ლა ლე ლი ლო ლუ
ლილ ლის

ლილო


(ქც 4: 292,8). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 292,8; 330,20; 333,13,16; 413,14; 455,1; 468,11,25; 500,22; 523,3; 527,15; 537,6,12,19; 561,9; 603,30; 616,27), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრება“ (ქც 2: 348,24; 349,1,5; 373,21; 391,9; 476,3; 528,9) XIII, XVI, XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (ქრონიკები 1897: 167; 1967: 86, 172, 173, 327; საქ. სიძ. 1910: 52; 1920: 11; მასალანი საქ. სტატ. 1907: 5, 12, 46; სიგელები ... 1902: 251; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 246; დოკ. 1953: 106; მასალები საქ. ეკ. ისტ. 1953: 75; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 54, 129, 176, 182, 211; ქართ. ეპისტ. წყარ. 1989: 64, 69, 70; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 200, 260, 271, 306, 363, 364, 372, 374, 529; 1970: 511, 515, 601, 700; 1977: 221; 1981: 17, 686), ფარსადან გორგიჯანიძის „ისტორია“ (გორგიჯანიძე 1926: 52), პაპუნა ორბელიანის „ამბავნი ქართლისანი“ (ორბელიანი 1981: 82, 113, 114, 175), „ცხოვრება საქართველოისა“ (ცხოვრება ... 1980: 76, 100), იოსებ ტფილელის „დიდმოურავიანი“ (ტფილელი 1989: 619), სეხნია ჩხეიძის „ცხოვრება მეფეთა" (ჩხეიძე 1913: 7), იესე ოსეს ძის „თავგადასავალი“ (თავგადასავალი ... 1913: 70) იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 46, 66, 79, 81), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში" (გიულდენშტედტი 1962: 65).

ვახუშტი ბაგრატიონი თავის ნაშრომში იხსენიებს ორ ლილოს, შარობისა და ქვიტკირის (ქც 4: 333,13, 537,6). მისსავე შედგენილ რუკაზე კი გარდა შარობისა და ქვიტკირის ლილოსი, აღნიშნულია ბაგრატის, თბილელისა და კოდის ლილო (ლორთქიფანიძე 1935: 322, 323). სხვადასხვა წყაროებიდან ცნობილია სააკას ლილო (ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 306; 1970: 601, 700) და მაღალი ლილო (ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 271; 1970: 515). იოანე ბაგრატიონი ლილოს აშკარეთად მოიხსენიებდა (ბაგრატიონი 1986: 66). წყაროებში დაფიქსირებული ლილოებიდან დღეისათვის მხოლოდ ორი მათგანია შემორჩენილი. ვახუშტისეული ლილოსა და ბაგრატის ლილოს უნდა შეესაბამებოდეს დღევანდელი დიდი ლილო და პატარა ლილო (ხარაძე 1991: 112).

ეს სოფლები ლოკალიზდება გარდაბნის მუნიც-ში. მდებარეობენ თბილისის აღმოსავლეთით, მტკვრის მარცხენა ნაპირზე, ივრის ზეგანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ერთმანეთის გვერდით.

კვირიკე კახეთის ქორეპისკოპოსს (1010-1037), ჩაუტარებია რა ადმინისტრაციული რეფორმები, კახეთის ერთი ერისთავი დაუსვია რუსთავს და მისთვის სხვა პუნქტებთან ერთად მიუცია ლილოც (ქც 4: 561,8-10). ის იხსენიება მეფე დიმიტრი თავდადებულის (1271-1289) 1289 წ. შეწირულობის წიგნში (ქრონიკები 1897: 167). გვიან შუა საუკუნეებში ქართლისა და კახეთის სამეფოების საზღვარი გადიოდა ლილოზე (ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 200). ის შედიოდა რუსთველი ეპისკოპოსის სამწყსოში. ადმინისტრაციულად ექვემდებარებოდა მარტყოფის სამოურავოს (ქრონიკები 1967: 86; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 372). ქართლის მეფე სიმონ I-ს (1556-1600) ლილოს ტბასთან დაუმარცხებია ოსმალები (ქც 2: 373,19-28). ლილოში გადაუხდია ქორწილი ვახტანგ V-ის (1658-1675) შვილს ლუარსაბს (ქც 4: 455,1). გვიან შუა საუკუნეებში ლილო ქართველთა ჯარის შეყრის ადგილი ყოფილა (ქართ. ეპისტ. წყარ. 1989: 64, 69, 70; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 529). იოჰან გიულდენშტედტს საქართველოში მოგზაურობისას უნახავს ლილოს დანგრეული ციხე (გიულდენშტედტი 1962: 65).

1962-1963 წწ. ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. ე. გოგაძე) რკინიგზის სადგურ ლილოს მიდამოებში შეისწავლა შუა ბრინჯაოსა და შუადან გვიან ბრინჯაოს ხანაზე გარდამავალი პერიოდის გორასამარხები (გოგაძე 1976: 223-238). 1971 წ. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის კახეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. კ. ფიცხელაური) სოფ. პატარა ლილოს მიდამოებში გათხარა გვიან ბრინჯაოს ხანის სამარხი (ბუგიანიშვილი ... 1972: 16).

სადგურ ლილოსთან გათხრილი 9 გორასამარხიდან ერთი, №1 ქვამიწაყრილიანია. მისი დასაკრძალავი ორმო, რომელიც კვადრატული მოყვანილობის უნდა ყოფილიყო, მშენებლებს დაუზიანებიათ. გორასამარხში დაკრძალვის კრემაციულ წესთან უნდა გვქონდეს საქმე. მასში აღმოჩნდა: შავპრიალაზედაპირიანი, ვარდისფერსარჩულიანი ჭურჭელი და ჭურჭლის ფრაგმენტები, შემკული კოპებითა და წერტილოვანი ორნამენტით; ბრინჯაოს ნივთებიდან აღსანიშნავია ეგეოსური ტიპის გრძელი მახვილი, სატევარი, დისკოსებური მოყვანილობის ფარის უმბონი, ოთხწახნაგოვანი ისრისპირი, საკინძის სფერული ფორმის თავი, მრგვალგანივკვეთიანი საკინძის ღერო. სამარხში აღმოჩნდა მძივის ოქროს გარსაკრავის ფრამენტი, მძივები და სხვ. სამარხი თარიღდება ძვ. წ. XVII-XVI სს-ით.

№№2-9 გორასამარხები ქვაყრილიანია (დმ 10-12 მ). ყრილის ქვეშ გამართულია ოთხკუთხა ორმო, რომელშიც მიცვალებული დაკრძალულია მარჯვენა ან მარცხენა გვერდზე, მოხრილი კიდურებით, თავით ჩრდილოეთით ან სამხრეთ-დასავლეთით. ზოგიერთი გორასამარხი (№№2, 3, 4) უინვენტაროა. დანარჩენებში აღმოჩნდა თიხის შავპრიალა ჭურჭელი, შემკული ამოღარული ჰორიზონტალური ხაზებით; ბრინჯაოს სატევრები (2 ც), ოქროს ხვია, ქვისა და პასტის მძივები, წვრილფეხა საქონლის ძვლები და სხვ. სამარხები თარიღდება ძვ. წ. XV-XIV სს-ით (გოგაძე 1976: 238).

1969 წ. მშენებლობის დროს აღმოჩნდა პატარა ლილოს სამაროვანი. დაზიანდა სამი სამარხი, რომლებშიც გამოვლინდა თიხის ჭურჭელი, ე. წ. კახური მთლიანადსხმული ბრინჯაოს სატევრები და მასრაშეკრული შუბისპირები, მასრაზე ორი რელიეფური სარტყლით (ფიცხელაური 1973: 71). სამაროვანზე 1971 წ. გაითხარა ერთი ქვაყრილიანი ორმოსამარხი. ის წარმოადგენდა მოგრძო ოთხკუთხედს, რომელშიც მიცვალებული დაკრძალული იყო მარცხენა გვერდზე კიდურებმოხრილი, თავით სამხრეთ-დასავლეთით. მიცვალებულის თავთან იდო თიხის ექვსი ჭურჭელი, მაჯაზე ეკეთა ბრინჯაოს სამაჯური. სამარხში აღმოჩნდა ანთიმონისა და სარდიონის მძივები. პატარა ლილოს სამაროვანი თარიღდება გვიანი ბრინჯაოს ხანით (ფიცხელური 1973: 171). არქეოლოგიური მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი).

დიდი ლილოს მიდამოებიდან ცნობილია შემთხვევით აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალებიც. 1970 წ. სოფ. დიდ ლილოში, გრ. გაბათაშვილის ეზოში აღმოჩნდა სამარხეული ნივთები: ბრინჯაოს სამფრთიანი, დეზიანი ისრისპირები, ხვიები, ჭვირული საკიდი, საკინძები, გველის თავის სტილიზებული გამოსახულებით შემკული თავგახსნილი სამაჯურები, რგოლები, ჩქიფი, რკინის შუბისპირი, ხელშუბისპირი, ყუნწიანი ოთხწახნაგა ისრისპირი, წერაქვისებური იარაღი, დანის ფრაგმენტები, ლაგმები, ბეჭედი, სამაჯური, ვერცხლის რგოლი, ძვლის ოთხწახნაგა ისრისპირები, სალესი ქვები, სარდიონის, მთის ბროლის, მინის ინკრუსტირებული მძივები, წითლად, მოჩალისფროდ და მოშავოდ გამომწვარი თიხის ჯამები, კოჭობები, ქოთნები, ხელადების, ბადიის ნატეხები. კოლექციის ცალკეული ნივთები: რკინის შუბისპირი, ბრინჯაოს სამფრთიანი დეზებიანი ისრისპირები, გველის თავის სტილიზებული გამოსახულებებით შემკული სამაჯურები, საკინძები, ვერცხლის საკიდები, მძივები ძვ. წ. V ს-ით დათარიღებულ ნივთებთან ამჟღავნებს მსგავსებას (დავლიანიძე 1983: 43, 55, 63, 74, 85, 94). ამავე პერიოდით შეიძლება დათარიღდეს დიდ ლილოში 1975 წ. აღმოჩენილი ბრინჯაოს თავგახსნილი სამაჯურები, საკინძები, ხვიები, რგოლები, რკინის მასრაგასხნილი შუბისპირი, სატევრის ფრაგმენტი, სარდიონის მძივები და თიხის სხვადასხვა ჭურჭლის ნატეხები. 1977 წ. დიდ ლილოში გრ. გაბათაშვილის საკარმიდამო ნაკვეთზე აღმოჩნდა ორი ფილაქვით გადახურული ქვაყრილიანი ორმო. სამარხში სამი მიცვალებული ესვენა. მასში გამოვლინდა: რკინის ცალპირლესული დანა, ყუნწიანი ოთხწახნაგა ისრისპირი, ბრინჯაოს რგოლი, კილიტი, მოწითალოდ გამომწვარი ჯამი, შემკული ცხვრის თავის სქემატური გამოსახულებით და სხვ. 1969 წ. სოფლის განაპირას, ჩრდილო აღმოსავლეთით აღმოჩნდა ელინისტური ხანის თიხის შავპრიალა, ვიწროყელიანი, სფერულ-მუცლიანი ხელადა. ახ. წ. II ს-ით თარიღდება დიდი ლილოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი სარდიონის ინტალიო, რომელიც კაბადოკიურ ნაწარმადაა მიჩნეული (ლორთქიფანიძე 1961: 11, 12). დიდი ლილოს მიდამოებში შემთხვევით აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი), აქვეა დაცული პატარა ლილოში 1937 წ. აღმოჩენილი სპილენძის მონეტების განძი, რომელიც შედგება: გიორგი III-ის (1156-1184) 44 ც, თამარის (1184:1207) 90 ც, ლაშა-გიორგის (1207-1222) 100ც, ილდიგიზიდების 15ც, რუმის სელჯუკური 1 ც, დერბენდის ემირის 2 ც, 27 მონეტა არ ისაზღვრება. მონეტები XII ს-ის მეორე ნახევრისა და XIII ს-ის პირველი მეოთხედის ქრონოლოგიურ ჩარჩოებში ექცევა. განძის დაფვლა უნდა მომხდარიყო რუსუდანის (1222-1245) გამეფებამდე (ჯალაღანია 1979: 91). დიდ ლილოში 1941 წ. აღმოჩნდა ავგუსტუსის ვერცხლის დენარი, მოჭრილი გალიაში ძვ. წ. 2 – ახ. წ. 4 წ. და გოტარზეს ვერცხლის დრაქმა, მოჭრილი ახ. წ. 40-51 წწ. (აბრამიშვილი 1974: 106).
 
ბიბლიოგრაფია: აბრამიშვილი 1974: 106; ბაგრატიონი 1986: 46, 66, 79, 81; ბუგიანიშვილი ... 1972: 16; გიუდლენშტედტი 1962: 65; გორგიჯანიძე 1926: 52; დავლიანიძე 1983: 43, 55, 63, 68, 74, 85, 94, 101; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 246; 1953: 106; თავგადასავალი ... 1913: 251; თბილისი 1978: 203; ლორთქიფანიძე 1961: 11, 12; ლორთქიფანიძე 1935: 313, 321-323, 326, 340; მასალანი საქ. სტატ. 1907: 5, 12, 46; მასალები საქ. ეკ. ისტ. 1953: 75; ორბელიანი 1981: 82, 113, 114, 175; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 54, 129, 176, 182, 211; საქ. სიძ. 1910: 52; 1920: 11; სიგელები ... 1902; ტფილელი 1989: 619; ფიცხელაური 1973: 57, 71; ქართ. ეპისტ. წყარ. 1989: 64, 69, 70; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 200, 260, 271, 306, 363, 364, 374, 372, 374, 529; 1970: 511, 601, 700; 1977: 221; 1981: 17, 686; ქრონიკები 1897: 167; 1967: 86, 172, 173, 327; ქც 2: 348,24; 349,1,5; 373,21; 391,9; 476,3; 528,9; ქც 4:292,8; 330,20; 333,13,16; 413,14; 455,1; 468,11,25; 500,22; 523,3; 527,15; 537,6,12,19; 561,9; 603,30; 616,27; ჩხეიძე 1913: 7; ცხოვრება ... 1980: 76, 101; ხარაძე 1991: 112, 113; გოგაძე 1976: 112, 113; გოლენკო 1964: 83, 87; ჯალაღანია 1979: 91, 95, 105, 135.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9