აბ აგ ავ აზ აკ ალ ამ ან არ ას ატ აღ აშ აჩ აწ აჭ ახ აჯ
არა არბ არე არმ არუ არქ არღ არყ არშ არწ

არყის ციხე


(ქც 4: 147,24). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 147,24), „მატიანე ქართლისა“ (ქც 1: 301,17,19), გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი (გურჯისტანის ვილაიეთის ... 1941: 7).

მდებარეობს ახალციხის მუნიც-ში, ახალციხის სამხრეთით, 5 კმ-ის დაშორებით, ახლანდელ სოფ. ყულალისთან (სიხარულიძე 1980: 56).

არყის ციხესთან მოხდა ბრძოლა მეფე ბაგრატ IV-სა (1027-1072) და ლიპარიტ კლდეკარის ერისთავს შორის (ქც 1: 301,16-19). თურქების მიერ სამცხე-საათაბაგოს დაპყრობის შემდეგ არყის ციხე შედიოდა ახალციხის ლივაში. გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის მიხედვით არყის ციხე ყოფილა საკმაოდ მდიდარი სოფელი თავისი ვენახებით, ბაღებით, ყანებითა და სხვა მამულებით (გურჯისტანის ვილაიეთის ... 1941: 7; 1958: 69).

არყის ციხე არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

სერი, რომელზეც ციხეა აგებული, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ჩრდილო-დასავლეთით ეშვება მდ. ბორბოლას ხევში. ციხის გალავანს აქვს არაწესიერი ფორმა, რაც გამოწვეულია რელიეფის თავისებურებით. მას უჭირავს 600-700 კვ მ ფართობი. ციხეს ჰქონია ერთი კოშკი. გალავნის კედლები, გარდა ჩრდილო-აღმოსავლეთის მხარეზე შემორჩენილი პერანგშემოცლილი მცირე ნაშთისა (სიმაღლე 1,5 მ, სიგანე 1 მ), თითქმის მიწასთანაა გასწორებული. კოშკი მოღწეულია 1,5-2 მ სიმაღლის კედლებით. ციხე ნაშენია კირხსნარით. პერანგი თარაზულად დაწყობილი დიდრონი ქვათლილებია. ციხის ეზოში ყოფილა სამი დიდი ზომის სამეურნეო ხარო. ქვემო ტერასაზე შეიმჩნევა ციხის მდ. ბორბოლასთან დამაკავშირებელი გვირაბი. მის დასავლეთით გამართული ყოფილა მარანი. ციხე აგებული უნდა იყოს ადრე შუა საუკუნეებში. XII ს-იდან, ახალციხის დაწინაურების შემდეგ არყის ციხემ თანდათან დაკარგა თავისი მნიშვნელობა (სიხარულიძე 1980: 56, 66).
 
ბიბლიოგრაფია: გურჯისტანის ვილაიეთის ... 1941:7; 1958: 68-70; კრებული ... 1870; სიხარულიძე 1980: 56, 66; ქც 1: 301,17,19; ქც 4: 147,24; ჭიჭინაძე 1904.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9