ლა ლე ლი ლო ლუ
ლაგ ლალ ლან ლარ ლას ლაშ

ლანჩქუთი 

ლანჩხუთი, (ქც 4: 790,2; 827,5, 9).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 790,2; 827,5, 9), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრების“ პირველი ტექსტი (ქც 2: 419,26, 27), XVII-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 481, 733), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 313).

ვახუშტი ბაგრატიონი ლანჩხუთის შესახებ გადმოგვცემს: „ფოთის აღმოსავლით, რიონის კიდესა ზედა არს ლანჩქუთი. ამ ლანჩქუთის სამხრით წარმოვალს მთა საჯავახოს“ (ქც 4: 790,1-3).

მდებარეობს ახლანდელი ქალაქ ლანჩხუთის ტერიტორიაზე.

წყაროებში პირველად იხსნიება XVII ს-ში. გურიელის შვილის კათოლიკოს მალაქიას მოლაშქრეთა რიგებში ლანჩხუთის მცხოვრებნიც შედიოდნენ (ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 481). XVII ს-ის პირველ ნახევარში ლევან დადიანი ლანჩხუთში თავს დაესხა გურიის მთავარს – სიმონს, რომელმაც მოკლა თავისი მამა და თვითონ გამთავრდა. ლევანმა სიმონი შეიპყრო და მისი ცოლ-შვილი სამეგრელოში წაიყვანა (ქც 2: 419,26, 27; ქც 4: 827,5, 9). XVIII ს-ის დასასრულს მცირეწლოვან მამია V გურიელის დროს დიდგვაროვნებმა გურიის ციხეები, მათ შორის, ლანჩხუთის ციხეც დაისაკუთრეს. 1804 წ. მამია გურიელის მეურვემ ქაიხოსრომ სხვა ციხეებთან ერთად ლანჩუხთის ციხეც გამოიხსნა და ლანჩხუთის მოურავობა თავის სიძეს – ალექსანდრე მაჭუტაძეს გადასცა (ჩხატარაიშვილი 1985: 16).

ლანჩხუთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, 10 კმ-ის დაშორებით, მდ. სუფსის მარჯვენა ტერასაზე, სოფ. მამათში, 1960-1963 წწ. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის ინსტიტუტის შავიზღვისპირეთის ქვის ხანის არქეოლოგიური ექსპედიციის ნეოლითური რაზმის მიერ (ხელმძღ. ლ. ნებიერიძე), გაითხარა ნეოლითური ხანის, ე. წ. ოდიშის ტიპის ძეგლი, რომელშიც აღმოჩნდა: კაჟის საფხეკები, საჭრისები, სახვრეტები, ორფერდა დამუშავებული ტრაპეციები, ნუკლეუსები და სხვ., რიყის ქვის იარაღები: გახეხილ-გაპრიალებული ცულის ნაწილები, სახეხ-სასრესები, შურდულის ქვები, სალესები და თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები (ნებიერიძე 1961: 11-13; 1966: 65).

ლანჩხუთიდან ჩრდილო-დასავლეთით, 3 კმ-ის დაშორებით, მდ. ლაშიფსუს მარცხენა ნაპირზე, ჭოლიპას ტბის ამომშრალ ფსკერზე, ადგილ „ჯიგორფშაზე“ დაზვერვითი სამუშაოების შედეგად გამოვლინდა ადრებრინჯაოს ხანის ნამოსახლარი („ჭოლიპას ნამოსახლარი“), სადაც აღმოჩნდა მონაცრისფროდ ან ლეგა-ყავისფრად გამომწვარი, კოპისებური დანაძერწებით შემკული დერგის, ქილის, სასმისებისა და ჯამების ნატეხები (სადრაძე, ძნელაძე ... 1996: 24, 25). მასალა ინახება ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.

ლანჩხუთიდან აღმოსავლეთით, 2 კმ-ის დაშორებით სოფ. შუხუთში რომაული აბანოს ჩრდილოეთით, ერთ-ერთ ეზოში, აღმოჩნდა განძი, რომელიც შედგებოდა: ბრინჯაოს 12 კოლხური და 1 ბრტყელი ცულისაგან, შუბისპირისა და სატევრისაგნ. განძი ძვ. წ. I ათასწ. დათარიღდა (სადრაძე, ძნელაძე ... 1996: 25). მასალა ინახება ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.

სოფ. ქვემო შუხუთის თავზე, ნაციხვარის ჩრდილო-აღმოსავლეთით, დაახ. 150 მ დაშორებით, გამოვლინდა რკინის ფართო ათვისების ხანის ნამოსახლარის ნაშთები, რომელშიც აღმოჩნდა: კანელურებით შემკული ქვევრისა და დერგის, აგრეთვე სხვადასხვა ტიპის თიხის ჭურჭლის ნატეხები (სადრაძე, ძნელაძე ... 1996: 31).

ლანჩხუთის დასავლეთით, 3 კმ-ის დაშორებით, სოფ. გვიმბრალაურში, 1991-1994 წწ. არქეოლოგიური კვლევის ცენტრის გურიის არქეოლოგიური ექსპედიციის (ხელმძღ. ვ. სადრაძე) მიერ ჩატარებული დაზვერვითი სამუშაოების შედეგად დადასტურდა გორანამოსახლარი და რკინის სადნობი სახელოსნოები (სადრაძე, ძნელაძე ... 1996: 31).

1961-1962 წწ. ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ (ხელმძღ. პ. ზაქარაია) სოფ. შუხუთში გაითხარა რომაული ტიპის აბანო (17X9 მ), რომელიც დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ წარგძელებულ ხუთსათავსიანი შენობაა. აბანო ნაგები იყო დამუშავებული ბაზალტითა და აგურით. წყობა ნარევია. სათავსები განლაგებულია ანფილადურად. შუაში მოთავსებული იყო გასახდელი ოთახი (2X3,5 მ). ის გასასვლელებით უკავშირდებოდა, ერთი მხრივ, თბილ ოთახს (ტეპიდარიუმს), რომელიც ცხელ აბანოში (კალდარიუმში) გადადიოდა და, მეორე მხრივ, ცივ აბანოს (ფრიგიდიუმს), რომელსაც მოზრდილი საცურაო აუზი ჰქონდა. გასახდელ ოთახს (აპოდიტერიუმს) გეომეტრიული ხაზებით, ჯვრებით, კვადრატებით, რომბებითა და სხვ. ორნამენტით შემკული მოზაიკური იატაკი (2X3,5მ) ჰქონდა. შუხუთის აბანო რომაული მცირე „კასტელუმის“ აბანოების რიგს მიეკუთვნება და IV ს-ის დასასრულით თარიღდება (ზაქარაია, ლექვინაძე 1966: 120-135; 1968: 225-237; ოდიშელი 1995: 27-29; გამყრელიძე 2012: 194-208). მოზაიკა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი).

აბანოს გვერდით გამოვლინდა მისივე თანადროული ორსართულიანი ნაგებობა (შემორჩენილია პირველი სართულის კედლები), რომლებიც დარბაზისა და რამდენიმე ოთახისაგან შედგებოდა. ნაგებობაში აღმოჩნდა: ამფორები, სამზარეულო ჭურჭელი და სხვ. ნაგებობა შესაძლოა დიდებულის ე. წ. „ვილა რუსტიკას“ წარმოადგენდა (ზაქარაია, ლექვინაძე 1966: 120-135; 1968: 225-237).

ლანჩხუთიდან დასავლეთით, 4,5 კმ დაშორებით ,სოფ. ჩიბათში, საკარმიდამო ნაკვეთზე 1958 წ. აღმოჩნდა 122 ბიზანტიური მონეტით სავსე თიხის ქილა. მონეტები კონსტანტინეპოლის ზარაფხანიდანაა გამოსული და სხვადასხვა სახელოსნოებშია მოჭრილი. მონეტები ეკუთვნოდა: ტიბერიუს II-ს (578-582) – 1 ც, მავრიკის (582-602) – 1 ც, ფოკას (610-641) – 106 ც, ირაკლის (610-641) – 14 ც. განძი დაუფლიათ VII ს-ის 20-იან წლებში (აბრამიშვილი 1968: 159-176).
 
ბიბლიოგრაფია: აბრამიშვილი 1968: 159-176; გიულდენშტედტი 1962: 313; დუნდუა 1996: 104, 105; ზაქარაია, ლექვინაძე 1966: 120-135; 1968: 225-237; ნებიერიძე 1961: 11-13; 1996: 64; ოდიშელი 1995: 27-29; სადრაძე, ძნელაძე ... 1996:22-40; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 481, 733; ქც 2:419,26, 27; ქც 4: 790,2; 827,5, 9; ჩხატარაიშვილი 1985: 16; ჭანიშვილი, სადრაძე 1996:47.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9