მარტვირი (ქც 4: 154,22; 776,18,19, სქ. 2).
იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 154,22; 776,18,19, სქ. 2; 777,19; 883,1), „მატიანე ქართლისა“ (ქც 1: 265,10; 303,26; 315,2), დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის „ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი“ (ქც 1: 319,18), ბასილი ეზოსმოძღვრის „ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი“ (ქც 2: 123,4), ქართული ისტორიული საბუთები (ქრონიკები 1897: 413; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 198; 1970: 580; დას. საქ. საბ. 1921:2, 13-16, 20, 34, 113; ბურჯანაძე 1959: 194), არქანჯელო ლამბერტის „სამეგრელოს აღწერა“ (ლამბერტი 1938: 120), პავლე ალეპოელის „საქართველოს აღწერილობა“ (მასალები XVII საუკუნის ... 1973: 71), პატრიარქი მაკარიოსი (ჟუზე 1905: 46, 61), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 149, 323).
ვახუშტი ბაგრატიონი მარტვილის შესახებ გადმოგვცემს: „ბანძას ზეით და ცხენისწყლის დასავლით, და მისი მჭურეტი, მაღალს ადგილზედ, არს ჭყონდიდი ეკლესია გუმბათიანი, დიდშენი, მარტვირისა“ (ქც 4: 776,17-19).
მდებარეობს ოდიშის დაბლობზე, მდ. ინჩხიას მარჯვენა ნაპირზე, ახლანდელ ქ. მარტვილის ტერიტორიაზე.
წყაროებში სხვადასხვა სახელით იხსენიება: „ჭყონდიდი“ (ქც 1: 265,10; 319,18; ქც 2: 123,4), რაც კოლხურ „დიდი მუხას“ ნიშნავს; „მარტვირი“ (ქც 4: 776,19); „მარტვილი“ (დას. საქ. საბ. 1921: 16; გიულდენშტედტი 1962: 149, 323), რაც ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს „წამებულს“.
მარტვილი შუა საუკუნეებში საეპისკოპოსო ცენტრი იყო და საქართველოს ერთ-ერთ მნიშვნელოვანი კულტურულ-საგანმანათლებლო კერას წარმოადგენდა.
ის არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
მარტვილის მიდამოებში 1966 წ. სადაზვერვო ხასიათის სამუშაოები ჩაატარა ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის დასავლეთ საქართველოს საძიებო-არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. გ. გრიგოლია). 1974-1976, 1979-1981 წწ. არქეოლოგიური გათხრები აწარმოვა ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ნოსირი-მუხურჩის არექოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. ე. გოგაძე). 1977-1982 წწ. იმავე მუზეუმის ნოქალაქევის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. პ. ზაქარაია).
მარტვილის ტაძართან დადასტურებულია ადრეანტიკური ხანის კოლხური ქვევრების, ამფორების ფრაგმენტები (გრიგოლია ... 1973: 17). მარტვილში, მდ. ინჩხიას მარჯვენა ნაპირზე შემთხვევით აღმოჩნდა აბანოს ნანგრევები. მისი გეგმა არ იკითხება. გადარჩენილია მცირე მასალა: კალორიფერის კერამიკული სადგრები, კერამიკული ფილისა და სვეტის ფრაგმენტები (ზაქარაია, კაპანაძე 1991: 125, 126). ზოგადად თარიღდება IV-VIII სს-ით.
მარტვილის ტაძარი მდებარეობს მარტვილის ცენტრში. ჯვრის ტიპის ნაგებობაა (სიგრძე 21 მ, სიგანე 17,5 მ, სიმაღლე 23 მ). ნაშენია რიყისა და თლილი ქვით. ტაძარი მრავალჯერაა გადაკეთებული. აგებულია VII ს-ში. საფუძვლიანად განუახლებიათ X ს-ში (ჩუბინაშვილი 1936: 115-128; ბერიძე 1974: 108). ინტერიერში ყოფილა ასომთავრული წარწერა: „(ღმერთო შეიწყალე) მეფე აფხაზთა (და ქართველთა ორთავე შინა) ცხოვრებათა აღაშენა წმიდა ესე სანათლა(ვი) ... დასაბამითგან წელთა ქ (?) ქორონიკონსა სივ“. წარწერა 996 წ. შესრულებულია (თაყაიშვილი 1993: 4). ტაძრის ზედა ნაწილში, თაღზე, ფრესკებს შორის XV-XVII სს-ის ბერძნული წარწერებია (ყაუხჩიშვილი 1951: 91-104). ტაძარში დაცულ ხატებზე შემორჩენილია XV-XVIII სს-ის ასომთავრული და მხედრული წარწერები (თაყაიშვილი 1993: 7-27). ტაძრის მხატვრობა XVI-XVII სს-ს განეკუთვნება (ბერიძე 1974: 108). ჩრდილოეთის კარის თავზე გამოსახულია კაცია ჩიქოვანი ოჯახთან ერთად (XVII ს) (თაყაიშვილი 1993: 69).
მარტვილის მუნიც-ის სოფ. აბედათი მდებარეობს ქ. მარტვილის დასავლეთით, მდ. აბაშის მარჯვენა ნაპირზე. იქ დადასტურებულია მუსტიესა და ზედა-პალეოლითური მასალა (გრიგოლია ... 1973: 17). გამოვლენილია ადრებრინჯაოს ხანის ნამოსახლარი, რომელშიც აღმოჩნდა ჯამისებური ჭურჭლის ნატეხები, ცილინდრულყელიანი და სწორკედლიანი ჭურჭლის ფრაგმენტები, რიყის ქვისაგან დამზადებული სატეხები, ხელჩაქუჩი, თიხა-ფიქალის სამაჯურის ნატეხები, კაჟის ისრისპირები, ნამგლის ჩასართები, სახვრეტები, ანატკეცები, ლამელები (გრიგოლია ... 1973: 25, 26).
სოფ. სერგიეთის ჩრდილო ნაწილში, მდ. ისკიას მარჯვენა ნაპირზე აღმოჩნდა ენეოლითური ხანის ნამოსახლარი. არქეოლოგიური მასალა წარმოდგენილი იყო ცილინდრულყელიანი ჭურჭლის პროფილირებული, თხელკედლიანი და სქელკედლიანი ნატეხებითა და ბათქაშებით (გრიგოლია ... 1973: 22).
სოფ. ნაგვაზაოში, მდ. ნოღელას მარცხენა, 10 მ სიმაღლის ტერასაზე აღმოჩნდა ნეოლით-ენეოლითის ხანის ფოროვანი და თიხა-ფიქლის ქვისაგან დამზადებული სატეხები, კაჟის საფხეკები, ანატკეცები, ლამელები; სოფლის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს ნამოსახლარი „ზურგა“, სადაც აღმოჩნდა ადრებრინჯაოს ხანის ცილინდრული ფორმის ჯამის, ცილინდრულყელიანი ჭურჭლის ფრაგმენტები; კაჟის ისრისპირის ნატეხები; გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის ჯამის, სასმისებისა და კანელურებიანი ჭურჭლის ნატეხები (გრიგოლია ... 1973: 22, 23, 27).
სოფ. საელიაოში, მდ. ინჩხურის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს ნამოსახლარი ბორცვი – „კურზია“, სადაც აღმოჩნდა დერგის ფრაგმენტები, ცილინდრული ფორმის, თხელკედლიანი ჭურჭლის ნატეხები, კაჟის ისრისპირები, ნამგლის ჩასართი, ქვიშაქვის კვირისტავი, ხელსაფქვავი, კაჟის სახოკები, ლამელები, ანატკეცები, ნუკლეუსები, ბრტყელძირა სასმისების, მრგვალმუცლიანი ჭურჭლის ფრაგმენტები; ნამოსახლარი ადრებრინჯაოსა და გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანით თარიღდება (გრიგოლია ... 1973: 23-25, 28).
სოფ. ლეხაინდრაოში, „გოგიაშ ნაოხვამუ“ I-ის ბორცვზე აღმოჩნდა ცილინდრული ფორმის ჯამის ნატეხები; ნამოსახლარი გვიანბრინჯაოს ხანის დასაწყისით თარიღდება (გრიგოლია ... 1973: 28); „გოგიაშ-ნაოხვამუ“ II-ის ბორცვზე დადასტურებულია ანტიკური ხანის სინოპური ამფორის ყურები; ადგილობრივი ამფორის ნატეხები, სამზარულო კერამიკის ფრაგმენტები; ქვის არქიტექტურული დეტალი, ხელსაფქვავის ფრაგმენტები (გრიგოლია ... 1973: 36);
სოფ. მუხურჩის დასავლეთ მხარეს 1974-1976 და 1979-1981 წწ. გაითხარა ნამოსახლარი ბორცვები – „კეკელური ზურგა“ და „ნაჭვის ზუგა“. „კეკელური ზუგას“ საერთო ფართობი შეადგენს 1200 კვ მ-ს, სიმაღლე 3 მ-ია. დადასტურებულია 4 ფენა. აღმოჩენილია კრამიტისებურპირიანი და მოყავისფრო პირგადაშლილი ჭურჭლის ნატეხები, ღარებიანი, ქილისებური და მრგვალბაკოიანი ჭურჭლის ფრაგმენტები, შავპრიალა და კანელურებიანი ჭურჭლის ნატეხები, რიყისა და ქვიშაქვის ხელსაფქვავები, სანაყები, კვერის საცხობები, ყალიბები, ბათქაშების ფრაგმენტები, საქონლის ძვლები (გოგაძე 1982: 25-33, 57). ნამოსახლარის ფენები სინქრონულია ნოსირის ნამოსახლარის II-III ფენებისა, რომელიც ძვ. წ. XV-XII სს-ით თარიღდება (გოგაძე 1982: 29, 67);
„ნაჭვის ზუგა“ ხელოვნური ნამოსახლარი ბორცვია. მისი ფართობია 1500 კვმ, დმ 40 მ, სიმაღლე 4,5-5, მ. ნამოსახლარი ერთფენიანია. ფენაში აღმოჩნდა: ძელური და თიხალესილი ნაგებობების (ფართობი დაახ. 5X5 მ ან 6X5 მ) ნაშთები; ბათქაშები; შავპრიალა და კანელურებიანი ჭურჭლის ფრაგმენტები, ყალიბები, ხელსაფქვავები, ქვასანაყები, კაჟის ანატკეცები, საქონლის ძვლები. ნამოსახლარი დათარიღებულია ძვ. წ. II ათასწლეულის შუა ხანით და მეორე ნახევრით (გოგაძე 1982: 35, 36).
სოფ. მუხურჩის მახლობლად, მდ. აბაშის მარჯვენა ნაპირას გამოვლინდა სამაროვანი. სამარხების დიდი ნაწილი დაზიანებულია. გადარჩენილია ათიოდე კოლექტიური ორმოსამარხი. დადასტურებულია კრემაცია და მეორადი დაკრძალვის წესი. სამარხეული ინვენტარი შედგება შემდეგი ნივთებისაგან: ბრინჯაოსა და რკინის ცულები; ბრინჯაოსა და რკინის სატევრები; ბრინჯაოს თოხები, სეგმენტები, ფიბულები, ზარაკები, ისრისპირები, უმბონები, სამაჯურები, ბალთები; რიყის ქვის სალესები, ვერცხლის ბეჭდები, კერამიკის ნატეხები; სარდიონის, ქარვის, ფერადი მინის, გიშრის მძივები; ბრინჯაოს ხარ-ჯიხვის, თევზის, ხარის, მამაკაცის ანთროპომორფული ქანდაკებები (ელიავა 1987: 30-72); სამაროვანი ძვ. წ. VIII-VI სს-ით თარიღდება (გოგაძე 1982: 48; ელიავა 1987: 5). განათხარი მასალები ინახება მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.
სოფ. ნოჯიხევში, მდ. აბაშის მარცხენა ნაპირზე 1977. წ გამოვლინდა შუა საუკუნეების ნამოსახლარი, რომელიც V-XVIII სს-ში ფუნქციონირებდა. აღმოჩნდა აბანოს ნაშთები (5,5X10,1 მ). ზედა სართული აღარაა შემორჩენილი. პირველი სართულიდან კალორიფერისა და საცეცხლე განყოფილების ნანგრევებიღაა. მისი გეგმა მთლიანობაში არ იკითხება. ნაგებობა დაახ. V-VI სს-ს უნდა განეკუთვნებოდეს (ზაქარაია, კაპანაძე 1991: 122-125).
აბანოს სამხრეთ-დასავლეთით, ოციოდე მ-ზე გამოვლიდა საძირკვლამდე დანგრეული ტეტრაკონქის ტიპის ეკლესია. გეგმით ოთხი ნახევარწრისაგან შედგება. მცირე ზომისაა. ნაგებია თლილი კირქვითა და შირიმით (ზაქარაია, კაპანაძე 1991: 237). ეკლესია V ს-ის ბოლო მესამედით ან VI ს-ის პირველი ოთხი ათეულით თარიღდება (ზაქარაია, კაპანაძე 1991: 241); ეკლესიის სამხრეთით, 30-ოდე მ-ზე 1978 წ. გამოვლინდა კიდევ ერთი ეკლესია. ის ძლიერაა დაზიანებული. დარბაზული ტიპისაა, ნაგებია თლილი კირქვითა და შირიმით. მის ნანგრევებში აღმოჩნდა კირქვის ფილაზე ამოკვეთილი ასომთავრული წარწერების ფრაგმენტები. ეკლესია XI-XII სს-ის მიჯნით თარიღდება (ზაქარაია, კაპანაძე 1991: 241-243; 254);
ნამოსახლარის ტერიტორიაზე მდებარეობს ციხესიმაგრის ნაშთები. ციხე ოვალური გეგმისაა (სიგრძე 145 მ, სიგანე 70 მ, კედლის სისქე 1 მ). ნაგებია რიყისა და ყორე ქვით. თარიღდება გვიან შუა საუკუნეებით (ზაქარაია 1987ა: 63); ციხის შიგნით, რვააფსიდიანი ეკლესიის ნანგრევებზე გამოვლინდა გვიანი შუა საუკუნეების კარის ეკლესია. მისგან ნანგრევებიღაა შემორჩენილი. ნაგებია ყორე ქვით. ციხის ტერიტორიაზე გამოვლენილია XVI-XVIII სს-ის სასახლის ნაშთები, რომელიც გეგმით კუთხოვანი ფორმისაა. ნაგებია რიყის ქვითა და აგურით (ზაქარაია 1987ა: 63-64).
ნოჯიხევის რვააფსიდიანი ეკლესიის ნანგრევებში აღმოჩნდა XIII ს-ის მონეტების განძი. მის შემადგენლობაშია ტრაპიზონის კეისრის, მანუელ I-ის (1238-1263) სახელზე მოჭრილი 6 მონეტა; 5 მონეტა რუმის სელჩუკური დირჰემებია (ქაიხოსრო II-ის, ქაიქაუს I-ისა და ქაიქაუს II-ის, ყილიჩ-არსლან IV-ის) (აბრამიშვილი 1987: 280-283).
სოფ. კურზუში შემთხვევით აღმოჩნდა ლითონის განძი, რომლის შემადგენლობაშია: სპილენძის უფორმო ზოდი, რკინის ცული, ბრინჯაოს სამაჯურის ნატეხი, ჭურჭლის ნატეხები, სპირალური ხვია. ბრტყელფირფიტოვანი ნივთი, უმბონი. განძი ძვ. წ. VIII-VII სს-ით თარიღდება (ქორიძე 1965: 44, 120). ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი).
სოფ. აბედათის ჩრდილო განაპირას, მთაზე მდებარეობს აბედათის ციხის ნანგევები. ის გაიგივებულია ონოგურისის ციხესთან (ზაქარაია, კაპანაძე 1991: 129). ნაგებობის მშენებლობის სამი ეტაპია დადასტურებული. პირველი პერიოდის ციხის გეგმა არ იკითხება. ნაგებია კირქვითა და რიყის ქვით. გალავნის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში ჩართულია კვადრატული გეგმის კოშკი. მეორე პერიოდის ციხის გეგმა ტრაპეციისებურია. გალავნის სამხრეთით კვადრატული გეგმის კოშკია ჩართული. ის ორსართულიანი უნდა ყოფილიყო. კედლები და კოშკი ნაგებია ფლეთილი ქვით. ციხე V-XVIII სს-ში ფუნქციონირებდა (ზაქარაია, კაპანაძე 1991: 132-136). ეზოს აღმოსავლეთ მონაკვეთში დგას ღვთისმშობლის დარბაზული ტიპის ეკლესია. გეგმით გარედან სწორკუთხედია, ნაგებია კირქვით. ეკლესია IX ს-ით თარიღდება (ზაქარაია, კაპანაძე 1991: 229-231).
სოფ. კოწიაში, მაღალ, ვრცელ სერზე დგას ნოღას XVI ს-ის ციხე. ის წრიული ფორმისაა, ორგალავნიანი. ოთხივე მხარეს ჩართულია ცილინდრული ფორმის სამსართულიანი კოშკები. ნაგებია რიყის ქვით (ელიავა 1971: 78, 79).
სოფ. ნაჯახავოში გამოვლინდა X ს-ის ეკლესიის ნანგრევი. შემორჩენილია ქვედა ნაწილი. ეკლესია (8,3X11,8 მ) დარბაზულია, ნაგებია კირქვისა და შირიმის თლილი ქვებით. წყობაში გამოყენებულია აგური. ეკლესია მოხატული ყოფილა. სამხრეთის მხარეს შემორჩენილია ჯვრის გამოსახულება (ზაქარაია, კაპანაძე 1991: 254-260). სოფლის ცენტრში დგას XVIII ს-ის მცირე ზომის გუმბათიანი ეკლესია. ნაგებია ქვითკირითა და რიყის ქვებით (ელიავა 1971: 34).
სოფ. სალხინოს ჩრდილო-დასავლეთით აღმართულია წაჩხურხუს XVII ს-ის დარბაზული ტიპის მთავარანგელოზის ეკლესია. ნაგებია თლილი და რიყის ქვებით. ფრესკები ნაწილობრივაა შემორჩენილი (ელიავა 1971: 85, 86).
- ბიბლიოგრაფია: აბრამიშვილი 1987: 280-283; ბერიძე 1974: 108; ბოროზდინი 1934: 255; ბურჯანაძე 1959: 194; გიულდენშტედტი 1962: 149, 323; გოგაძე 1982; გრიგოლია ... 1973: 17-38; დას. საქ. საბ. 1921: 2, 13-16, 20, 34, 113; დიუბუა დე მონპერე 1937: 149; ელიავა 1962; 1971; 1987; 1997; ზაქარაია 1987ა: 47-89; ზაქარაია, კაპანაძე 1991; თაყაიშვილი 1993; ლამბერტი 1938: 120; მასალები XVII საუკუნის ... 1973: 71; ქრონიკები 1967: 413; ჟუზე 1905: 46, 61; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 198; 1970: 580; ქორიძე 1965: 44, 120; ქც 1: 265,10; 303,26; 315,2; 319,18; ქც 2: 123,4; ქც 4: 154,22; 776,18,19, სქ. 2; 777,19; 883,1; ყაუხჩიშვილი 1951: 91-104; ჩუბინაშვილი 1936: 115-128.
Source: „ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.