კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კუე კულ კუმ

კუმურდო


(ქც 4: 670,15, სქ. 2). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 670,15, სქ. 2), ქართული ისტორიული საბუთები (ქრონიკები 1897: 315; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 48, 400), გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი (გურჯისტანის ვილაიეთის ... 1958: 168, 261, 309, 314, 316, 317, 329, 367).

ვახუშტი ბაგრატიონი კუმურდოს შესახებ გადმოგვცემს: „წუნას ზეით, ხრამის თავს, მინდორზედ, სამხრით კერძოდ, არს კუმურდოს ეკლესია, გუმბათიანი, ფრიად დიდშენი, შუენიერად ნაშენი, რომელი აღაშენეს კონსტანტინეს მოგზავნილთა ჟამსა მირიანისასა. იჯდა ეპისკოპოზი, მწყემსი სრულიად ჯავახეთისა, ხერთვისს ზეითისა“ (ქც 4: 670,14-18).

მდებარეობს ახალქალაქის მუნიც-ში, ახალქალაქიდან 12 კმ-ის დაშორებით, მაღალ პლატოზე.

კუმურდოს ეკლესია არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

კუმურდოს გუმბათიანი ეკლესია აგებულია 964 წელს. XI ს-ში მეფე ბაგრატ IV-ის (1027-1072) დროს, სამხრეთიდან ეკლესიას მიაშენეს ღია ეკვდერი, რომელიც მოგვიანებით ამოქოლეს. XVI ს-ში ეკლესიის შენობა გადააკეთეს. შემდგომში ტაძარი ძლიერ დაზიანდა, შესაძლოა მიწისძვრისაგან, ჩამოინგრა გუმბათი. ეკლესიის დასავლეთი მხარე გვიან ხანაში რიყის ქვით არის ჩაშენებული. დასავლეთის მკლავი ბოძებით სამ ნავად იყოფა. ეკლესია გეგმით წაგრძელებული სწორკუთხედია. ეკლესია მოპირკეთებულია მოვარდისფრო თლილი ქვის პერანგით. აქა-იქ ჩართულია მუქი წითელი შეფერილობის ქვის ფილები. ფასადებს ამშვენებს სამკუთხა ნიშები და ჩუქურთმა. ინტერიერში, გუმბათის აფრებში აღმოსავლეთით რელიეფურად არიან გამოსახულნი ლეონ მეფე და მისი და გუარანდუხტი, ბაგრატ III-ის (975-1014) დედა. ეკლესიის ზომებია: 29X20X15,3 მ, გუმბათის დმ – 9 მ.

სამხრეთის შესასვლელის თავზე მოთავსებული სამშენებლო წარწერა გვამცნობს, რომ ეკლესია აუგია იოანე ეპისკოპოსს ლეონ მეფის ზეობისას, 964 წელს. სხვა წარწერებში მოხსენიებულია ეკლესიის მუშაკნი და მაშენებელნი. მათგან ზოგი აღაპის დადებასა და ხატების შემკობას გვამცნობს. სამხრეთი სტოას თაღებს ზემოთ ამოკვეთილ წარწერაში მოხსენიებულია ბაგრატ IV, დედამისი მარიამი და მღვდელმთავარი ზოსიმე კუმურდოელი. დასავლეთის შესასვლელთან არსებული წარწერა მოწმობს, რომ ეკლესია XVI ს-ში შეუკეთებიათ და გადაუკეთებიათ.
 
ბიბლიოგრაფია: ბერიძე 1964: 26, 27; 1974: 49, 50, 129, 130; გურჯისტანის ვილაიეთის ... 1958: 168, 261, 309, 314, 316, 317, 329, 367; თაყაიშვილი 1909: 35-44; ქც 4: 670,15, სქ. 2.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9