ლა ლე ლი ლო ლუ
ლომ ლორ ლოწ ლოჭ

ლორე 

ციხე (ქც 4: 158,24).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 158,24; 170,3,11; 180,16; 280,11,17,18; 307,16,23; 308,16; 312,18; 411,29; 413,3,4,21,28; 414,11,22; 417,7,9; 418,21,23; 419,10,27; 420,2,4; 508,23; 514,26; 723,4), „ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი“ (ქც 1: 335,1), ლაშა-გიორგის დროინდელი მემატიანე (ქც 1: 367,2), „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“ (ქც 2:19,1,5,18; 20,2,5; 30,13;31,10; 33,3; 55,7; 60,7; 109,20), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრების“ პირველი, მეორე და მესამე ტექსტი (ქც 2: 342,4; 349,15; 372,20; 373,31; 374,2,5,6; 375,6; 378,17,21,22; 379,33; 380,1,16,17; 381,6,8; 417,25; 474,21; 477,11; 522,22; 526,10; 529,5,11,12,14,28; 535,6,10-12; 536,18,21; 537,9,10,25-27), პაპუნა ორბელიანის „ამბავნი ქართლისანი“ (ორბელიანი 1981: 19, 67, 69, 82, 89, 90, 95, 97, 98, 112, 122, 125, 134, 237), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 59, 80), XII-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (ქრონიკები 1892: 262, 264; 1897: 196, 229, 236, 420, 423, 427, 430, 432, 439; 1967: 188; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 92, 123; 1970: 178, 749; 1972: 104, 105, 164; 1974: 148; 1977: 590; სამხ. საქ. ისტ. 1961: 53; სამი ისტ. ქრ. 1890: 109, 112; საქ. სიძ. 1909: 461, 550; 1910: 2; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1953: 55, 107, 116; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 134), ნიკო დადიანის „ქართველთ ცხოვრება“ (დადიანი 1962: 127, 126), ბარბაროს „მოგზაურობა“ (ბარბარო 1981: 60, 62), ჰასან რუმლუს „აჰსან ათ-თავრიხი“ (რუმლუ 1966: 59), XVI ს-ის თურქული წყაროები (თურქული წყაროები ... 1983: 3, 45), დონ კრისტოფორო დე კასტელის „ცნობები და ალბომი საქართველოს შესახებ“ (კასტელი 1977: 215), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 75).

ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით: „ხოლო ლოქის მთის სამხრით კერძოს მდინარენი, რომელნი დიან და მიერთვიან ტაშირის წყალსა, იგი ერთვის ლორის ციხესთან მდინარეს დებედას“ (ქც 4: 312,16-18).

მდებარეობს ისტორიულ ტაშირში, მდ. დებედას მარჯვენა ნაპირზე, თანამედროვე სოფ. ლორიბერდის ტერიტორიაზე. ამჟამად მოქცეულია სომხეთის რესპუბლიკის სტეფანავანის მუნიც-ის ფარგლებში.

ციხე-ქალაქი ლორე დაარსდა X ს-ში. 1065 წლიდან ტაშირ-ძორაგეტის სამეფოს ცენტრია (ბერძენიშვილი 1979: 73, 129). 1118 წ. დავით აღმაშენებელმა (1089-1125) ლორე საქართველოს შემოუერთა და ივანე ორბელს გადასცა (ქც 1: 335,1). სტრატეგიული მნიშვნელობის გამო ლორე საქართველოს სანაპირო საერისთავოს ცენტრი და ამირსპასალართა რეზიდენცია გახდა. XII ს-ში სახელი ლორე მთელ ტაშირზე გავრცელდა (ბერძენიშვილი 1979: 51, 77). 1177 წ. გიორგი III-ს (1156-1184) წინააღმდეგ მოწყობილ ორბელთა აჯანყების ჩახშობის შემდეგ ლორე ყუბასარს გადაეცა. 1186 წ. ის მხარ-გრძელთა საგვარეულოს საკუთრებაში გადადის. 1236 წ. ლორე მონღოლებმა დაარბიეს. 1400 წ. თემურ-ლენგმა ააოხრა (ბერძენიშვილი 1979: 79, 84, 87, 90). XIV ს-ის მეორე ნახევარში თურქმანმა ტომებმა დაიკავეს. XV ს-ში ქართველებმა ლორე უკან დაიბრუნეს. XIV-XV სს-ში ლორე დაკნინდა და მხოლოდ ციხესიმაგრის ფუნქციები შერჩა. XVII ს-ში მაჰმადიანურ სახანოდ გადაიქცა. XVII-XVIII სს-ში ირან-ოსმალთა და ლეკთა შემოსევების შედეგად გაუკაცრიელდა (ბერძენიშვილი 1979: 52, 114).

1968 წ. სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ექსპედიციამ (ხელმძღ. ო. ღარიბიანი) გათხრები აწარმოა ციხე-ქალაქ ლორეს ტერიტორიაზე. 1969-1973 წწ. იმავე ინსტიტუტის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. ს. დევეჯიანი) შეისწავლა ლორი-ბერდის ნამოსახლარი და სამაროვანი.

ლორიბერდის ნამოსახლარი მდებარეობს სოფ. ლორიბერდში, მდ. მისხანის მარცხენა ნაპირზე და რამდენიმე ჰა ტერიტორიაზეა გავრცელებული. ნამოსახლარის დიდი ნაწილი განადგურებულია სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დროს. შეისწავლეს გეგმით არასწორი ოთხკუთხედის ფორმის ერთი საცხოვრებელი სახლი, რომელიც ნაგებია ციკლოპური წყობით. ჩრდილო-აღმოსავლეთი კედლის სიგრძეა 24 მ, სამხრეთ-აღმოსავლეთის – 26 მ, კედლების სისქე – 2,5 მ. შიდა სივრცე 1,2 მ სისქის კედლით ოთხ ოთახადაა გატიხრული. იატაკი რიყის ქვითაა მოგებული და თიხით გადალესილი. აღმოსავლეთი კედლის ცენტრში მოწყობილია წრის მეოთხედის ფორმის მოედანი. ნამოსახლარს გარშემო აქვს 7 მ სიგანის ციკლოპური კედელი. ნამოსახლარზე აღმოჩნდა: შავპრიალა ან მონაცრისფრო, ჩარხზე დამზადებული თიხის ჭურჭელი (გეომეტრიული ორნამენტითა და მეანდრებით შემკული ქოთნები და ჯამები), ობსიდიანის ისრისპირები, კაჟის ნამგლის ჩასართები, სალესი ქვები (5 ც), საფქვავები და სხვ. მასალა თარიღდება ძვ. წ. XVII-XV სს-ით. ნამოსახლარზე ხელახლა სახლდებიან ძვ. წ. VIII-VI სს-ში, მაგრამ იმ პერიოდის ფენა მთლიანად განადგურებულია. აღმოჩნდა მხოლოდ თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები. შუა საუკუნეებში იმავე ადგილზე აუშენებიათ ციხე-ქალაქი ლორე (დევეჯიანი 1981: 17, 18).

სამაროვანი მდებარეობს სოფ. ლორიბერდის ჩრდილო-აღმოსავლეთით. სამაროვნის უდიდესი ნაწილი განადგურებულია სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შედეგად. შესწავლილია 13 სამარხი, რომლებიც წარმოდგენილია ყორღანებით (№№7, 9, 10), კრომლეხებით (№№4, 8, 13), ქვის სამარხებით (№3) და ორმოსამარხებით (№№11, 12). ყორღანების დმ 1-2 მ-ია, სიმაღლე – 0,5-2 მ. კრომლეხების დმ მერყეობს 4-15 მ-ს შორის. სამარხების დამხრობა სხვადასხვაგვარია: ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ (№№2, 6, 7), ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ (№8) ან აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ (№12). მიცვალებულის პოზის დადგენა შესაძლებელია მხოლოდ ზოგიერთ სამარხში, რომელშიც მიცვალებული დაკრძალულია მარცხენა გვერდზე კიდურებმოკეცილი, თავით აღმოსავლეთისაკენ. სამარხთა ერთი ნაწილი კრემაციულია. დადასტურებულია მათი მეორადი გამოყენების შემთხვევაც (№2). სამაროვანზე მიცვალებულთან ერთად გვხვდება ცხენისა და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დასაფლავების ფაქტებიც. სამარხთა უმრავლესობა გაძარცულია. სამაროვნის მასალა წარმოდგენილია თიხის ჭურჭლით, ბრინჯაოს, რკინის, ქვისა და ძვლის საყოფაცხოვრებო ნივთებით, ბრინჯაოს, ოქროსა და ვერცხლის სამკაულით. თიხის ჭურჭელი სარიტუალო ან სამზარეულო დანიშნულებისაა. გვხვდება შავპრიალა, სადაზედაპირიანი, ორნამენტირებული ან წითელი და თეთრი საღებავით მოხატული ჭურჭელი (დაბალყელიანი, მრგვალმუცლიანი, პირგადმოკეცილი ქოთნები, ბიკონუსური, დაბალყელიანი დოქები; ინკრუსტირებული ჯამები; ღია წითლად ანგობირებული სანელსაცხებლე და სხვ.) ბრინჯაოს ნივთებიდან აღსანიშნავია სოლისებურღეროიანი ფრინველის ფიგურები, ეტლის მოდელი, რომბისებური ორნამენტით შემკული ხარის თავი, ცხენის მორთულობის ფრაგმენტები, ფოთლისებური ფორმის გრძელყუნწიანი ისრისპირები, დანები, ლურსმნები, სხვადასხვა ფორმის ეჟვნები, ბალთები და სხვ. სამაროვანზე რკინის ნივთები (მოხრილი დანები, ლაგამი და აღვირის ფრაგმენტები) მცირე რაოდენობითაა და მხოლოდ №2 და №4 სამარხებში გვხვდება. სამკაულიდან აღსანიშნავია: ბრინჯაოს (90 ც), ვერცხლის (3 ც) სადა ან დაკბილულზედაპირიანი, თავებგახსნილი, გველისთავებიანი სამაჯურები, რგოლები, ფიბულები, ოქროს დიადემა წერტილოვანი ორნამენტითა და ფანტასტიკური ცხოველების გამოსახულებით, ოქროს სამკუთხა ფირფიტაზე დამზადებული ნახევარწრეებით, სამკუთხედებითა და ცვარათი შემკული საყურე; სხვადასხვა ფორმის ბრინჯაოს, სარდიონის, აქატის, იასპის, ქარვის, თეთრი და ცისფერი პასტის მძივები, ძვლისა და ქვის იარაღებიდან გვხვდება კაჟისა და ობსიდიანის ისრისპირები (8 ც), ფიქალის ქვის ყალიბი მძივებისათვის, ძვლის გრავირებული ბალთა, კონუსური ფორმის ქვიშაქვის საბეჭდავი და სხვ. სამაროვანი ფუნქციონირებდა ხანგრძლივი დროის მანძილზე და თარიღდება ძვ. წ. XVI-VI სს-ით (დევეჯიანი 1981: 24, 50, 62, 149).

1830-1831 წწ. ლორეში, ციხის ნანგრევებთან აღმოჩნდა ვერცხლის მონეტების განძი, რომელიც 2430 მონეტისაგან შედგება. მათ შორის, 600 ბიზანტიურია და, სავარაუდოდ, ტრაპიზონის ასპერების მინაბაძს უნდა წარმოადგენდეს. 503 აღმოსავლური მონეტაა; მათგან 13 ჯუჩიდური, 22 ჰულაგუიდური, 9 ჯელაიართა, 16 თემურ-ლენგის, 47 თემურიდების, 50 შირვანშაჰების, 8 ოსმანიდების, 3 მამელუქების, 90 ყორა-ყოინლუ, 9 აკ-ყოინლუ და 67 ქართული მონეტა. განძი თარიღდება XV ს-ით. ის დაცულია სანკტ-პეტერბურგის აზიურ მუზეუმში (დუნდუა 1964: 37, 81, 82).
 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 59, 80; ბერძენიშვილი 1966: 47, 72, 78, 79; ბერძენიშვილი 1979; გიულდენშტედტი 1962: 75, 243; დადიანი 1962: 127, 126; დევეჯიანი 1981; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1953: 55, 107, 116; დუნდუა 1964: 37, 66, 81, 82; თურქული წყაროები ... 1983: 3, 45; ბარბარო 1981: 16, 60, 62, 71; კასტელი 1977: 215; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 134; მელიქსეთ-ბეგი 1928ა: 33-36; მცირე ქრონიკები 1968: 25; ორბელიანი 1981: 19, 67, 69, 82, 89, 90, 95, 97, 98, 112, 122, 125, 134, 237; რუმლუ 1966: 59, 60; სამი ისტ. ქრ. 1890: 109, 112; სამხ. საქ. ისტ. 1961: 53, 170; საქ. სიძ. 1909: 461, 550; 1910: 2; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 92, 123; 1970: 178, 749; 1972: 104, 105, 164; 1974: 148; 1977: 590; ქრონიკები 1892: 262, 264; 1897: 196, 229, 236, 420, 423, 427, 430, 432, 439; 1967: 188; ქც 1: 335,1; 367,2; ქც 2: 19,1,5,18; 20,2; 30,13; 31,10; 33,3; 55,7; 60,7; 109,20; 342,4; 349,15; 372,20; 373,31; 374,2,5,6; 375,6; 378,17,21,22; 379,33; 380,1,16,17; 381,6,8; 417,25; 474,21; 477,11; 522,22; 526,10; 529,5,11,12,14,28; 535,6,10,11,12; 536,18,21; 537,9,10,25-27; ქც 4: 158,24; 170,3,11; 180,16; 280,11,17,18; 307,16,23; 308,16; 312,18; 411,29; 413,3,4,21,28; 414,11,22; 417,7,9; 418,21,23; 419,10,27; 420,2,4; 508,23; 514,26; 723,4; ხარაძე 1991: 96, 114.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9