ლა ლე ლი ლო ლუ
ლურ

ლურჯი მონასტერი


(ქც 4: 329,9). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 329,9; 338,25), სიმონ I-ის (1556-1569, 1578-1600) არზა სულთან მურად III-ისადმი (სიმონ მეფის არზა ... 1980: 161), იესე ოსეს ძის „თავგადასავალი“ (თავგადასავალი ... 1913: 49, 50, 67).

მდებარეობს თბილისში, ვერის ბაღის განაპირას.

ეკლესია თავდაპირველად აუგიათ წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელზე, რასაც მოწმობს ტაძრის სამშენებლო წარწერა (ბერიძე 1948: 97). ვახუშტი ბაგრატიონი მას წმინდა გიორგის ტაძრად მოიხსენიებდა (ქც 4: 338,25). ბოლო ხანებში ტაძარი იოანე ღვთისმეტყველის სახელს ატარებდა. ამგვარი ცვლილებები დაკავშირებული უნდა ყოფილიყო სხვადასხვა დროს ტაძრის აღდგენასა და ხელახლა კურთხევასთან. „ლურჯი მონასტერი“ ტაძარს შეერქვა იმიტომ, რომ თავის დროზე ის დახურული იყო ცისფრად მოჭიქული კრამიტით (ბერიძე 1948: 100).

1948 წ. ლურჯი მონასტრის ეზოს თხრისას შემთხვევით აღმოჩნდა კერამიკული მილსადენი, ცისფრად მოჭიქული კრამიტის ნატეხები და ქვითა და აგურით ნაგები გვიანი შუა საუკუნეების უინვენტარო აკლადამა (მშვენიერაძე 1949: 34-54).

XII-XIII სს-ის მიჯნით დათარიღებული ლურჯი მონასტერი გუმბათიანი ტაძარია. გუმბათი ეყრდნობა საკუთრხევლის კედლებს და დასავლეთით თავისუფლად მდგომ ორ რვაწახნაგა სვეტს. აფსიდა შვერილია. აფსიდასა და გუმბათქვეშა კვადრატს შორის ღრმა ბემაა. მის ორსავე მხარეს სადიაკვნე და სამკვეთლოა, ორივე სწორკუთხაა, უაფსიდო. მეორე სართული მარტო პასტოფორიების თავზეა მოწყობილი. შენობას შესასვლელი აქვს დასავლეთიდან და სამხრეთიდან. ბემა და შუა ნავი გუმბათსა და დასავლეთ კედელს შორის ცილინდრული კამარებითაა გადახურული. გვერდით ნავებში ისრული ნახევარკამარებია. ინტერიერში მხატვრობის კვალი აღარ ჩანს. ეკლესია ნაგებია ქვითა და აგურით. ნაგებობაში გამოირჩევა სხვადასხვა დროის სამშენებლო ფენები. სამხრეთი კედლის კარის ტიმპანზე XII ს-ის ცხრასტრიქონიანი ასომთავრული წარწერაა, რომელშიც მოხსენიებულია ერისთავთ-ერისთავი, ქართლის ამირთ-ამირა აბულასანი, ძმა ქართლის მთავარეპისკოპოსყოფილი ბასილ იობის ძისა და აბულასანის შვილი დავითი. ტაძარი ბასილს თავის საგვარეულო საძვალედ აუგია (ბერიძე 1948: 92-100).
 
ბიბლიოგრაფია: ბაქრაძე 1875: 91, 92; ბერიძე 1948: 91-110; 1977: 60, 61; თავგადასავალი ... 1913: 49, 50, 67; თაყაიშვილი 1913: 144-154; იოსელიანი 1866: 34-39; მშვენიერაძე 1949: 34-54; სიმონ მეფის არზა ... 1980: 152-166; ქც 4: 329,9; 338,25; ყაუხჩიშვილი 1951: 291.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9