე აკრეფილია წითლად გამომწვარი კერამიკის ფრაგმენტები. სამაროვანზე ჭრილში ჩანს თიხის დაზიანებული სარკოფაგები (სძა 1990: 173). სოფლის სასაფლაოზე დგას რიყის ქვით ნაგები XVIII-XIX სს-ის წმინდა თევდორეს დარბაზული (7,5X5,1 მ) ეკლესია. ცალკეულ დეტალებზე გამოყენებულია კვადრატული აგური. აფსიდა ნახევარწრიულია. აქვს მთლიან ქვაში ამოკვეთილი თაღოვანი სარკმელი (გვიან ამოუქოლავთ). ამოქოლილია დასავლეთის კედლის თაღოვანი სარკმელიც. სამხრეთ კედელში სწორკუთხა სარკმელია. შესასვლელი სამხრეთიდანაა. აღმოსავლეთის ფასადის კეხზე დგას ორმხრივ გახსნილი აგურის დაბალი სამრეკლო (სძა 1990: 173).
2. დუშეთის მუნიც-ის სოფ. კოდისწყარო (ზედა და ქვედა კოდისწყარო). მდებარეობს დუშეთიდან სამხრეთით, მდ. ნარეკვავის სათავეებთან.
1669 წ. სიგელით სოფ. კოდისწყარო წილკნის სამწყსოში შედიოდა (ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 546). ის მუხრანბატონის საკუთრება იყო (ბაგრატიონი 1986: 34). სამთავნელს კოდისწყაროში ყმები ჰყავდა (ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 1059). ნარეკვავის ხეობაში ბაზალეთიდან მომავალი გზა კოდისწყაროზე გაივლიდა და ქსნის ხეობას გრემისხევთან აკავშირებდა (ბერძენიშვილი 1964: 388), ქსნისა და არაგვის საერისთავოს შორის საზღვარი კოდისწყაროზე გადიოდა (გვასალია 1983: 77).
დუშეთის მუნიც-ის სოფ. კოდისწყარო არქეოლოგიურად შეუსწავლელია. 1971 წ. კოდისწყაროში შემთხვევით აღმოჩნდა ორი ფურცლისაგან შეკერილი ბრინჯაოს ორყურა ქვაბი, მრგვალი ძირით (საინვ. №3577). ქვაბში იდო ბრინჯაოს ორი, ე. წ. იბერიულ-კავკასიური ცული (საინვ. №№3555, 3556) და ბრინჯაოს აბზინდა (საინვ. №3578). ნივთები ინახება დუშეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.
კოდისწყაროს ნასოფლარზე, დიდ ტერიტორიაზე განლაგებულია ციხე-დარბაზის ნანგრევები; საყარაულო კოშკი; სასახლისა და ეკლესიის ნანგრევები. კოშკი ოთხსართულიანია. ჰქონია ორფერდა სახურავი. ნაგებია ნატეხი და რიყის ქვით დუღაბზე. ჩრდილოეთიდან აქვს შესასვლელი პირველ სართულზე. სართულები ერთმანეთს უკავშირდება კედლების გასწვრივ მიშენებული ქვის კიბით. მათ შორის გადახურვა ხის იყო. კედლებში კარ-სარკმლები და სათოფურებია. ყველა სართულზე თითო ბუხარია. სასახლე დიდი ზომის უნდა ყოფილიყო. მთავარი შესასვლელი აღმოსავლეთიდან ჰქონია. შენობის ძლიერი დაზიანების გამო გეგმა კარგად არ იკითხება. კომპლექსი აშენებული უნდა იყოს XVIII ს-ში და ეკუთვნოდა მუხრანბატონებს (ზაქარაია 1965: 133-137; 1988: 117-119).
3. სოფელი კოდისწყარო მდებარეობს თეთრი წყაროს მუნიც-ში, ალგეთის ხეობაში, თრიალეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, თეთრი წყაროდან 54 კმ-ის დაშორებთ.
თეთრი წყაროს მუნიც-ის სოფ. კოდისწყარო არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
- ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 34, 39; ბერძენიშვილი 1964: 398; 1966: 68; გამყრელიძე 2009: 54; გვასალია 1983: 77, 94, 97, 99; ზაქარაია 1965: 133-137; 1988: 117-120; კლიმიაშვილი 1964: 121-151; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 124; ჟორდანია 1896: 72, 80, 82; სძა 1990: 173; ქც 1: 98,4; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 280, 546, 1059; 1972: 523; ქც 4: 328,20.
Source: „ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.