კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კოდ კოლ კონ კორ კოხ კოჯ

კოხტა

ციხე (ქც 4: 209,27,30).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 209,27,30; 210,4; 254,19; 279,6,8; 672,7; 667,9,10), ჟამთააღმწერელი (ქც 2:215,1,13; 324,9), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრების“ მეორე ტექსტი (ქც 2: 474,1), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრტიონი 1986: 48). XV-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (ქრონიკები 1897: 221, 222; ქართ. სამართ. ძეგ. 1972: 34; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 127; მასალანი საქ. სტატ. ... 1907: 133, 135), 1403-1414 წწ. სომხურ ხელნაწერთა მინაწერები (სომხურ ხელნაწერთა ... 1978: 121, 138, 151).

ვახუშტი ბაგრატიონი კოხტას შესახებ გადმოგვცემს: „მტკვარს მოერთვის აღმოსავლიდამ კოხტას ხევი ... კოხტას ამ ხევს მოერთვის სხუა ხევი ... ამ ორ ხევს შორის არს ციხე კოხტისა, დიდშენი და მაგარი“ (ქც 4: 667,6-10).

მდებარეობს ასპინძის მუნიც-ში, ასპინძიდან 5 კმ-ის დაშორებით, ჯავახეთისა და სამცხის საზღვარზე, მტკვრის მარჯვენა შენაკად კოხტასხევში.

წყაროებში პირველად იხსენიება XIII ს-ში. 1246 წ. მონღოლთა წინააღმდეგ შეთქმული დიდებულები კოხტასთავს შეიკრიბნენ (ქც 2: 215,1,13). 1310 წ. კოხტასთავს შედგა ქართველ დიდებულთა კრება მცირეწლოვან გიორგი V-ის გასამეფებლად (ქც 2: 324,9). 1414-1415 წწ. კოხტასთავთან მომხდარ ბრძოლაში მეფე ალექსანდრე I-მა (1412-1442) დაამარცხა ივანე ათაბაგი (ქც 2: 474,1; ქრონიკები 1897: 221, 222; ბერძენიშვილი 1985: 109). XVI ს-ში კოხტა ახალციხის ლივის, ასპინძის ნაჰიეში შედიოდა (გურჯისტანის ვილაიეთის ... 1953: 194, 195), XVII ს-ში კოხტა ბარათაშვილებს ეკუთვნოდა (მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 127). XVIII ს-ში ის დედოფლის სახასო სოფელია (მასალანი საქ. სტატ. ... 1907: 133, 135). ამჟამად კოხტა ნასოფლარია. კოხტასთავი და კოხტას ციხე ერთი და იგივე პუნქტია. ციხე მდებარეობდა თრიალეთიდან ასპინძაში მიმავალ გზაზე (ბერძენიშვილი 1966: 96, 97, 100).

კოხტას ციხე არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

ის მდებარეობს ჭობარეთის ქედის კლდოვან ქიმზე. ციხეს უჭირავს 260 კვ მ ფართობი. გეგმით სწორკუთხაა. გალავანი 10 მ სიმაღლისაა. ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში დგას ოთხსართულიანი, კვადრატული გეგმის კოშკი (8X7,7 მ). ნაგებია ფლეთილი ქვით დუღაბზე. კოშკს კარი აქვს მე-4 სართულზე. ფანჯრები მხოლოდ მეორე და მეოთხე სართულზეა. ეზოს მხრიდან კოშკის სიმაღლე შენარჩუნებულია 16,1 მ-მდე. პირველი სართულის კედლის სისქე 2,3-1,9 მ-ია. სხვა სართულებზე კედლები შედარებით ვიწროა. კოშკს სამხრეთით მიდგმული ჰქონია დარბაზული ტიპის ეკლესია (12X4,4 მ). ამჟამად, კოშკიცა და ეკლესიაც დანგრეულია (მელითაური 1971: 46-48; ზაქარაია 1977: 52; ბოჭორიძე 1992: 21).
 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 48; ბერძენიშვილი 1985: 70, 100, 106, 109; ბერძენიშვილი 1966: 96, 97, 98, 100, 103; 1990: 296, 608; ბოჭორიძე 1992: 21, 263; გურჯისტანის ვილაიეთის ... 1953: 195; ზაქარაია 1977: 52; ლორთქიფანიძე 1938: 321; მაკალათია 1938: 49; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 127; მასალანი საქ. სტატ. ... 1907: 133, 135; მელითაური 1972: 46-48; სამხ. საქ. ისტ. 1961: 87; სომხურ ხელნაწერთა ... 1978: 121, 138, 151; ქართ. სამართ. ძეგ. 1972: 34; ქრონიკები 1897: 221, 222; ქც 2: 215,1,13; 324,9; 474,1; ქც 4: 209,27,30; 210,4; 254,19; 279,6,8; 672,7; 667,9,10.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9