ნუხპატი, ნოპატი, ციხე-ქალაქი, ეკლესია (ქც 4: 540,23).
იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ჯუანშერის „ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა“ (ქც 1: 244,1), ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 540,23).
ვახუშტი ბაგრატიონი ნუხპატის შესახებ გადმოგვცემს: „ბელაქნის წყალი გამოსდის ხუნზახსა და ამათ შორისს კავკასს ... აქ მთის კალთას, არს ციხე მაკაბელი და სასახლე მეფეთა, რომელსა ეწოდა პირველ ნოხპატო. აქ აღაშენა ... მეფემან არჩილ ციხე და ეკლესია“ (ქც 4: 540,20-23).
ნოხპატოს ლოკალიზაციის შესახებ სხვადასხვა მოსაზრებაა გამოთქმული: 1. ნოხპატო მდებარეობს ბელაქანში და ლეკეთის ნაწილს შეადგენს (ბროსე 1849ა: 201, 250). 2. ნოხპატო ახლანდელი ნუხია და მდ. გიშისწყალზე მდებარეობს (ბაგრატიონი 1904: 147, შენ. 262; 150, შენ. 274; ბერძენიშვილი 1953: 68; 1965: 254). 3. ნოხპატო ჰერეთის მთიანეთი იყო, რომელიც ქართლის სახელმწიფოში შემავალ ქვეყანას წარმოადგენდა. ნოხპატო მდებარეობდა მდ. ბელაქნის წყლის აუზში, მის შუა დინებაზე, კავკასიონის ერთ-ერთ სამხრეთ კალთაზე (პაპუაშვილი 1970: 150). 4. ნოხპატო მდებარეობდა დაღესტანსა და საინგილოს შორის, შაქის ანუ ნუხის მიდამოებში (ომარაშვილი 1999: 129).
ციხე-ქალაქი ნოხპატო VIII ს-ის შუა ხანებში დაარსა ქართლის მეფე არჩილმა (VIII ს-ის 40-50-იანი წლები).
ნუხის მუნიც-ის არქეოლოგიური შესწავლა 1925-1926 წწ. მიმდინარეობდა (ხელმძღ. დ. შარიფოვი). გაითხარა ძველი ალბანეთის დედაქალაქის – კაბალას ნანგრევები და სამარხები, სადაც ძვ. წ. I-ახ. წ. I სს-ის იალოილუ-თეფეს კულტურის კერამიკა და ძველი ალბანეთის დედაქალაქ კაბალას ნანგრევები დადასტურდა (ტრევერი 1959: 34, 47, 74).
- ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1904: 147, შენ. 262; 150, შენ. 274; ბერძენიშვილი 1953: 67-86; 1965: 254; ბროსე 1849ა: 201, 250; ომარაშვილი 1999: 115-133; პაპუაშვილი 1970: 150; ტრევერი 1955: 34, 47, 79, 158, 166, 257, 261; ქც 1: 244,1; ქც 4: 540,23; ჯანაშვილი 1910ა: 7.
იხილეთ ლექსიკონის (ფოტოებიანი) ელ-რესურსი, PDF ფაილი
Source: „ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.