მა მგ მე მთ მი მლ მო მრ მტ მუ მც მძ მწ მჭ
მაკ მამ მან მარ მაღ მაშ მაჭ მახ

მანგლისი


(ქც 1: 118,1, ქც 4: 89,14). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ლეონტი მროველის „ნინოს მიერ ქართლის მოქცევა“ (ქც 1: 118,1), ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 89,14; 113,27; 123,8; 160,17; 271,10,15,27; 272,14; 325,15,22; 422,1), ჯუანშერის „ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა“ (ქც 1: 198,16; 227,13), „ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი“ (ქც 1:341,2), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრების“ პირველი და მეორე ტექსტი (ქც 2: 334,1,18,32; 335,22; 385,31; 466,5,24; 467,22), „მოქცევაი ქართლისაი“ (მქ 1963: 87), 1047-1053 წწ. „მათესა და იოანეს სახარების თარგმანი“ (ქრონიკები 1892: 191-193, 195), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 47), პაპუნა ორებლიანის „ამბავნი ქართლისანი“ (ორბელიანი 1981: 110), ნიკო დადიანის „ქართველთ ცხოვრება“ (დადიანი 1962: 82, 84, 129), XVI-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (მასლები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 136; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 515, 693, 694, 928; 1981: 13; ქრონიკები 1897: 395, 495; ქართლ-კახეთის ... 1903: 227, 263; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 82, 83; 1953: 7, 8, 175; საქ. სიძ. 1920: 189, 305, 306), ეპისტოლეთა წიგნი (ეპისტოლეთა წიგნი 1968: 1, 134), მოვსეს კალანკატუაცის „ალვანთა ქვეყნის ისტორია“ (კალანკატუაცი 1985: 128), უხტანესის „ისტორია გამოყოფისა ქართველთა სომეხთაგან“ (უხტანესი 1975: 139, 173, 203), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 207).

ვახუშტი ბაგრატიონი მანგლისის შესახებ გადმოგვცემს: მდ. ალგეთისა და მჟვის ხევის შესართავს „ქუეით არს მანგლისი, ეკლესია გუმბათიანი, აღაშენა დიდმა კონსტანტინემ მირიან მეფის ჟამს და დაასუენა აქა ფერხის ფიცარი უფლისა; აროდეს შემუსვრილ არს. სამხრით გუმბათსა შინა არს მაჰმად, ლომსა ზედა მჯდომარე დახატული. იტყვიან ამის გამო მოჰმადიანთა არა შეუმუსრავთ. ზის დასმული გორგასლისაგან ეპისკოპოზი, მწყემსი ალგეთის ხეობისა და ქციის ზემოთისა თრიალეთამდე“ (ქც 4: 325,15-21).

მდებარეობს თეთრი წყაროს მუნიც-ში, მდ. ალგეთის მარცხენა მხარეს, სოფ. მანგლისის ტერიტორიაზე.

წყაროებში მოიხსენიება ქართლში ქრისტიანობის გავრცელებისა და პირველი ეკლესიების მშენებლობის შესახებ თხრობისას. მირიან მეფემ საბერძნეთიდან მოიწვია „კირითხურონი და ქვისმთლელნი“, რომლებმაც ააშენეს მანგლისში ეკლესია და დაასვენეს კეისრის მიერ გამოგზავნილი ფიცარი, რომელზეც უფლის ფეხი იყო მილურსმული (მქ 1963: 87; ქც 1: 118,1). VI ს-ში მანგლისში საეპისკოპოსოა (ქც 1: 198,16; ქც 4: 113,27). ქალკედონის 506 წ. კრების მონაწილე ეპისკოპოსთა შორის მოხსენიებულია ალაგრეს მანგლელი (ეპისტოლეთა წიგნი 1968: 97; უხტანესი 1975: 139). მანგლისის ეკლესიაში სალოცავად მოდიოდნენ მეზობელი ქვეყნების ქრისტიანები. ქართველ-სომეხთა განხეთქილების შემდეგ აბრამ კათოლიკოსი მოუწოდებდა ალბანელებსა და სომხებს, არ წასულიყვნენ მანგლისს ჯვრის თაყვანისსაცემად (უხატნესი 1975: 173; კალანკატუაცი 1985: 128). 639 წ. ჰერაკლე კეისარმა (610-641) წაიღო მანგლისიდან ფიცარი, რომელზეც უფლის ფეხი იყო მილურსმული (ქც 4: 123,8). 1121 წ. 18 აგვისტოს თურქთა ჯარი შემოესია თრიალეთს, მანგლისს, დიდგორს. დავით აღმაშენებელმა მტერი დიდგორთან დაამარცხა (ქც 1: 341,2; ქც 4: 160,17). 1396 წ. მანგლისში ორი თვე იდგა თემურ-ლენგი. 1397 წ. ის კვლავ მისულა მანგლისს (ქც 2: 334,1,18,32, 335,22). 1609 წ. თათართა ჯარმა გადაწვა მანგლისი და კველთა (ქც 2: 385,31). ჯავახეთიდან გადმოსულ ლეკთა ჯარს თეიმურაზ II-მ (1744-1762) დაადევნა ლაშქარი, რომელმაც მანგლისთან დაამარცხა მტერი (ორბელიანი 1981: 110). 1721 წ. აღწერით მანგლისში ითვლებოდა 1 მებატონე და 27 გამომღები ყმა (ლორთქიფანიძე 1935: 325).

მანგლისში შემთხვევით აღმოჩნდა განძი, რომელიც შედგება ბრინჯაოს ბალთების, ზარაკების, ირმისა და სხვა ცხოველის ქანდაკებების, ხვიებისა და მძივებისაგან.

1923 წ. ლ. მელიქსეთ-ბეგმა მანგლისში გათხარა ქვის სამარხები. ისინი ინდივიდუალურია. სამარხებში მიცვალებულები ჩაესვენებინათ ძლიერ მოხრილ პოზაში მარჯვენა ან მარცხენა გვერდზე, თავით ნებისმიერ მხარეზე (მელიქსეთ-ბეგი 1924: 77-79; საქ. არქ. 1959: 283). სამარხეული მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი).

მანგლისის განაპირას, ძველ მანგლისში აღმართულია გუმბათიანი ტაძარი (ტეტრაკონქი, 22,5X16X23,5 მ). IV ს-ში იქ პირველად აუშენებიათ ქვის ეკლესია. V ს-ში ააგეს ახალი აკლესია, ხოლო XI ს-ში ის გადააკეთეს და გააფართოეს. მიაშენეს სამხრეთისა და დასავლეთის კარიბჭეები. ჩასვეს ახალ პერანგში და მოაჩუქურთმეს. გუმბათში შემორჩენილია კედლის მხატვრობის ფრაგმენტები. შესასვლელი აქვს სამხრეთიდან და დასავლეთიდან. სარკმლები თითო-თითოა ყველა აფსიდაში. გუმბათის ყელში ექვსი ფართო სარკმელია. აფსიდები ნახევარწრიულია. ტაძარს აქვს სამკვეთლო და სადიაკვნე. ძეგლი გადახურულია წითელი კრამიტით. სამხრეთი კარიბჭის აფსიდაში სარკმელთან მოთავსებულია წარწერა, რომელზეც მ. ბროსე და ექ. თაყაიშვილი კითხულობდნენ „ბაღუაშ“-ს. აკ.შანიძე – „ბაღათურ“-ს. შემორჩენილი წარწერებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია სამხრეთი კარიბჭის შესასვლელის თაღზე გარედან მოთავსებული, რომელშიც მოხსენიებულია მეფე გიორგი I (1014-1027).

ტაძარს გარს უვლის მაღალი გალავანი, რომელსაც შესასვლელი აქვს აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან. გალავანს ჩრდილო-აღმოსავლეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ კუთხეებში აქვს ცილინდრული კოშკები. გალავანი მრავალჯერაა შეკეთებული. ნაგებია ფლეთილი ქვით კირხსნარზე. შიგადაშიგ დიდი ქვათლილებია. აღმოსავლეთ კარებთან მოთავსებული წარწერის მიხედვით, გალავანი 1667 წ. აუგია არსენ ეპისკოპოსს. გალავნის შიგნით სხვადასხვა შენობების ნაშთებია (დვალი 1974).
 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 47; ბარნაველი 1961; ბერიძე 1974: 145; გიულდენშტედტი 1962: 207; დვალი 1974; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 82, 83; 1953: 7, 8, 175; ეპისტოლეთა წიგნი 1968: 115, 135; თოდრია 1970: 48-53; კალანკატუაცი 1985: 128; ლორთქიფანიძე 1935: 325; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 136, 137; მქ 1963: 87; ორბელიანი 1981: 110; საქ. არქ. 1959: 283; საქ. სიძ. 1920: 189, 305, 306; სამი ისტ. ქრ. 1890: 1-35; უხტანესი 1975: 139, 173, 203; ქართლ-კახეთის ... 1903: 263; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 515, 693, 694, 928; 1981: 13; ქრონიკები 1892: 191-193, 195; 1897: 395, 495; ქც 1: 118,1; 198,16; 227,13; 341,2; ქც 2: 334,1,18,32; 335,22; 385,31; 466,5,24; 467,22; ქც 4: 89,14; 113,27; 123,8; 160,17; 271,10,15,27; 272,14; 325,15,22; 422,1.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9