მოგვთაკარი, მოგუეთი (ქც 1: 29,7; 101,5; 116,12; 145,5; 180,2; ქც 4: 100,21). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ლეონტი მროველის „ცხოვრება მეფეთა“ (ქც 1: 29,7), მისივე „ნინოს მიერ ქართლის მოქცევა“ (ქც 1: 101,5; 116,12; 145,5), ჯუანშერის „ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა“ (ქც 1: 180,2), ვახუშტი ბარგატონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 100,21), „მოქცევაი ქართლისაი“ (შატებრდის კრებული 1979: 325, 334, 347).
ლეონტი მროველი მოგვთაკარის შესახებ გადმოგვცემს: ქართლის მეფე ფარნაჯომმა „მოიყვანნა სპარსეთით ცეცხლმსახურნი და მოგუნი და დასხა იგინი მცხეთას, ადგილსა მას, რომელსა აწ ჰქვიან მოგუთა“ (ქც 1: 29,7).
მოგვთაკარი („მოგუთა“) მდებარეობს მცხეთაში, რკინიგზის სადგურის წინ, სამხრეთით (აფაქიძე ... 1981: 126), მცხეთის თანამედროვე ხიდის დასავლეთით (ბერძენიშვილი 1964: 402).
წყაროებში პირველად IX ს-ში იხსენიება. ის მცხეთის უბანია, სადაც ცეცხლთაყვანისმცემელი მოგვები დასახლდნენ (შატებრდის კრებული 1979: 325, 334, 347). ძვ. წ. II ს-ში იბერიის მეოთხე მეფე ფარნაჯომმა სპარსეთიდან ჩამოყვანილი ცეცხლთაყვანისმცემლები (მოგვები) მცხეთის ერთ-ერთ უბანში – მოგუთაში (მოგვთაკარი) დაასახლა (ქც 1: 29,7). ახ. წ. I ს-ში მაცხოვრის კვართის მცხეთაში ჩამომტანი ელიოზი მცხეთის უბანში – მოგუთაში ცხოვრობდა (ქც 1: 101,5; 116,12). V ს-ის ქართლში ირანელთა დანიშნულმა ერისთავმა ბარზაბოდმა ცეცხლმსახურნი და მათი ეპისკოპოსი ბინქარან მოგუთას დაასახლა (ქც 1: 145,5).
მოგვთაკარში – მცხეთის რკინიგზის სადგურის მიდამოებში, 1926 წ. შემთხვევით აღმოჩნდა სხვადასვა პერიოდის (ძვ. წ. V-ახ. წ. III სს) სამარხეული ინვენტარი. 1937 წ. სადგურის უკან, ბაღში გამოვლინდა კრამიტსამარხი, რომელიც I-III სს-ის ინვენტარს შეიცავდა. 1943 წ. მცხეთის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ მცხეთის სადგურთან გაითხარა რამდენიმე კრამიტსამარხი (აფაქიძე ... 1955: 6, 12). 1951 წ. მცხეთის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ (ხელმძღ. გ. ლომთათიძე) რკინიგზის სადგურის მახლობლად გაითხარა ახ. წ. I ს-ის მავზოლეუმის ტიპის აკლადამა. შემთხვევითი მონაპოვარი და აკლდამის მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი). 1975 წ. მოგვთაკარზე (რუსთაველის ქ. 54) არქეოლოგიური კვლევის ცენტრის მცხეთის ექსპედიციამ (ხელმძღ. ა. აფაქიძე) გათხარა გვიანანტიკური ხანის ორმოსამარხი (აფაქიძე ... 1981: 126). მასალა ინახება მცხეთის არქეოლოგიური ექსპედიციის ბაზაში. 1976-1978 წწ. მოგვთაკარში – მცხეთის რკინიგზის სადგურის მახლობლად, სადაც გათხრებს აწარმოებდა მცხეთის არქეოლოგიური ექსპედიცია, გამოვლინდა რომაული ხანის სამაროვანი და ნაგებობის ნაშთები.
მოგვთაკარის სამაროვანზე გაითხარა 13 სამარხი, რომელთაგან 10 კრამიტებითაა შედგენილი, სამი – ქვის ფილებითა და კრამიტით ნაგები სამარხებია. კრამიტსამარხები ჩაჭრილ ორმოში ჩადგმული, ღარიანი და ბრტყელი კრამიტებითაა ნაგები, რომელთა სახურავი ბანური ან ორფერდაა. ძირი თიხატკეპნილია ან კრამიტით მოგებული. მიცვალებულები დაუკრძალავთ კიდურებმოკეცილი, მარჯვენა გვერდზე, თავით დასავლეთით. ზოგიერთ მიცვალებულს პირსა და ხელში ჰქონდა მონეტები („ქარონის მონეტა“). სამარხებში აღმოჩნდა: თიხის სადა ან კოპებით შემკული ხელადები და კოჭობები, სირიული წარმოშობის მინის სანელსაცხებლეები, ავგუსტუსის (ძვ. წ. 27-ახ. წ. 14) და გოტარზეს (ახ. წ. 10/11-38) მონეტები, ვერცხლისა და რკინის გემიანი ბეჭდები (მათ შორის, ერთი რკინის ბეჭდის სარდიონის თვალზე ამოკვეთილია ორსიტყვიანი, პოზიტიური ბერძნული წარწერა: „მშვენიერი ქალბატონი“ ან „ქალბატონი კალე“). იქვეა აღმოჩენილი: მძივები, რკინის დანისპირი, სამფრთიანი ისრისწვერი, ბრინჯაოს ზარაკები, რკინის ძეწკვი, ბრინჯაოს სარკე, ფერუმარილის სასრესი ნიჟარა კოვზითურთ და სხვ. სამაროვანი თარიღდება I-III სს-ით (აფაქიძე ... 1981: 130). სამარხებს შორის გამოირჩევა წაგრძელებული ოთხკუთხედის ფორმის №6 კრამიტსამარხი (1,82X1,26X0,54 მ), რომლის კედლები ვერტიკალურად ჩადგმული გვერდებაკეცილი კრამიტებითაა ნაგები. სახურავი ორფერდაა. სამარხის ასაგებად გამოყენებული იყო 35 კრამიტი. მიცვალებული დაუკრძალავთ კიდურებმოხილი მარჯვენა გვერდზე, თავით დასავლეთით. სამარხში აღმოჩნდა: ჩალისფრად გამომწვარი თიხის ხელადა, მინის სანელსაცხებლე, რკინის დანა, სამფრთიანი ისრისპირი, ჯაჭვი, ბრინჯაოს ზარაკი, ბურთულა, ფერუმარილის სასრესი ნიჟარა, სარდიონის, ქალცედონის, გიშრისა და სხვ. მძივები, ეგვიპტური ფაიანსის მძივსაკიდი, ძვლის ავგაროზი (2 ც), სირიული პასტის მძივსაკიდი გომბეშოს გამოსახულებით, ავგუსტუსის ვერცხლის დენარი, სპილენძის მონეტა, რკინის ბეჭედი (2 ც), რკინის ბეჭედი, რომლის თვალბუდეში ზის სარდიონი, მასზე ამოკვეთილი ბერძნული ორსტრიქონიანი წარწერით, ქალცედონის ბეჭედი (2 ც), ვერცხლის რგოლი, ოქროს სამწილადი საყურე (სიხარულიძე, 1985: 121-131).
მოგვთაკარის სამაროვნის სამხრეთით გამოვლინდა ნაგებობათა ნაშთები – კედელი – ზღუდე (შემორჩენილი სიმაღლე 1,2 მ, სიგრძე 80 მ, სისქე 1,05 მ), რომლიც სამხრეთით გრძელდება და ებჯინება ქართლის ქედს. კედელი ნაგებია ფლეთილი ქვით და ტალახით. მისგან აღმოსავლეთით აღმოჩნდა ოთხკუთხა ფორმის ნაგებობის ნაშთი (შემორჩენილი სიმაღლე 1, 12 მ, სისქე 0,8 მ). სახლი ნაგებია ფლეთილი და რიყის ქვით. შესასვლელი ჰქონდა ჩრდილოეთიდან. შენობაში აღმოჩნდა: თიხის ხელადებისა და ქოთნების ნატეხები; დანახშირებული ძვლები და ბათქაშის გამომწვარი ნატეხები. სახლის გარეთ იყო ოთხი ქვევრი. ნამოსახალარის ნაშთები III-IV სს-ით დათარიღდა (აფაქიძე ... 1981: 158, 159). მოგვთაკარის სამაროვნისა და ნამოსახლარის მასალა ინახება მცხეთის მუდმივმოქმედი არქეოლოგიური ექსპედიციის ბაზაში.
- ბიბლიოგრაფია: აფაქიძე... 1955: 6, 12; აფაქიძე ... 1980: 132, 133; აფაქიძე... 1981: 119-159; ბერძენიშვილი 1964: 402; კვეზერელი-კოპაძე 1968: 61-65; რჩეულიშვილი 1990: 224-232; სიხარულიძე, აბუთიძე 1980: 505-508; 1985: 109-131; სურგულაძე 1978: 501-504; ქც 1: 29,7; 101,5; 116,12; 145,5; 180,2; ქც 4: 100,21; შატბერდის კრებული 1979: 325, 234, 347.
იხილეთ ლექსიკონის (ფოტოებიანი) ელ-რესურსი, PDF ფაილი
Source: „ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.