კრკონი, მონასტერი (ქც 4: 341,19,20).
იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 341,19,20; 342,1; 470,29; 471,26; 473,21), XIII, XVI-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (ქრონიკები 1897: 133, 137, 140, 142-145, 149; ქართ. სამართ. ძეგ. 1966: 57-68; 1970: 701; 1972: 38,39; ქართ. ისტ. საბუთ. კორ. 1984: 146; მასალები საქ. ეკ. ისტ. 1955: 39; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1953: 42; მასალების საქ. ისტ. გეოგ. 1964: 127, 128), „დასტურლამალი“ (ქართ. სამართ. ძეგ. 1966: 279), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 31).
რკონის შესახებ ვახუშტი ბაგრატიონი გადმოგვცემს: „ზემოთ თეძმის მდინარესა ზედა, არს კრკონს მონასტერი გუმბათიანი, ფრიად მაგარსა და შეუვალს ადგილს. აქა არს ლითონი ბრპენისა მრავალი, იტყვიან ვერცხლსაცა. ზის წინამძღვარი“ (ქც 4: 341,20-23).
მდებარეობს კასპის მუნიც-ში, მდ. თეძმის მარჯვენა ნაპირზე, ნასოფლარ რკონის ტერიტორიაზე.
1259-1260 წწ. მეჭურჭლეთუხუცესმა კახა თორელმა შეიძინა სოფ. ხოვლე და რკონის მონასტერს შესწირა (ქართ. ისტ. საბუთ. კორ. 1984: 146). 1400 წ. თემურ-ლენგის ჯარებმა დაარბიეს რკონის ეკლესია-მონასტრები. XVII ს-ის ბოლოს რკონში იდგა ქართლის მეფე გიორგი XI (1676-1688; 1703-1709) ოჯახით და ებრძოდა ტახტის მოცილე ერეკლე I-ს (1688-1703). დამარცხებული გიორგი XI რკონიდან გაიქცა და იმერეთს შეაფარა თავი (ქც 4: 470,29, 471,26, 473,21). XVIII ს-ის ბოლოს სოფ. რკონში, ჯავახიშვილების მამულში, მიმდინარეობდა ვერცხლის საბადოების ძიება (სინ 1973: 549). კრკონის სახელწოდებით სოფლები არსებობდა ძამისა და ბალიჭის ხეობებში (ბაგრატიონი1986: 32, 52).
რკონი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
რკონის მონასტრის კომპლექსში, რომელიც მდებარეობს ნასოფლარ რკონის ტერიტორიაზე, შედის ღვთისმშობლის ეკლესია კარიბჭით, ეგვტერი, სამლოცველო, ნათლისმცემლის ეკლესია კარიბჭით, სატრაპეზო, კოშკის სამრეკლო, საცხოვრებელი და სამეურნეო დანიშნულების შენობები და ხიდი. ეკლესიებსა და სამრეკლოს გალავანი ჰქონდა შემოვლებული.
ღვთისმშობლის ეკლესია (18,2X12,1 მ) სამნავიანი ბაზილიკაა. თარიღდება VII ს-ის მეორე მეოთხედით. შესასვლელი აქვს დასავლეთიდან და სამხრეთიდან. ნახევარწრიული აფსიდის გვერდებზე სადიაკვნე და სამკვეთლოა. სამივეს თითო სარკმელი აქვს. მოგვიანებით კედლები მოუხატავთ. ეკლესიისა და სადიაკვნეს მოხატულობა თარიღდება XII ს-ით, სამკვეთლოს მოხატულობა – XVII ს-ით. XVIII ს-ის მეორე ნახევარში ღვთისმშობლის ეკლესიას დასავლეთიდან მიაშენეს კარიბჭე და ეგვტერი. ინტერიერში შემონახულია განვითარებული შუა საუკუნეების მოხატულობის ფრაგმენტები. ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადზე ასომთავრული წარწერაა: „ქ. აქა მოვიდა ლანგდემორ და დააქცივნა ეკლესიანი და რკონიცა დააქცია“. ეკლესიაზე სამხრეთიდან მიშენებულია დარბაზული ეკლესია-სამლოცველო (5,8X3,6 მ). აგებულია XIII ს-ის მეორე ნახევარში. აქვს ნახევარწრიული აფსიდა. მოხატულობის ფრაგმენტები თარიღდება XIII-XIV სს-ით.
ნათლისმცემლის XIII-XIV სს-ის მიჯნის დარბაზული (7,3X4,3 მ) ეკლესია დგას ღვთისმშობლის ეკლესიის სამხრეთით, რამდენიმე მეტრზე. ნაგებია თლილი და ფლეთილი ქვით. შესასვლელი დასავლეთიდანაა. ნახევარწრიულ აფსიდში და დასავლეთ კედელში თითო სარკმელია, სამხრეთისაში – ორი. მოგვიანებით ეკლესიისათვის დასავლეთიდან კარიბჭე (4,8X4,8 მ) მიუშენებიათ.
სატრაპეზო (5,2X16,6 მ) დგას ღვთისმშობლის ეკლესიის ჩრდილო-დასვლეთით 10 მ-ის დაშორებით. თარიღდება XIII-XIV სს-ის მიჯნით. ნაგებია ფლეთილი ქვით. XVII-XVIII სს-ის სამრეკლო დგას ღვთისმშობლის ეკლესიის ჩრდილო-დასავლეთით ორიოდე მეტრზე.
გვიანი შუა საუკუნეების კოშკი მდებარეობს სატრაპეზოს სამხრეთ-დასავლეთით, 40 მ-ის დაშორებით. ნაგებია ფლეთილი ქვით. შემორჩენილია სამი სართულის კედლები. სამონასტრო კომპლექსში შემავალი სამეურნეო და საცხოვრებელი დანიშნულების ნაგებობები ძლიერ დაზიანებულია (სძა 1990: 184-188).
მდ. თეძამზე გადებული XII-XIII სს-ის ერთმალიანი ხიდი (12,5 მ) მდებარეობს სამონასტრო კომპლექსის ჩრდილო-დასავლეთით 500 მ-ის დაშორებით. ნაგებია ფლეთილი ქვით დუღაბზე. ხიდზე გადიოდა გზა, რომელიც შიდა ქართლს თრიალეთთან და ჯავახეთთან აკავშირებდა (კვეზერელი-კოპაძე 1972: 24-26).
რკონის ციხის კომპლექსი მდებარეობს სამონასტრო კომპლექსიდან ჩრდილოეთით 1,5 კმ-ის დაშორებით, მდ. თეძმის ხეობაში, მთის ფერდობზე. სამხრეთიდან ჩამოუდის მდ. თეძამი, ჩრდილოეთიდან – უსახელო ხევი. ციხე თარიღდება XVIII ს-ის შუა წლებით. ნაგებია ფლეთილი ქვით. კომპლექსში შედის: ეკლესია, კოშკი, სასახლე, რომლებიც კონტრფორსებიანი გალავნითაა გარშემორტყმული. მოშორებით დგას სადაზვერვო კოშკი.
XIII ს-ის ეკლესია დარბაზულია. შესასვლელი სამხრეთიდანაა. ნახევარწრიულ აფსიდში, სამხრეთისა და დასავლეთის კედლებში თითო სარკმელია. ინტერიერში შემორჩენილია XIII ს-ის მეორე ნახევრის მოხატულობის ფრაგმენტები. კოშკი დგას გალავნის სამხრეთ-აღმოსავლეთით, კუთხეში. სასახლე სამსართულიანი ყოფილა. სადაზვერვო კოშკი დგას ციხის დასავლეთით, მთის წვერზე. გეგმით კვადრატულია. შემორჩენილია სამი სართული (სძა 1990: 189).
სამოჭალოს წმინდა გიორგის დარბაზული (8,5X5,4 მ) ეკლესია დგას რკონის სამონასტრო კომპლექსის აღმოსავლეთით, 2 კმ-ის დაშორებით, ნასოფლარ სამოჭალოს ტერიტორიაზე. ნაგებია ფლეთილი ქვით. ნახევარწრიულ აფსიდასა და სამხრეთის კედელში თითო სარკმელია. შესასვლელი სამხრეთიდანაა. თარიღდება განვითარებული შუა საუკუნეებით. ინტერიერში შემონახულია XII ს-ის დასასრულის მოხატულობის ფრაგმენტები (სძა 1990: 189, 190).
სვიმეონ მესვეტის სავანე მდებარეობს რკონის მონასტრის სამხრეთ-დასავლეთით 400 მ-ის დაშორებით, მთის ფერდობზე. ნაგებობა (5,6X3,8 მ) სამსართულიანია. ნაშენია რიყისა და ფლეთილი ქვით. პირველ სართულზე ჭა იყო ამოჭრილი; მეორე სართული საცხოვრებელია; მესამე სართული სამლოცველოა, რომელსაც აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდა აქვს. ინტერიერში შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები. სავანე და მოხატულობა თარიღდება გვიანი შუა საუკუნეებით (სძა 1990: 190).
- ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 31; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1953: 42; კვეზერელი-კოპაძე 1972: 24-26; მაკალათია 1959: 28-34; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 127, 128; მასალები საქ. ეკ. ისტ. 1955: 39; სძა 1990: 189, 190; ქართ. ისტ. საბუთ. კორ. 1984: 146; ქართ. სამართ. ძეგ. 1966: 57-68; 1970: 701; 1972: 38, 39; ქრონიკები 1897: 133, 137, 140, 142-145, 149; ქც 4: 341,19,20; 342,1; 470,29; 471,26; 473,21; შევიაკოვა 1983: 119; ჩუბინაშვილი 1936: 198-203; ჯავახიშვილი 1979: 134; 1982: 204.
იხილეთ ლექსიკონის (ფოტოებიანი) ელ-რესურსი, PDF ფაილი
Source: „ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.