აბ აგ ავ აზ აკ ალ ამ ან არ ას ატ აღ აშ აჩ აწ აჭ ახ აჯ
არა არბ არე არმ არუ არქ არღ არყ არშ არწ

არღუნი


(ქც 4: 505,24). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 505,24), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 34, 28), XVI-XVII სს-ის ისტორიული საბუთები (საქ. ეკ. ისტ. ძეგ. 1967: 133; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 555), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 49, 273).

მდებარეობს დუშეთის მუნიც-ში, დუშეთის ჩრდილო-დასავლეთით 7 კმ-ის დაშორებით, ალევის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, დუშეთის ხევის სათავეში.

არღუნი ქართლის ცხოვრებაში მოიხსენიება მეფე ვახტანგ VI-ის (1716-1724) დროს, ლეკების წინააღმდეგ ბრძოლის ეპიზოდში (ქც 4: 505,24). ვახუშტი ბაგრატიონისეული სოფლების ჩამონათვალში არღუნი ბაზალეთის სოფლების სიაშია (ბაგრატონი 1941: 199, 200). ის წილკნის საეპისკოპოსოში შედიოდა (ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 555); არღუნი ერეკლე II-ის (1744-1798) ძის, ვახტანგის (ალმასხანის) საკუთრებაა (ბაგრატიონი 1986: 34). 1781 წ. აღწერის მიხედვით სოფ. არღუნში 16 კომლი ცხოვრობდა (საქ. ეკ. ისტ. ძეგ. 1967: 133). იოჰან გიულდენშტედტი არაგვის საერისთავოს სოფლების ჩამოთვლისას არღუნსაც ასახელებდა (გიულდენშტედტი 1962: 49). ახალგორიდან ანანურისაკენ მოგზაურობისას მან გაიარა მდ. არყალას გაყოლებით სოფ. არღუნი და ქასისხევი (გიულდენშტედტი 1962: 273). გვიან შუა საუკუნეებში ერთ-ერთი სამიმოსვლო გზა გადიოდა ახალგორი – ძეგლევი – გრემისხევი – ტონჩა – არღუნი – ქაისხევი – ანანურზე (გვრიტიშვილი 1955: 159).

დუშეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაცულია სოფ. არღუნის მიდამოებში 1974 წ. შემთხვევით ნაპოვნი ბრინჯაოს მასრაგახსნილი შუბისპირი (სიგრძე 20,5 სმ) და ბრინჯაოს სატევარი (სიგრძე 17,5 სმ).

1985 წ. სოფლის ტერიტორია შეისწავლა არქეოლოგიური კვლევის ცენტრის აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. რ. რამიშვილი). ძეგლი მდებარეობს სოფლის ჩრდილო-დასავლეთით, ადგილ „მოკლე მიწებზე“. იქ გამოვლინდა ძვ. წ. VI-V სს-ის ნამოსახლარის ნაშთი და სამაროვანი. ნამოსახლარზე ფრაგმენტულადაა შემორჩენილი ფლეთილი ქვით ნაგები შენობათა კედლები. ნამოსახლარზე აღმოჩნდა შავად გამომწვარი ჭურჭლის (ფიალა, სასმისი, ქოთნები) ფრაგმენტები.

ნამოსახლარის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე სამაროვანზე გაითხარა ხუთი ორმოსამარხი. მიცვალებულები დაკრძალულია თავით ჩრდილოეთით ან სამხრეთით, კიდურებმოხრილი; ქალი მარცხენა, კაცი კი მარჯვენა გვერდზე. სამარხებში აღმოჩნდა: შავად გამომწვარი თიხის ჭურჭელი (ჯამები, სასმისები, ხელადები, კოჭობები, ქოთნები); რკინის საბრძოლო იარაღი – მასრაგახსნილი შუბისპირი (მოხრილია), ხიშტისებური იარაღი, დანა; სამკაული – ბრინჯაოს საყურეები, პრიზმულთავიანი საკინძი, ნაჭდევი ორნამენტით შემკული სამაჯურები; მასიური გეომეტრიული სტილის ბალთა, რკინის მასიური ფიბულა ბრინჯაოს ძეწკვით; ვერცხლის ხვიისებური საყურეები, სარდიონისა და ქარვის მძივები, კაურები (რამიშვილი ... 1987: 83; მუხიგულაშვილი 1987: 533). მასალა ინახება არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დუშეთის ბაზაში.

არღუნში იმავე ადგილას, „მოკლე მიწებზე“, ტყეში, დარბაზული ტიპის ეკლესიის ნანგრევებია, რომელიც მიწითაა დაფარული.
 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1941: 199, 200; ბაგრატიონი 1986: 34; გვრიტიშვილი 1955: 159; გიულდენშტედტი 1962: 49, 273; მუხიგულაშვილი 1987: 533; რამიშვილი ... 1987: 74-89; საქ. ეკ. ისტ. ძეგ. 1967: 133; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 555; ქც 4: 505,24.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9