მა მგ მე მთ მი მლ მო მრ მტ მუ მც მძ მწ მჭ
მაკ მამ მან მარ მაღ მაშ მაჭ მახ

მამება

მონასტერი (ქც 4: 365,2).

იხსენიება ვახუშტი ბაგრატიონის თხზულებაში „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 365,2).

ვახუშტი ბაგრატიონი მამების შესახებ გადმოგვცემს: „კასპის ზეით, წლევის მთაში, არს მონასტერი მამებას“ (ქც 4: 365,2). აუგია თათე სტეფანწმიდელს, ერთ-ერთს ცამეტ ასურელ მამათაგანს. თათე სტეფანწმიდელი მის მიერ აგებულ მონასტერში დაუკრძალავთ (ქც 4: 365,3).

მდებარეობს კასპის მუნიც-ში, კასპიდან ჩრდილოეთით, 8 კმ-ის დაშორებით, თეთრახევის სათავეში, წლევის მთაში (იოსელიანი 1876: №6).

მონასტრის იოანე ნათლისმცემლის დარბაზული ეკლესია (6X4 მ) ნაშენი ყოფილა თლილი ქვითა და აგურით კირხსნარზე. სამხრეთიდან მიშენებულ კარიბჭეს აქვს თაღოვანი შესასვლელი. აქედან ერთი კარი შედის ეკლესიაში, მეორე კი მინაშენში (4X3 მ). ეკლესიას აღმოსავლეთ ფასადზე ჰქონია ასომთავრული წარწერა: „ქრისტე, სახელითა ღვთისაითა, მე ილარიონ სამთავნელმა, ძემან ვაჩე ყანჩაელისამან აღვაშენე წმინდა ესე ეკლესია საყოფელად წმიდისა ნათლისმცემელისა, ბრძანებითა ფასის მიღებითა სულკურთხეულისა მამისა ჩემისა ქორონიკონსა სნბ (1032) ვინ რაითაცა მიზეზითა ესე უდაბნოი წმიდასა საყდრისა ამოხუას, კრულ იყოს სიტყუითაი ღვთისაითა“ (ბროსე 1851: 125, 126). წარწერაში მოხსენიებულია იოანე სამთავნელი, რომელსაც 1030 წ. აუშენებია სამთავისის ტაძარიც (ქრონიკები 1892: 171). წარწერა ინახება კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში (მაკალათია 1964: 15). ეკლესიის სამხრეთ კედელზე, კართან ყოფილა მეორე წარწერა: „ქრისტე, ადიდე შენ მიერ დამყარებული, უძლეველი ბაგრატ კურაპალატი, რომელისათა ზე აღეშენა წმინდა ესე ეკლესიაი, სახლი წმიდისა ნათლის მცემლისა, სალოცველად მეფობისა მათისა ხელითა ჩემ გლახაკისა ილარიონ სამთავნელისა ძისა ვაჩე ყანჩაელისა“ (ბროსე 1851: 126). წარწერაში იხსენიება ბაგრატ IV კურაპალატი (1027-1072) და ილარიონ სამთავნელი. წარწერა ინახება ს. მაკალათიას სახ. გორის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში (მაკალათია 1964: 15).

მამების მონატრის ტერიტორია არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
 
ბიბლიოგრაფია: ბაქრაძე 1875: 33; ბროსე 1851: 125, 126; იოსელიანი 1871: №6; მაკალათია 1964: 15; ქრონიკები 1897:171; ქც 4: 365,2,3.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9