ლა ლე ლი ლო ლუ
ლაგ ლალ ლან ლარ ლას ლაშ

ლაშე

მლაშე, სოფელი (ქც 4: 758,17,სქ.1).

იხსენიება შემდეგ წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4:768,17, სქ. 1). იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 44), XVI-XVII სს-ის ისტორიული საბუთები (დას. საქ. საბ. 1921: 25, 26; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 509), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 309).

ვახუშტი ბაგრატიონი მლაშეს შესახებ გადმოგვცემს: „ხოლო ხარაგაულის ზეით არს, ჩხერიმელაზედ, მლაშე, ჩდილოდ“ (ქც 4: 758,17, სქ. 1).

მდებარეობს ხარაგაულის მუნიც-ის სოფ. ლაშეს ტერიტორიაზე, ხარაგაულიდან ჩრდილოეთით 5 კმ-ზე.

პირველად მოხსენიებულია XV ს-ში (დას. საქ. საბ. 1921:25, 26). XVIII ს-ის მეორე ნახევრის „ქართლ-კახეთის აღწერაში“ ხეფინის ხევის სოფლების სიაშია და მირიან ბატონიშვილის საკუთრებაა (ბაგრატიონი 1986: 44). იოჰან გიულდენშტედტი სოფ. მლაშეს იმერეთის მეფის საკუთრებად მოიხსენიებს (გიულდენშტედტი 1962: 309).

სოფ. ლაშეს ტერიტორიაზე დგას გვიანი შუა საუკუნეების ღვთისმშობლის ეკლესია (აბაშიძისა) და ციხე-დარბაზის ნანგრევები (ბარნაველი 1959: 96).

სოფ. ლაშეს ტერიტორია არქეოლოგიურად შესასწავლია.

მლაშეს სახელწოდებით სოფლები მდებარეობს ადიგენისა და დუშეთის მუნიც-ებში.

ადიგენის მუნიც-ის სოფ. მლაშე მდებარეობს მდ. ქვაბლიანის მარცხენა ნაპირზე, ხულო-ადიგენის გზაზე, ადიგენიდან 3 კმ-ზე. მოხსენიებულია გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში (გურჯისტანის ვილაიეთის ... 1941: 8, 9; 1958: 100, 101, 106, 107, 158), ჩილდირის ეილაიეთის ჯაბა დავთარში (ჩილდირის ... 1979: 194, 199, 202). 1932-1933 წწ. ადიგენის მუნიც-ის სოფ. მლაშე ინახულა გ. ბოჭორიძემ, რომელმაც მლაშეს ეილების (ბინების) გადაღმა, მიაკვლია დარანებს (ბოჭორიძე 1992: 71).

ადიგენის მუნიც-ის სოფ. მლაშეს ტერიტორია არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

დუშეთის მუნიც-ის სოფ. მლაშე მდებარეობს ბაზალეთის პლატოზე, ბაზალეთის ტბის მახლობლად, დუშეთიდან 9 კმ-ზე. იხსენიება შემდეგ წყაროებში: იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 34), XVII-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 509; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 200), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 273).

დუშეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაცულია 1968 წ. სოფ. მლაშეში შემთხვევით აღმოჩენილი ნივთები: თიხის წითელკეციანი, ღრუქუსლიანი ჯამი (საინ. №911) და წითელკეციანი, ვიწრომუცლიანი სასმისი (საინ. №992).

1974 წ. ისტორიის ინსტიტუტის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ნარეკვავის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. ლ. წითლანაძე) სოფლის გარეთ, არაჩაანთ უბნის მახლობლად ადგილ ორხევში მდებარე სამაროვანი შეისწავლა. ის თარიღდება V-VI სს-ით. გამოვლინდა კოლექტიური სამარხები – ბრტყელი ქვებით ნაგები ქვაყუთები. დამხრობა აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ. დაკრძალვა ქრისტიანულია. სამაროვანზე გამოვლინდა: გვიანსასანური ხანის საბეჭდავი, ფალაური წარწერითა და ცხოველის გამოსახულებით, ბრინჯაოს ქინძისთავი ბროწეულის ყვავილის ფორმის მარგალიტით შემკული, ბრინჯაოს ბეჭედი, მინისა და თიხის სასმისის ფრაგმენტები (წითლანაძე 1975: 46).
 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 34, 44; ბარნაველი 1959: 96; ბოჭორიძე 1992: 71; გვრიტიშვილი 1955: 242; გიულდენშტედტი 1962: 273, 309; გურჯისტანის ვილაიეთის ... 1941: 8, 9; 1958: 100, 101, 106, 107, 158; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 200; დას. საქ. საბ. 1921: 25, 26; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 509; ქც 4: 758,17,სქ.1; ჩილდირის ... 1979: 194, 199; წითლანაძე ... 1975: 41-46.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9