ლა ლე ლი ლო ლუ
ლაგ ლალ ლან ლარ ლას ლაშ

ლარგვისი 

მონასტერი (ქც 4: 359,27; 360, სქ. 2).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 359,27; 360, სქ. 2), „ძეგლი ერისთავთა“ (ძე 1954: 346, 348, 349, 352, 355), ქართული ისტორიული საბუთები (ქრონიკები 1897: 4, 7, 8, 10, 13, 204, 205, 278-280; საქ. სიძ. 1910: 555-563).

ვახუშტი ბაგრატიონი გადმოგვცემს: „საძეგურის ჩდილოთ არს მონასტერი ლარგვისი, წმიდის თევდორესი, აღმოსავლით უდის კსანი, სამხრით ჭურთის წყალი, უგუმბათო, შემკული ყოვლითა, აწ ხუცის სამარ; აქა ჰყო შანშემ ციხე არამედ ურგებად თვისად“ (ქც 4: 359,27-29, 360,1).

მდებარეობს ახალგორის მუნიც-ში, მდ. ქსნისა და ჭურთის წყლის შესაყართან.

XIV ს-ის დამდეგიდან მონასტერს დიდ დახმარებას უწევდნენ ქსნის ერისთავის ოჯახის წევრები, რომლებიც ქვენიფნეველებად იწოდებოდნენ. შალვა ერისთავმა, ვირშელ I-ის ძემ, შესწირა ლარგვისის მონასტერს საბოძარი და მოჭედა ხატები (ქრონიკები 1897: 7; ძე 1954: 348). მონასტერს დახმარებია მისი ძე ლარგველ II-ც. მისმა ვაჟმა ქვენიფნეველ I-მა (გარდ. 1373 წ.) ააშენა მონასტრის ზღუდე და სამრეკლო. ეკლესიას უბოძა სამკაული და შეკრიბა მღვდელ-მონაზონნი (ქრონიკები 1897: 10; ძე 1954: 352). XIV ს-ში ქსნის ადიდების შედეგად წყალდიდობამ ორჯერ დიდი ზიანი მიაყენა ლარგვისის მონასტერს. ერისთავმა იოვანემ, ქვენიფნეველ I-ის ძმამ, სამ წელიწადში ააშენა ზემო ეკლესია, ბჭე, სამრეკლო და იწყო ეკლესიის მოხატვა (ქრონიკები 1897: 8, 13; ძე 1954: 349, 355). იოვანე ერისთავის მიერ აშენებული ეკლესია დაიქცა 1400 წ. თემურ-ლენგის ლაშქრობისას. ამის შემდეგ აღმშენებლობითი სამუშაოები ჩაატარა ლარგველმა მოღვაწემ გრიგოლ ბანდაისძემ, ავგაროზის ძემ (XV ს.), რომელსაც აუშენებია და თავის ხელით მოუხატავს კარიბჭე. მანვე მოხატა ეკლესია, შეამკო ხატები, მონასტერს შესწირა ხელნაწერები, გამართა სამონასტრო მეურნეობა (ქრონიკები 1897: 204, 205). 1470 წ. შალვა ერისთავმა განაახლა მონასტერი, საძვალე. შემოავლო ზღუდე, რომლის კარზე ააშენა სამრეკლო. ააგო სატრაპეზო. მოახატვინა კამარა. მონასტერს უბოძა დიდი შეწირულობა. წინამძღვრად დაუდგინა გიორგი ჟურული (საქ. სიძ. 1910: 555-561). XVI ს-ში იესე ერისთავმა ლარგვისის მონასტერს უბოძა სოფ. ქურთა და ციხია (საქ. სიძ. 1910: 561-563). 1750 წ. ერისთავმა შანშემ თევდორე ტირონის ხატი შესწირა ამავე სახელობის ლარგვისის ეკლესიას. ვიდრე ქსნის ერისთავთა რეზიდენცია ქვენიფნევი იყო, ერისთავთა საძვალე ლარგვისში ყოფილა. XVI ს-ის 50-იან წლებში უგუმბათო ეკლესია დანგრეულა. ხოლო 1759 წ. ლარგვისში წმინდა თევდორეს ეკლესია ააგო დავით ერისთავმა და მისმა დედამ ქეთევანმა (თაყაიშვილი 1952: 89-91). ეს ფაქტი აღნიშნულია ლარგვისის წმინდა თევდორეს ეკლესიის ღვთისმშობლის ხატის ასომთავრულ წარწერაში (თაყაიშვილი 1952: 95, 96). ეკლესია მთლიანად თავიდან აშენდა და იგი დღესაც კარგადაა შემონახული (ზაქარაია 1981: 273; ბერიძე 1994: 101-107).

ლარგვისის მონასტერი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

ლარგვისის წმინდა თევდორეს ეკლესიის სარესტავრაციო სამუშაოები ჩატარდა 1975 წ. ძეგლთა დაცვის სპეციალური სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანების მიერ (არქიტექტორი გ. ნიკოლაიშვილი).

ეკლესია ცენტრალურ-გუმბათოვან ტიპს განეკუთვნება. ეკლესიის ზომებია დაახლ. 20X12 მ. გეგმით საგრძნობლადაა წაგრძელებული დასავლეთ-აღმოსავლეთის ღერძზე. ოთხივე მკლავი შეისრული ფორმის კამარით არის გადახურული. ტაძარს შესასვლელი აქვს დასავლეთით და სამხრეთით. გუმბათი ეყრდნობა საკურთხევლის კუთხეებსა და ორ სვეტს. საკურთხევლის გვერდებზე ორი ორსართულიანი სათავსო, სადიაკვნე და სამკვეთლოა, ზემოთ სამალავებით. ეს ოთხკუთხა სათავსოები ერთმანეთთან ვიწრო ტალანითაა დაკავშირებული. ეკლესიის კედლები ნაგებია რიყის ქვითა და აგურით (22X22X4 სმ) დუღაბზე. კედლები შელესილი იყო. უკანასკნელ პერიოდში ის კირით შეუთეთრებიათ. საკურთხეველი დარბაზისაგან ხის კანკელით ყოფილა გამოყოფილი. ტაძარი აგებულია ორსაფეხურიან, მარტივპროფილიან ზეძირკველზე. ფასადები სადა კარნიზებითაა დაგვირგვინებული. ისინი რიყექვისაა. უსწორო ზედაპირი შელესილია და შემდეგ კირით შეთეთრებული. კედლების კუთხეები, ზეძირკველი, კარნიზი და კარ-სარკმლების საპირეები თლილი მოყავისფრო კვადრებითაა მოპირკეთებული. დასავლეთის სარკმლის თავზე, მარჯვნივ გამოსახულია ოსტატის მარჯვენა ხელი და სამუშაო იარაღები, ჩაქუჩი და გონიო (ზაქარაია 1956: 47-56).

ლარგვისის ციხე აგებულია მაღალი მთის ფერდობზე. ის ეზოსა და მაღალი გალავანით გამოყოფილი ციტადელისგან შედგება. ეზო თითქმის ორჯერ აღემატება ციტადელის გალავანს. მასში განლაგებულია ჭიშკრიანი კოშკი, ეკლესია და საცხოვრებელი სახლების ნანგრევები. აქ ციტადელი უფრო მაღალია. ციხე გეგმით უწესო მრავალგვერდაა, რომლის კედლები სხვადასხვა სიმაღლისაა. კუთხეებს კოშკები ამაგრებს, კედლებს – ბურჯები. ჭიშკრიან კოშკს კვადრატული ფორმა აქვს. მის ქვედა სართულში კამარით გადახურული გასასვლელია. ზედა სართულის კედლებში სათოფურებია. მთავარი შესასვლელის დაცვას ემსახურებოდა გალავნის გარეთ მდგომი სადარაჯო კოშკი, რომელიც მდინარეთა შეერთების ადგილზე იყო აღმართული.

ციტადელის კოშკისაგან დარჩენილია სამი სართული. ეზოდან 4 მ სიმაღლეზე შესასვლელია. გარედან კოშკი კვადრატულია. შიგნით კი აქვს გეგმით ტოლმკლავა ჯვრის ფორმა, რომლის კუთხეებში სხვადასხვა სადგომია. კოშკი საცხოვრებელი იყო (ზაქარაია 1950: 181)
 
ბიბლიოგრაფია: ბერიძე 1994: 101-107; ზაქარაია 1950: 181; 1956: 47-56; 1973: 111; 1981: 271-281; მენაბდე 1962: 217-221; საქ. სიძ. 1910: 555-563; ქრონიკები 1897: 4, 7, 8, 10, 13, 204, 205, 278-280; ქც 4: 359,27; 360, სქ. 2; ჩუბინაშვილი 1942: 27; ძე 1954: 346, 348, 349, 352, 355.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9