კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კუე კულ კუმ

კუეტერა 

ციხე (ქც 4: 549,13-16).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყარეობში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4:532,7; 549,13-16,23; 561,11), „მატიანე ქართლისა“ (ქც 1: 306,5), 1775 წ. ისტორიული საბუთი (ქართ. სამართ. ძეგ. 1981: 316).

ვახუშტი ბაგრატიონი კვეტერის ციხის შესახებ გადმოგვცემს: „ახმეტის ხევს ზეით ერთვის ალაზანს უტოს ხევი, გამომდინარე კახეთის მთისა და მარილის – პანკისის შუათის მთის, მომდინარე კუეტერის ციხემდე ჩდილოდამ სამხრით, მერმე დასავლიდამ აღმოსავლეთად. ამ ხევს კუეტერის ციხესთან მოერთვის სხუა ხევი... ამ ორს ხევს შორის არს ციხე კუეტერისა, ფრიად მაგარი და დიდშენი“ (ქც 4: 549,10-16).

მდებარეობს ახმეტის მუნიც-ში, მდ. ილტოს ნაპირზე, ახმეტა-თიანეთის დამაკავშირებელ მაგისტრალთან.

კვეტერის დაწინაურებას დიდად შეუწყო ხელი ხელსაყრელმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ. მასზე გადიოდა კახეთ-თიანეთის დამაკავშირებელი უმოკლესი და უმნიშვნელოვანესი გზები. ციხე კონტროლს უწევდა ივრის ხეობის ზემო წელის მთიანეთს, ილტოს ხეობასა და ხეობის წინ გაშლილ ველს (მუსხელიშვილი 1980: 100). კახეთის მეფე კვირიკე III-მ (1010-1037) გაატარა რა ადმინისტრაციული რეფორმები, ერთ-ერთი ერისთავი დასვა კვეტერაში და დაუმორჩილა მას ერწო-თიანელნი, ფხოველნი, დურძუკნი და ღლიღვნი (ქც 4: 561,10,11). ბაგრატ IV-მ (1027-1072) XI ს-ის 40-იან წლებში შემოიერთა კახეთ-ჰერეთი, მაგრამ კვეტერის ციხის აღება ვერ შეძლო (ქც 1: 306,4-6). XIII ს-ის შემდეგ, მონღოლთა დაპყრობისა და თემურ-ლენგის შემოსევების შედეგად, კვეტერის ციხეზე ცხოვრების ინტენსიური კვალი ქრება (ლომთათიძე, რამიშვილი 1969: 30; მინდორაშვილი 2010). XVI ს-ში აქ ცხოვრება კვლავ გამოცოცხლებულა, თუმცა ადრინდელი მასშტაბებისათვის ვეღარ მიუღწევია.

1968 წ. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის კახეთის შუა საუკუნეების არქეოლოგიური ექსპედიციამ (ხელმძღ. გ. ლომთათიძე) შეისწავლა კვეტერის ციხის ტერიტორია (ლომთათიძე, რამიშვილი 1969: 29, 30). იმავე პერიოდში სპეციალურმა სამეცნიერო-სარესტავრაციო სახელოსნომ (არქიტ. ო. თორთლაძე) კვეტერის ციხეზე დაიწყო სარესტავრაციო სამუშაოები, რომლებიც რამდენიმე წელს გაგრძელდა.

მაღალ მთაზე აღმართული ციხის ტერიტორია შემოსაზღვრულია რიყისა და კლდის ფლეთილი ქვებით კირხსნარზე ნაგები გალავნით, რომელშიც ჩაშენებულია კონტრფორსები, მრგვალი და ოთხკუთხა კოშკები. ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ყველაზე მაღალ ადგილზე შიდა ციხის ნანგრევებია სასახლითა და ეკლესიით. გათხრები რამდენიმე უბანზე წარმოებდა: სასახლეში, შიდა ციხის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხესთან, ეკლესიასთან, წყალსაცავთან, რვაწახნაგა კოშკსა და ჭიშკართან.

ციხის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში გამოვლინდა ადრე შუა საუკუნეების დარბაზული ეკლესიის ნაშთი, რომლის აფსიდაზე დაშენებული იყო ზღუდის კედელი. ეკლესია გათხრების შედეგად აღმოჩენილი ყველაზე ადრეული ნაგებობაა (ლომთათიძე, რამიშვილი 1969: 29).

ორსართულიანი სასახლე გეგმით წაგრძელებული სწორკუხედია (16,5X9,2 მ). ნაგებია რიყისა და კლდის ფლეთილი ქვებით კირხსნარზე. შესასვლელი სამხრეთიდანაა. სასახლის შიდა სივრცე დაუნაწევრებელია. პირველი სართულის სამხრეთ და დასავლეთ კედლებში შიგნიდან გარეთ მკვეთრად დავიწროებული თითო სარკმელია, ჩრდილოეთ კედელში – ფართო თაღოვანი ბუხარი. სართულებს შორის გადებული ყოფილა ხის ძელები. მეორე სართულზე შესასვლელი სამხრეთი კედლის აღმოსავლეთ კიდეშია. განივ კედლებში ორ-ორი, ხოლო სამხრეთ კედელში სამი ფართო და მაღალი თაღოვანი სარკმელია. შესასვლელს ჰქონია სწორკუთხა ბაქანი, რომელიც ამავე დროს პირველი სართულის კარიბჭის გადახურვაც იყო. ბაქანზე შემორჩენილია ასასვლელი კიბის კვალი. მეორე სართულის დარბაზის მცირე კარი ჩრდილოეთითაცაა. ორფერდა სახურავი კრამიტით ყოფილა დახურული. სასახლის გათხრებისას მრავლად აღმოჩნდა განვითარებული და გვიანი შუა საუკუნეების არქეოლოგიური მასალა, უმეტესად კერამიკა. სასახლე X ს-ზე ადრეულ ნაგებობადაა მიჩნეული (ჩუბინაშვილი 1959: 546; მუსხელიშვილი 1980: 102). სხვა მოსაზრებით ის თარიღდება XI ს-ის დასაწყისით (ვაჩნაძე 1989ა: 45). სასახლის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში ჩაშენებულია სწორკუთხა კოშკი (6X5 მ), რომლისგანაც შემორჩენილია ორი სართული. პირველ სართულზე შესასვლელი სამხრეთიდანაა. სასახლეს ჩრდილოეთიდან ეკვრის ერთსართულიანი დამხმარე ნაგებობა, რომელიც შედგება ორი მოზრდილი სწორკუთხა ოთახისაგან.

გუმბათიანი ეკლესია (10,5X9,8 მ) მდებარეობს შიდა ციხის ცენტრში. ფასადი და ინტერიერი მოპირკეთებულია შირიმის ქვათლილებით. ეკლესიის ოთხივე მკლავი ბოლოვდება ნახევარწრიული აფსიდებით. ოთხივე აფსიდის წინ ბემაა. შესასვლელები სამხრეთ და დასავლეთ აფსიდებშია. ორივე კარი გარედან სწორკუთხაა, შიგნიდან თაღოვანი. საკურთხეველში სამი თანაბარი სიმაღლის თაღოვანი სარკმელია. დანარჩენ აფსიდებში და მკლავებს შორის მოქცეულ ნიშებში – თითო. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის ყელის წრეზე გადასვლა განხორციელებულია სხვადასხვა სიბრტყეში მდებარე თაღების სისტემით. გუმბათს აქვს ექვსი თაღოვანი სარკმელი. აფსიდის ოთხივე შვერილი მოქცეულია ხუთწახნაგოვან აბრისში. აფსიდათა შორისი ნიშების გეგმა გარედანაც შიდა მოხაზულობას იმეორებს. ყველა ნიშს დამოუკიდებელი გადახურვა აქვს. ხოლო შვერილების წიბოებს მთელ სიმაღლეზე გასდევს ნახევარწრიული თაღებით დასრულებული სამი ლილვისაგან შედგენილი კონა. სარკმლების მოჩარჩოების ქვემოთ თითო შეწყვილებული ლილვის კონაა. გუმბათის ყელზე 12 ნახევარწრიული თაღია, რომლებიც ეყრდნობა შეწყვილებულ ნახევარსვეტებს. ეკლესიისა და გუმბათის ყელის ლავგარდანის პროფილს ორ ლილვს შორის მოქცეული ირიბი სიბრტყე ქმნის. ეკლესია გადახურულია ცისფრად მოჭიქული ღარიანი და ბრტყელი კრამიტით. ეკლესია თარიღდება X ს-ის პირველი ნახევრით (ჩუბინაშვილი 1959: 415). ეკლესიის გარშემო თხრისას ძირითადად გამოვლინდა ღარიანი და ბრტყელი კრამიტები (ლომთათიძე, რამიშვილი 1969: 29, 30).

შიდა ციხის წყალსაცავი მოზრდილი ნაგებობაა (6X3,4X83,5 მ), შუაში ქვევრისძირისებური ღრმულით. წყალსაცავის გათხრებისას მრავლად ჩნდებოდა განვითარებული და გვიანი შუა საუკუნეების სადა და მოჭიქული კერამიკა. გათხრები შეეხო ქვემო კარიბჭეს, იქვე მდგომ რვაწახნაგოვან ხვეულკიბიან კოშკსა და მათ მიმდებარე ფართობს, სადაც განვითარებული შუა საუკუნეების კერამიკასთან ერთად აღმოჩნდა სპილენძის მონეტაც. ეკლესიის აღმოსავ-ლეთითა და კარიბჭესთან შესწავლილია გვიანი შუა საუკუნეების უინვენტარო ქვის სამარხები (ლომთათიძე, რამიშვილი 1969: 29, 30).

კვეტერის განათხარი მასალის უდიდესი ნაწილი მოუჭიქავი და მოჭიქული კერამიკაა. მცირერიცხოვანია ფაიანსის ჭურჭელი, მინის, ლითონის, ქვისა და ძვლის ნივთები. მოუჭიქავ ნაწარმში გამოიყოფა სამეურნეო, სამზარეულო, სუფრის, სამშენებლო და სხვადასხვა დანიშნულების კერამიკა. სამეურნეოს მიეკუთვნება: თონეები, ქვევრები, დერგები, სადღვებელი. თონეების შიდაპირი შემკულია ამოღარული კონცენტრული ხაზებით, წრეებითა და ნახევარწრეებით. ქვევრები ხასიათდება მომაღლო ყელით, უფრო მრავალრიცხოვანი ქვევრები მასიური სამკუთხაგანივკვეთიანი პირითა და დაბალი ყელით. ჭურჭელი ბრტყელძირაა. გვხვდება ქვევრები კონოსური მოყვანილობის ქუსლითა და ბრტყელი ძირით. განათხარ კერამიკაში წარმოდგენილია დერგები და ფართო ნახვრეტის მქონე სადღვებლის ნატეხი (მინდორაშვილი 2007: 90-108).

სამზარეულო კერამიკას მიეკუთვნება: კოკები, კეცები, ქოთნები, ქვაბქოთნები, ქილები, ბადიები, ტაფები, ჯამები, საწური. კოკები დიდი ზომისაა. აქვს მრგვალი ან სამტუჩა პირი. ზოგიერთი კოკა ანგობირებულია და შემკულია წნევით დატანილი ზოლებით. რამდენიმე მათგანს ყურები შემკული აქვს რელიეფური შვერილებით. განათხარ კერამიკაში მრავლადაა სხვადასხვა ზომის კეცი. უმეტესობა სადაა. ნაწილი შემკულია პირზე შემოვლებული ნაჭდევებითა და ფსკერზე გამოსახული ჯვრებით. ერთ მათგანზე გამოწვამდე ამოკაწრულია ორი ქართული ასომთავრული ნიშანი. სამზარეული კერამიკის ყველაზე მრავალრიცხოვანი ჯგუფია ქოთნები, რომელთაც აქვთ ოდნავ გაშლილი პირი და დაბალი ყელი. გვხვდება ქოთნები ტუჩიანი პირით. ზოგიერთ ქოთანს მხარზე აქვს მოკლე და ფართო მილი. ქვაბქოთნები ხასიათდება გაშლილი ან მოყრილი პირით, განზიდული მხრებითა და ძირისაკენ მკვეთრად დაქანებული კალთით. მხარზე დაძერწილი აქვთ ზემოთ აწეული სამკუთხა მოყვანილობის ბრტყელგანივკვეთიანი ყურები. ქოთნებისაგან განსხვავებით, ისინი უფრო მრავალფეროვანი ორნამენტითაა შემკული. ქილები პირგადაშლილია, მაღალი ან დაბალი ყელითა და ვიწრო მხრებით. ბადიები ხასიათდება ფართოდ გაშლილი ტუჩიანი პირით, მკვეთრად დაქანებული კალთით. ტუჩის ორივე მხარეს დაძერწილი აქვთ კოპები. კალთა შემკულია რელიეფური სარტყლებითა და მორგვისეული ხაზებით. გვხვდება სადა, უორნამენტო ნიმუშებიც. ტაფებს შორის გვხვდება ყურიანი და მოგრძო სახელურის მქონე ნიმუშები. სამზარეულო კერამიკას მიეკუთვნება ყურიანი ჯამები, მომრგვალებული ბაკოთი და გაშლილი ტუჩიანი პირით. სამზარეულო კერამიკის ჯგუფში გამოირჩევა ხელით ნაძერწი საწური (მინდორაშვილი 2007: 90-108).

სუფრის ჭურჭელი გამოიყოფა ხელადები, ჯამები, თხელკედლიანი სასმისები. ხელადებიდან ნაწილი მრგვალპირიანია, სამტუჩა ან ტუჩაზნექილი. ერთ მათგანს ყელის შიდა ნაწილზე აქვს საწური. გვხვდება სამფეხა ძირის მქონე ხელადაც. გათხრებისას აღმოჩენილია მილიანი ხელადებიც. ხელადების ნაწილი ანგობირებული და ნაპრიალებია. შემკულია ამოღარული მოკლე ხაზებით, კოპებით, რელიეფური ხვიებით, მორგვისეული ხაზებით, წნევით დატანილი ზოლებით. იშვიათია მოხატული ნიმუშები. ჯამები სწორპირიანია. მხრები კალთისაგან მკვეთრადაა გამოყოფილი. გვხვდება პირმოყრილი, ოვალურმხრებიანი ან სწორპირიანი ჯამები ჩაღარული ბაკოთი და აწეული ქიმით. მოჩალისფროდ გამომწვარი თხელკედლიანი სასმისების ოდნავ გაშლილ პირზე დაძერწილია ოვალურგანივკვეთიანი ყური. ძირები ბრტყელია ან შედრეკილი. ზედაპირი შემკულია შიგნიდან დატანილი კოპებითა და კანელურებით (მინდორაშვილი 2007: 90-108).

სხვადასხვა დანიშნულების კერამიკიდან აღსანიშნავია ოთხსაპატრუქიანი და მილიანი ჭრაქები. სამეთუნეო წარმოებასთან დაკავშირებული ნივთებიდან გვხვდება თიხის სოლები. ზოგიერთ მათგანზე შემორჩენილია სოსნისფერი და მწვანე ჭიქურის კვალი.

სამშენებლო კერამიკა წარმოდგენილია კრამიტებით, აგურითა და წყალსადენის მილებით. კრამიტები ორგვარია: ღარიანი და ბრტყელი. ბრტყელი კრამიტები ნაკლებად ტრაპეციულია. ვიწრო თავთან მცირედ ამოჭრილი მუხლით. აკეცილი გვერდები დაბალია, ბოლოში აქვს გარდიგარდმო „ღობე“. ზოგი მათგანის ბოლოში დაძერწილია საბჯენი შვერილები. ორი კრამიტი შემკულია ჯვრის რელიეფური გამოსახულებით. ღარიანი კრამიტების გარკვეულ ნაწილს ვიწრო თავთან დაძერწილი აქვთ საბჯენი შვერილები. წყალსადენის მილებს ტანზე შემოუყვება ამოღარული სარტყლები.

განათხარ მასალაში დიდი რაოდენობით გვხვდება მოჭიქული კერამიკა. მათი უმრავლესობა ჯამებია, რომელთა შორის აღსანიშნავია ამოკაწვრით მოხატული და ერთფრად (მწვანედ, ცისფრად, სოსნისფრად) მოჭიქული ჯამები; მოვარდისფრო ანგობით დაფარული, ამოკაწვრით მოხატული და ფერადი ლაქებით შემკული ჯამები. აგრეთვე ანგობით მოხატული და მწვანედ მოჭიქული ჯამები. მრავალფრად მოჭიქული კერამიკიდან აღსანიშნავია გეომეტრიული (ფერადი სამკუთხედებით, ოთხკუთხედებით, მრავალკუთხედებით) და მცენარეულ-გეომეტრიული ორნამენტით შემკული ჯამები. გათხრებისას აღმოჩენილია რადიალური ხაზებით შემკული ჯამები. ზოგიერთ მათგანზე წარმოდგენილია „გ“-ს მსგავსი ამოკაწრული ორნამენტი. ჭურჭლის გარკვეულ ნაწილზე ამოკაწრულია ყვითელი და მწვანე ჯვრები. ჯამებზე ხშირად ამოკაწრულია ფრინველები, რომლებშიც გაირჩევა ბეღურის, მტრედის, იხვის, შევარდენის, ყანჩას გამოსახულებები. ჭურჭლის ნატეხებზე შემორჩენილია ჩლიქოსანი და მტაცებელი ცხოველების ფრაგმენტები. ერთ-ერთ ჯამზე ხვადი ლომია წარმოდგენილი. სამი ერთეულია ქალის გამოსახულებით შემკული მრავალფრად მოჭიქული ჯამები. მრავლადაა აღმოჩენილი ფუნჯით მოხატული ჯამები, რომელთა ფსკერზე წარმოდგენილია გეომეტრიული ორნამენტი თუ ფრინველისა და ცხოველის გამოსახულებები. რეზერვაციის (ამოფხეკის) წესით შემკული ჭურჭელი ერთი ნატეხია. ე. წ. კუფური ორნამენტით შემკული ჯამიც ერთი ცალია. საკმაო რაოდენობით გვხვდება ორმხრივ მოჭიქული ჯამები. მათგან რამდენიმეზე დაძერწილია ყურები. ზოგიერთ ჯამზე ამოკაწრულია ხელოსნისა თუ სახელოსნოს ნიშნები. ჯამების ერთი ნაწილი იმპორტულია (მინდორაშვილი 2010: 30-59).

სხვადასხვა სახის მოჭიქული ჭურჭლიდან ყველაზე მრავალრიცხოვანია სამარილეები, რომელთაგან 1 ცისფრად, 67 მწვანედ, 3 მრავალფრადაა მოჭიქული. სამელნეები 2 ცალია. გვხვდება მწვანედ მოჭიქული მილიანი ჭურჭლის ნატეხები და საყვავილეები. მწვანედ მოჭიქული ნიჟარისებური ჭრაქი ერთია. მოზრდილი ჭურჭლიდან აღსანიშნავია მწვანედ მოჭიქული ხელადის ფრაგმენტები. მათ შორის, ერთი სამფეხა ხელადის ნატეხია. ქილები ცისფრად ან მწვანედ, კოტოშები კი მწვანედაა მოჭიქული (მინდორაშვილი 2010: 58, 59).

მოჭიქული სამშენებლო კერამიკა წარმოდგენილია კრამიტებითა და შორენკეცებით. კრამიტები ბრტყელი და ღარიანია. ბრტყელი კრამიტების მხოლოდ საფასადო მხარეა ცისფრად მოჭიქული. მათ ერთ ნაწილს ფართო ბოლოზე აქვს ორ-ორი შვერილი. მწვანედ მოჭიქული ბრტყელი კრამიტები ცოტაა. ცისფრად მოჭიქული ღარიანი კრამიტების ნაწილს ვიწრო თავთან აქვს ფართო და მოგრძო შვერილი. ზოგიერთი კრამიტის ზურგზე სალურსმნე ნახვრეტია. ამგვარი კრამიტებიდან ერთი სოსნისფრად, რამდენიმე მწვანედ, უმრავლესობა კი ცისფრადაა მოჭიქული. შორენკეცები ცისფრადაა მოჭიქული.

ლითონის ნაწარმიდან აღსანიშნავია: რკინის ცალპირლესული დანები სწორი პირითა და მოხრილი ზურგით, თონიდან პურის ამოსაღები ხელსაწყო ასტამი, რკინის სამართებელი ძვლის ბუდით, ნალები, ლურსმნები და სხვ. მინის ნაწარმში გამოიყოფა სამკაულები და ჭურჭელი. სამკაულების უმრავლესობა ცისფერი, მწვანე, შავი და ლურჯი მინის მრგვალგანივკვეთიანი სადა და გრეხილი სამაჯურებია. ლურჯი მინის ბეჭდის ერთი ნატეხია აღმოჩენილი. განათხარ მასალაში გვხვდება ბრინჯაოს საყურე, რომლის ღეროზე წამოცმულია ოვალური, გამჭვირვალე მინის მძივი. მინის ჭურჭლიდან გვხვდება თხელკედლიანი, მწვანე მინის სასმისების ნატეხები. ქვის ნივთებიდან აღსანიშნავია შურდულისა და სალესავი ქვები. განსაკუთრებით საინტერესოა შავი ფერის (სტეატიტის) ქვის ჭურჭლის პირ-გვერდის ნატეხი, შემკული ამოღარული ხაზებით (მინდორაშვილი 2010: 60-65).

ოსტეოლოგიური მასალა წარმოდგენილია მსხვილფეხა (ძროხა) და წვრილფეხა (ცხვარი, ღორი) საქონლის ძვლებით, გარეული ტახის ეშვებითა და ირმის რქებით. კვეტერის განათხარი მასალა, რომელიც თარიღდება განვითარებული და გვიანი შუა საუკუნეებით, ინახება არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დუშეთის ბაზაზე.

კვეტერაში აღმოჩნდა სპილენძის ორი მონეტა, მანგუ ყაანისა (1251-1259) და აბუ-საიდის (1316-1335) (ღვაბერიძე 1968: 71; აბრამიშვილი 1984: 142). მონეტები ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი).
 
ბიბლიოგრაფია: აბრამიშვილი 1984: 142; ვაჩნაძე 1989ა: 37-45; თაყაიშვილი 1924: ტაბ.80; ლომთათიძე, რამიშვილი 1969: 29, 30; მინდორაშვილი 2007: 90-108; 2010; მუსხელიშვილი 1980: 100, 102, 109; ქართ. სამართ. ძეგ. 1981: 316; ქც 1: 306,5; ქც 4: 532,7; 549,13-16; 561,11; ღვაბერიძე 1968: 71; რამიშვილი, ჯორბენაძე 1985: 37, 38; ჩუბინაშვილი 1959: 411-415, 519-521, 543-546.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9