ლა ლე ლი ლო ლუ
ლომ ლორ ლოწ ლოჭ

ლოწობანი

ციხე (ქც 4: 549,19).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 135,21; 153,7; 549,19), „მატიანე ქართლისა“ (ქც 1: 265,13; 268,14,15; 269,12; 316,5), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრების“ მეორე ტექსტი (ქც 2: 444,11), „ძეგლი ერისთავთა“ (ძე 1954: 6, 14), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 273).

ლოწობანის ციხის ლოკალიზაციის შესახებ სხვადასხვა მოსაზრებაა გამოთქმული. ვახუშტი ბაგრატიონი ციხის მდებარეობას ბახტრიონთან ვარაუდობდა (ქც 4: 549,18-20). გარკვეული ეჭვით იმავე ადგილას ვარაუდობს ციხის არსებობას მ. ლორთქიფანიძე (ლორთქიფანიძე 1963: 163). პ. ინგოროყვას მიაჩნდა, რომ ლოწობანი იგივე ლოჯობანი, ლოჭინის უბანია და ციხე ლოჭინის ხეობაშია საგულვებელი (ინგოროყვა 1963: 101, 102). იოჰან გიულდენშტედტი ლოწობანის ადგილმდებარეობას განსაზღვრავდა სოფ. იკოთისა და ტონჩის მახლობლად (გიულდენშტედტი 1962: 49, 97). სხვა მოსაზრებით, ლოწობანის ციხე ლოკალიზდება ახალგორის მუნიც-ში. მდებარეობს მდ. ქსნის მარცხენა ნაპირზე, სოფ. იკოთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, 4 კმ-ის დაშორებით (გვრიტიშვილი 1955: 69; მუსხელიშვილი 1967: 80, 81; გვასალია 1967: 42).

ციხე X ს-ში აუგია კახეთის ქორეპისკოპოსს ფალდა II-ს (ქც 1: 265,12,13). კახეთის ქორეპისკოპოს კვირიკე II-სა (929-976) და გიორგი აფხაზთა მეფეს (922-957) შორის ბრძოლის დროს ლოწობანის ციხე დაიკავა კვირიკეს მოღალატე ფეოდალმა ივანე არშის ძემ (ქც 1: 268,15). გიორგის აფხაზეთში დაბრუნების შემდეგ კვირიკე II ქართლისა და კახეთის აზნაურების დახმარებით კვლავ დაეუფლა ციხეს და იგი დაანგრია (ქც 1: 269,11-13), რათა აფხაზთა მეფისათვის გამოეცალა მნიშვნელოვანი დასაყრდენი ქართლში გასაბატონებლად (გვასალია 1967: 43). გიორგი II-მ (1072-1089) ლოწობანი გადასცა აჯანყებულ კლდეკარის ერისთავ ლიპარიტ ივანეს ძეს (ქც 1: 316,5,6). მალე ციხე კახეთის მეფე აღსართან I-მა (1058-1084) მიიტაცა (ქც 4: 153,7). XIV ს-ის დასაწყისში ლოწობანის ციხეს ბრძოლით იკავებს ქსნის ერისთავი შალვა ქვენიფნეველი (ქც 2: 444,11; ძე 1954: 6, 14). ლოწობანის ციხე გაბატონებული იყო მდ. ქსანსა და არაგვს შორის მოქცეულ ტერიტორიაზე. მასზე გადიოდა კახეთიდან მდ. ქსნის შუა წელისაკენ მიმავალი მნიშვნელოვანი გზა (გვასალია 1967: 42). ვახუშტი ბაგრატიონი ლოწობანის ციხეს ლორწობანის სახელით იცნობდა (ქც 4: 135,21, 153,7, 549,19); იოანე ბაგრატიონი მთას, რომელზეც ლოწობანის ციხე ყოფილა აშენებული, ლორწომანის მთის სახელით მოიხსენიებდა (ბაგრატიონი 1986: 81). ლოწობანის მთას იოჰან გიულდენშტედტიც აღწერდა (გიულდენშტედტი 1964: 29, 63).

ლოწობანის ციხე არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

ციხე აგებული ყოფილა ამავე სახელწოდების ქარაფოვან კლდეზე. იგი ძნელად მისადგომია. ციხის კედლები ფრაგმენტულადაა შემორჩენილი. კედლები უკეთაა დაცული კლდის ჩრდილოეთ ნაწილში. კედლებზე შეიმჩნევა ორგვარი წყობა, რაც ციხის ორ სამშენებლო პერიოდზე უნდა მიუთითებდეს (გვასალია 1967: 42). ლოწობანის ჩრდილოეთით 200-300 მ-ზე, მთის მეორე კონუსზე მდებარეობს ალევის წმინდა სამების ეკლესია. ციხიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 1,5-2 კმ დაშორებით, ტყიან გორაკზე, რომელსაც „თელადგორს“ უწოდებენ, შემორჩენილია ადრე შუა საუკუნეების ზურგიანი კოშკის ნანგრევები და სხვა ნაგებობათა ნაშთები (გვასალია 1967: 43).
 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 81; გვასალია 1967: 42, 43; გვასალია 1983: 26, 60, 77; გვრიტიშვილი 1955: 69; გიულდენშტედტი 1962: 49, 97, 273; 1964: 29, 63; ინგოროყვა 1963: 101, 102; ლორთქიფანიძე 1963: 163; მუსხელიშვილი 1967: 71, 78-81; ქრონიკები 1897: 7; ქც 1: 265,13; 268,14,15; 269,12; 316,5; ქც 2: 444,11; ქც 4: 135,21; 153,7; 549,19; ძე 1954: 6, 14.

იხილეთ ლექსიკონის (ფოტოებიანი) ელ-რესურსი, PDF ფაილი

Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9