მა მგ მე მთ მი მლ მო მრ მტ მუ მც მძ მწ მჭ
მაკ მამ მან მარ მაღ მაშ მაჭ მახ

მარნეული


(ქც 4: 325,2). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 325,2; 327,24,25; 496,15-17), პაპუნა ორბელიანის „ამბავნი ქართლისანი“ (ორბელიანი 1981: 55, 157, 174, 175), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 46), XVIII ს-ის ისტორიული საბუთები (მასალანი საქ. სტატ. ... 1907: 12; საქ. სიძ. 1920: 127; მასალები საქ. ეკ. ისტ. 1938: 71; 1953: 28; 1955: 141; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1953: 17; ქართ. სამართ. ძეგ. 1974: 45, 46; ქრონიკები 1967: 64, 631; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 50, 90, 94, 159), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 83, 245).

მდებარეობს ქვემო ქართლში, მდ. ალგეთის ნაპირებზე, თოფრაყალას ჩრდილო-დასავლეთით, ღლოვანას აღმოსავლეთით (ლორთქიფანიძე 1935: 326). წარმოადგენს რაიონულ ცენტრს.

ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით, მარნეულის ძველი სახელწოდებაა ლომთა გორა (ქც 4: 325,2). XVII ს-ში ირანის შაჰმა აბას I-მა (1587-1629) აქედან აყარა ქართველები და მათ ნაცვლად ბორჩალოს თურქმანული ტომები დაასახლა. 1717 წ. მარნეულთან მოხდა ბრძოლა ლეკის ჯარსა და ქართველებს შორის (საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 50). 1721 წ. მარნეულში 58 კომლს უცხოვრია (მასალანი საქ. სტატ. ... 1907: 12). 1750 წ. თეიმურაზ II-ის (1744-1762) ბრძანებით დიმიტრი ორბელიანმა ააშენა მარნეულის ციხე (საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 94). სახელწოდება მარნეული XIX ს-ში თანდათან გამოსულა ხმარებიდან და მისთვის სარვანა უწოდებიათ. 1932 წ. სოფ. სარვანას ბორჩალო შეარქვეს. 1947 წ. ბორჩალოს დაუბრუნდა ძველი სახელწოდება მარნეული (ხარაძე 1991: 92, 93).

მარნეულის ველზე 1965-1968 წწ. ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ქვემო ქართლის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. ო. ჯაფარიძე) შეისწავლა 9 ყორღანი. მათგან ყველაზე ადრეულია შულავერსა და შაუმიანს შორის, გზასთან მდებარე, წრიული მოყვანილობის, მიწაყრილიანი, კოლექტიური დაკრძალვისათვის განკუთვნილი მესამე ყორღანი (სიმაღლე 2 მ, დმ 20 მ). ცენტრალური ორმო (სიღრმე 1 მ, დმ 1,20 მ,) ცარიელი აღმოჩნდა.

ყრილში გამოვლინდა 2 სამარხი, რომელთაგან ერთი ადამიანის დაშლილ ძვლებთან ერთად შეიცავდა თიხის ტოლჩას, ბადიას, ძვლის კვირისტავს და ხარის ძვლებს.

მეორე სამარხში მიცვალებული ესვენა მარჯვენა გვერდზე, ძლიერ მოკეცილი ფეხებით. ჩატანებული ჰქონდა თიხის 5 ჭურჭელი. ყორღანი თარიღდება ადრეული ბრინჯაოს ხანით (ჯაფარიძე 1975: 137-158).

იმავე პერიოდით თარიღდება, ოღონდ რამდენადმე უფრო მოგვიანო ჩანს მარნეულის ველის 4-ე-9-ე ყორღანები. მათგან განსაკუთრებით საინტერესოა მეცხრე, რომელიც ზედ სოფ. ქვემო სარალთან მდებარეობს. ყორღანის ზომებია: სიმაღლე 2 მ, დმ 34 მ. ოთხკუთხა ორმო ყორღანის ცენტრალურ ნაწილშია. სამარხში აღმოჩნდა: ბრინჯაოს ყუამილიანი ცული, ბრტყელი ცული, სატევრის პირი, სადგისი, სატეხი, ობსიდიანის ისრისპირი და თიხის ჭურჭლები. ყორღანი თარიღდება ძვ. წ. III ათასწლეულის ბოლო ხანებით. ყორღანებში გამოვლენილი არქეოლოგიური მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი). (ჯაფარიძე 1975: 137-158).

მარნეულიდან ცნობილია შემთხვევით აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალები. 1959 წ. მარნეულის ჩრდილოეთ საზღვართან აღმოჩნდა ბრინჯაოს მთლიანადსხმული მახვილის ფრაგმენტი. დაფანჯრულთავიანი ტარი შემკულია კოპებით. პირზე შეიმჩნევა ქედის კვალი. მახვილი თარიღდება ძვ. წ. XI-X სს-ით (ფიცხელაური 1973: 189).

1968 წ. მარნეულის მიდამოებში აღმოჩნდა ბრინჯაოს მრგვალგანივკვეთიანი თავგახსნილი სამაჯური და ლეგა ფერის დოქის ყელ-პირის ნატეხი. 1970 წ. მარნეულში „ლომთა გორაზე“ მიწის სამუშაოების დროს აღმოჩნდა ბრინჯაოს ცულები. მათგან 2 ბრტყელი ცულია, რომელთაგან ერთი ცალი მხრიდან ოდნავ ამობურცულია. აქვს სიმეტრიული პირი და სამკაპა თავი (სიგრძე 18 სმ); მეორის პირი გაცვეთილია. თავთან აქვს ორ-ორი შვერილი (სიგრძე 14,7 სმ); ბრინჯაოს კოლხური ტიპის ცული ყუამაღალია. სატარე ხვრელი დაწახნაგებულია. სატარის კედლებს გარედან სამი წიბური დაუყვება. პირი ასიმეტრიულია (სიგრძე 18,6 სმ). ბრინჯაოს ე. წ. „აღმოსავლურ-ამიერკავკასიური“ ტიპის ცული მასიურია. ყუაზე აქვს შვერილი. სატარე ხვრელი ოვალურია. პირი სეგმენტისებურია (სიგრძე 17,6 სმ). ამავე ტიპისაა ბრინჯაოს 7 პატარა ზომის ცული. აღწერილ ნივთებთან ერთად აღმოჩნდა ბრინჯაოს მრგვალგანივკვეთიანი 5 სხვადასხვა ზომის სამაჯურის ნატეხი. ერთი მათგანი გრეხილია და საკისრე რგოლი უნდა იყოს. აქვეა გამოვლენილი ბრინჯაო, თხელი ფირფიტისაგან დამზადებული ჭურჭლის ფრაგმენტები. ნივთები თარიღდება გვიანი ბრინჯაოს ხანით. ნივთების აღმოჩენის ადგილას გამოვლენილია სადნობი ქურის ნაშთიც. მარნეულში შემთხვევით აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი).

მარნეულის ტერიტორიაზე შემორჩენილია მეგალითური ციხის ნაშთები და ადრე შუა საუკუნეების დარბაზული ტიპის ეკლესია.
 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 46; გიულდენშტედტი 1962: 83, 245; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1953: 17; ლორთქიფანიძე 1935: 326; მასალანი საქ. სტატ. ... 1907: 12; მასალები საქ. ეკ. ისტ. 1938: 71; მასალები საქ. ეკ. ისტ. 1953: 28; 1955: 141; ორბელიანი 1981: 55, 157, 174, 175; საქ. არქ. 1992: 171, 202-204; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 50, 90, 94, 159; საქ. სიძ. 1920: 127; ფიცხელაური 1973: 189; ქრონიკები 1967: 64, 631; ქც 4: 325,2; 327,24,25; 496,15-17; ჯაფარიძე 1975: 137-158; ხარაძე 1991: 92, 93.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9