ლა ლე ლი ლო ლუ
ლომ ლორ ლოწ ლოჭ

ლოჭინის ხევი

(ომანის ხევი) (ქც 4: 331,19).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 331,19; 333,17; 429,26; 537,18; 538,16), დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი (ქც 1: 349,19), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრების“ პირველი ტექსტი (ქც 2: 405,22), „დასტურლამალი“ (ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 271), „ცხოვრება საქართველოისა“ (ცხოვრება ... 1980: 78), პაპუნა ორბელიანის „ამბავნი ქართლისანი“ (ორბელიანი 1981: 238), იოსებ ტფილელის „დიდმოურავიანი“ (ტფილელი 1989: 619, 626), 1738 წ. ისტორიული საბუთი (დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 277), იესე ოსეს ძის „თავგადასავალი“ (თავგადასავალი ... 1913: 98, 135), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 29, 79), 1462 წ. სომხური ანდერძი (სომხურ ხელნაწერთა ... 1978: 78), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 261).

მდებარეობს გარდაბნის მუნიც-ში, თბილისიდან სამხრეთით, 20-ოდე კმ-ის დაშორებით.

ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, ლოჭინის ხევს ძველად ომანის ხევი ეწოდებოდა (ქც 4: 537,17,18). მის მიდამოებში შემთხვევით აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალების მიხედვით, ეს ადგილები ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანაში ჩანს ათვისებული. მოსახლეობას აქ ანტიკურ და ადრე შუა საუკუნეებშიც უცხოვრია (აბრამიშვილი, ჭილაშვილი 1962: 203). ლოჭინის მიდამოები განთქმული ყოფილა, როგორც კარგი სანადირო და საძოვარი ადგილები (ქც 1: 349,17-20; ქც 2: 405,22-28; ორბელიანი 1981: 238). დავით აღმაშენებლის (1089-1125) ბრძანებით, ქართველებს ლოჭინში მობალახე თურქების ნახირი გაურეკავთ. საქონლის დასაბრუნებლად გამოსული თურქთა რაზმი ქართველებს ერთიანად ამოუწყვეტიათ (ქც 1: 349,17-20). 1462 წ. თურქთა ლაშქარი ლოჭინში შეჩერდა. აქედან ოცი მხედარი გლდანში გადასულა ნახირის მოსატაცებლად. თურქთა მცირერიცხოვან რაზმს თბილისიდან 200 კაცი დასდევნებია. ლოჭინს მისულებს იქ მთელი ჯარი დახვედრიათ. უთანასწორო ბრძოლაში დახოცილ ქართველებს თურქებმა თავები მოჰკვეთეს და თან წაიღეს (სომხურ ხელნაწერთა ... 1978: 78). ლოჭინის ხევში მონადირე გიორგი სააკაძემ შეიპყრო შაჰ-აბასის (1587-1629) შიკრიკი საიდუმლო წერილით, რომლითაც შაჰი ყორჩიხა-ხანისაგან მოითხოვდა კახეთის აოხრების შემდეგ ქართლის მოსახლეობის აყრასა და ირანში გადასახლებას; გიორგი სააკაძის მოჭრილი თავი კი შაჰისათვის უნდა გაეგზავნათ (ქც 2: 405,22-28; ქც 4: 429,26-28). თეიმურაზ II-მ (1744-1762) და ერეკლე II-მ (1744-1798) მამია გურიელის პატივსაცემად ლოჭინის მინდორზე დიდი ნადირობა მოაწყვეს (ორბელიანი 1981: 238).

1933 წ. ლოჭინის მიდამოებში მიწის სამუშაოების დროს შემთხვევით აღმოჩნდა ქვის სამარხები, რომელთაგან ორის ინვენტარი წარმოდგენილია თიხის ჭურჭლით, მძივებითა და ლურჯი მინის მრავალწახნაგა სამაჯურებით (აბრამიშვილი, ჭილაშვილი 1962: 203). 1952 წ. მიწის სამუშაოების დროს ლოჭინის ხევის მარცხენა ნაპირზე, სოფ. გამარჯვების ტერიტორიაზე შემთხვევით აღმოჩნდა შენობის ნანგრევები და თიხის ჭურჭლის ნატეხები. ძეგლის გათხრა დაევალა ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის ინსტიტუტის ასპირანტს რ. აბრამიშვილს (აბრამიშვილი, ჭილაშვილი 1962: 197). 1967 წ. ლოჭინის ხევის მიდამოებში, ვაზიანის ხიდთან შემთხვევით აღმოჩნდა ორი ქვის სამარხი. სამარხეული ინვენტარი შეიცავდა ბრინჯაოს სამაჯურებს, რკინის ბეჭდების ნატეხებს, სხვადასხვა მასალისა და ფორმის მძივებს. 1981 წ. ლოჭინის მიდამოებში შემთხვევით აღმოჩნდა სხვადასხვა ფორმის თიხის ჭურჭლის ნატეხები.

1981 წ. აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა წარმოდგენილია კერამიკით. ესენია: მოზრდილი დერგების პირ-გვერდის ნატეხები, შემკული ამოღარული კონცენტრული ხაზებითა და ირიბი ნაჭდევებით, ქოთნების პირ-ყელის ფრაგმენტები, ჯამის პირ-კალთისა და სასმისის ძირის ნატეხები. ჭურჭელი გამომწვარია შავად და მონაცრისფროდ. თარიღდება გვიანი ბრინჯაოს ხანით.

1998 წ. ახალმშენებლობის გამო დაკავშირებით არქეოლოგიური კვლევის ცენტრის გარდაბნის არქეოლოგიური ექსპედიცია (ხელმძღ. გ. ფხაკაძე) სამუშაოებს აწარმოებდა ლოჭინის ხევში გამოვლენილი სამაროვნის შესასწავლად (ფხაკაძე 1999: 27-31). 1998 წ. ლოჭინის ხევში გაითხარა 4 დანგრეული სამარხი, რომლებიც ქვაყრილიან ორმოსამარხთა ტიპს უნდა ეკუთვნოდნენ. არც ერთ მათგანში მიცვალებულის ძვლები არ აღმოჩენილა. არქეოლოგიური ნივთები მხოლოდ ჩარხზე დამზადებული მოშავო-მონაცრისფროდ გამომწვარი კერამიკითაა წარმოდგენილი. თიხა წვრილმარცვლოვანია, ქვიშანარევი. დერგები ხასიათდება სფერული ტანით, ჩაღარული ყელით, გადმოკეცილი მომრგვალებული პირითა და ოდნავ გამოყოფილი ბრტყელი ძირით. მხრებზე შემოუყვება ღარები. პროფილის მიხედვით დერგებთან ახლოს დგას ქოთნები. განსხვავება იმაშია, რომ ქოთნების ზედაპირი დაღარულია კონცენტრული წრეებით და ზოგიერთ მათგანს უჩნდება ქუსლიანი, ნაჭდევებით შემკული ძირი. ლანგრებში გამოიყოფა ორი ტიპი. პირველი ტიპი ხასიათდება მრგვალქობიანი მოკეცილი პირით, სწორი მხრით, რომელიც ტანზე მკვეთრი წიბურით გადადის. მეორე ტიპის ლანგრები ხასიათდება უქობო, გარეთ გაზიდული პირითა და ჩაღარული მხრით. ლოჭინის ხევის №№1, 4 სამარხი ძვ. წ. II ათასწლეულის ბოლო მეოთხედით, №№2, 3 სამარხი – ძვ. წ. VIII-VII სს-ით თარიღდება (ფხაკაძე 1999: 27-29).

1933 წ. ლოჭინში აღმოჩენილი მასალებიდან აღსანიშნავია: 1. წითლად გამომწვარი თიხის მცირე ზომის სასმისი, გაშლილი პირითა და ვიწრო, დაბალი ყელით. მკვეთრად გამობერილი მუცლით. ყური დაძერწილია მხარზე. ტანი მოხატული აქვს წითელი საღებავის ჰორიზონტალური ზოლებით. 2. ჭინჭილა პირგაშლილია, დაბალყელიანი. ყური დაძერწილია პირსა და მუცელზე. ყურზე აქვს კოპი. მხრები შემკულია მოკლე ირიბი ნაჭდევებით. გამომწვარია მოჩალისფროდ. 3. კოჭობი დაბალყელიანია, სფერული ტანით. გამომწვარია წითლად. 4. მეორე კოჭობის გამობერილ მუცელზე დაძერწილია თანაბარი მანძილით დაშორებული სამი კოპი. 5. ჯამი პირმოყრილია, პირზე დაძერწილი თანაბარი მანძილით დაშორებული ოთხი კოპით. აქვს სამი ხვეული ფეხი. გამომწვარია წითლად.

კოლექციაში ნიჟარების, სარდიონისა და თეთრი მინის მძივების გარდა, გვხვდება 3 ლურჯი მინის მრავალაწახნაგა საბეჭდავი. ერთზე გამოსახულია მხედარი, მეორეზე ცხენი. ფრაგმენტულობის გამო მესამე საბეჭდავის გამოსახულება (ცხენი?) ძნელად გასარკვევია. მათგან ერთი საბეჭდავი გამოქვეყნებულია (ლორთქიფანიძე 1969: 105, 106). ი. გაგოშიძე ლოჭინის საბეჭდავს ნერონ დერესის №3 სამარხის მრავალწახნაგა საბეჭდავების თანადროულად (ძვ. წ. I ს.) მიიჩნევს (გაგოშიძე 1982: 34).

1967 წ. ლოჭინის მიდამოებში აღმოჩენილი სამარხეული ნივთებიდან აღსანიშნავია: ბრინჯაოს წვრილი მათულისაგან დამზადებული 3 ზურგჩაზნექილი სამაჯური, რომელთა თავები ბოლოვდება სფერული ბურცობებით; ბრინჯაოს წვრილი რგოლები; რკინის ბეჭდის ნატეხები და თიხის ორიოდე ჭურჭელი. 1933 და 1967 წლებში ლოჭინის მიდამოებში შემთხვევით აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალის თარიღი ზოგადად ძვ. წ. III-I სს-ით შეიძლება განისაზღვროს.

ლოჭინის ნასოფლარი მდებარეობს ლოჭინის ხევის მარცხენა ნაპირზე, სოფ. გამარჯვების ტერიტორიაზე. ნასოფლარი განლაგებული ყოფილა ბორცვზე (ბორცვის დაახლოებითი ზომები: 100X50X4 მ). ნასოფლარს დასავლეთიდან ხევი ჩამოუდის. დანარჩენი მხრიდან დაახლოებით 2 მ სიღრმის ხელოვნური თხრილი შემოუყვება. აქ გაითხარა ერთი ნაგებობის ერთი ოთახი, მეორე შენობის სამი ოთახი და მათ შორის არსებული გასასვლელი. ოთახების ზომებია: პირველი ნაგებობის ოთახისა 7X4 მ, მეორე ნაგებობის პირველი ოთახისა 4X2 მ, მეორე ოთახისა 4X4 მ, მესამე ოთახისა 4X2 მ. ოთახები გეგმით სწორკუთხაა. ნაგებია რიყისა და ფლეთილი ქვით თიხის ხსნარზე. კედლები თიხითაა შელესილი (აბრამიშვილი, ჭილაშვილი 1962: 197). თიხის იატაკი ზოგჯერ მოგებულია ქვიშაქვის ფილებით. ნაგებობები კრამიტით ყოფილა გადახურული. სამეურნეო დანიშნულების ერთ-ერთ სათავსოში აღმოჩნდა მარცვლეულის შესანახი ორი ხარო. გათხრებისას გამოვლინდა რამდენიმე მოზრდილი ქვევრიც. არქეოლოგიური მასალა ძირითადად კერამიკაა. ქვევრები ხასიათდება დიდი ზომებით. აქვთ დაბრტყელებული პირი, დაბალი ყელი. კონუსური მოყვანილობის ქვედა ნაწილი ბოლოვდება ბრტყელი ძირით. გამომწვარია ღია მოწითალოდ. ჩაფები მოზრდილებია. ყელის წიბოზე მიერთებული აქვთ ერთი ან ორი ყური. თიხა წვრილმარცვლოვანია. გამომწვარია მოჩალისფროდ. კეცი მკვრივია (აბრამიშვილი, ჭილაშვილი 1962: 198). მოწითალოდ გამომწვარი ზედაპირნაპრიალები თიხის ჭურჭლიდან საინტერესოა მცირე ზომის ხელადა, რომელსაც ყელზე ამოკაწრული აქვს დაქარაგმებული ორი ასომთავრული ასო „ძე“. თიხის ჭურჭლის ფრაგმენტების ერთი ნაწილისათვის დამახასიათებელია ამოკაწრული, ტალღოვანი კონცენტრული ხაზებით შემკობა. დოქის ყელ-გვერდის ერთ-ერთ ნატეხზე ამოკაწრულია ე. წ. „ბოლნური“ ჯვარი და ქართული ასომთავრული წარწერა, რომლისგანაც მხოლოდ „კ“ და „ო“ ასო იკითხება. ცალკე ჯგუფად გამოიყოფა მსხვილმარცვლოვანი თიხისაგან დამზადებული კერამიკის ფრაგმენტები. ჭრაქები ორი ტიპისაა: ვერტიკალურშვერილიანი და მაღალტანიანი, წელში გამოყვანილი ჭრაქები. კრამიტები ბრტყელია. მათი სიგრძე 42 სმ-მდე აღწევს. აქვეა აღმოჩენილი სალესი ქვები. გათხრებისას მრავლად გამოვლინდა წვრილფეხა საქონლის ძვლები. ნასოფლარი ერთფენოვანია. თარიღდება IV-VI სს-ით. სოფელი განადგურებულა უეცარი კატასტროფის შედეგად. რაზეც მიუთითებს ცეცხლის კვალი (აბრამიშვილი, ჭილაშვილი 1962: 198, 200-202).

გათხრების პარალელურად წარმოებული დაზვერვებით გაირკვა, რომ ლოჭინის ხევი ადრე შუა საუკუნეებში მჭიდროდ ყოფილა დასახლებული. ხევის მიდამოებში აღმოჩნდა სამაროვანი და ორი ნასოფლარი, – ერთი – გათხრილი ნასოფლარის პირდაპირ, ხევის მარჯვენა ნაპირზე, მეორე – ნასოფლარიდან სამხრეთით, სამიოდე კმ-ის დაშორებით, ლოჭინის ხევის მარცხენა ნაპირზე (აბრამიშვილი, ჭილაშვილი 1962: 203).

ლოჭინის ხევიდან მომდინარე შემთხვევით აღმოჩენილი და გათხრებით მოპოვებული არქეოლოგიური მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი).
 
ბიბლიოგრაფია: აბრამიშვილი, ჭილაშვილი 1962: 197-206; ბაგრატიონი 1986: 29, 79; გაგოშიძე 1982: 34; გიულდენშტედტი 1962: 261; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 277; თავგადასავალი ... 1913: 98, 135; ლომთათიძე 1977: 107; ლორთქიფანიძე 1969: 105, 106, 108; ორბელიანი 1981: 238; სომხურ ხელნაწერთა ... 1978: 78; ტფილელი 1998: 619, 626; ფხაკაძე 1999: 27-31; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 271; ქც 1: 349,19; ქც 2: 405,22; ქც 4: 331,19; 333,17; 429,26; 537,18; 538,16; ცხოვრება ... 1980: 76.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9