მა მგ მე მთ მი მლ მო მრ მტ მუ მც მძ მწ მჭ
მაკ მამ მან მარ მაღ მაშ მაჭ მახ

მარტყოფი 

მონასტერი, სოფელი (ქც 4: 267,7).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 267,7; 330,20; 383,26; 470,4; 479,15; 503,3,7; 524,2; 537,12,16,17,20; 538,3,6,8,15; 561,9; 567,19; 568,4,18; 609,20; 611,10; 615,27; 621,7,10), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრება“ (ქც 2: 349,1; 373,4; 476,4; 527,12), XVII-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (ქრონიკები 1897: 462; 1967: 59, 84-86; საქ. სიძ. 1910: 304, 452, 511; 1920: 102, 173, 174; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 138; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 352, 353, 362-365, 369, 372; 1970: 1114; 1974: 504, 565; 1981: 73, 506; 1985: 80; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 331; 1953: 58, 156, 175; მასალები საქ. ეკ. ისტ. 1938: 152, 288; 1953: 39, 117, 118; ქართ. ეპისტ. ... 1989: 49; საბუთები ... 1947: 292-296, 298-301; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 45, 54, 55, 57, 91, 94, 100, 105, 139, 141, 145, 156, 182, 188, 189, 195, 205, 215; ქართულ-სპარსული ... 1955: 410, 411, 413, 447), „ცხოვრება საქართველოისა“ (ცხოვრება ... 1980: 56, 80, 113, 114, 124), ფარსადან გორგიჯანიძის „ისტორია“ (გორგიჯანიძე 1926: 65), არჩილის „გაბაასება თეიმურაზისა და რუსთაველისა“ (არჩილი 1989: 455), პაპუნა ორბელიანის „ამბავნი ქართლისანი“ (ორბელიანი 1981: 78, 86, 125, 136, 146, 148, 153, 182, 190, 206, 208, 211, 212, 224, 228, 231), სეხნია ჩხეიძის „ცხოვრება მეფეთა“ (ჩხეიძე 1913: 30, 36), იესე ოსეს ძის „თავგადასავალი“ (თავგადასავალი ... 1913: 125), დავით ბაგრატიონის „ახალი ისტორია“ (ბაგრატიონი დავით 1941: 3), ბაგრატ ბაგრატიონის „ახალი მოთხრობა“ (ბაგრატიონი ბაგრატ 1941: 133), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 66, 81), თეიმურაზ ბაგრატიონის „ახალი ისტორია“ (ბაგრატიონი 1983: 46), XVII ს-ის რუსი ელჩების მუხლობრივი აღწერები (მიშეცკი, კლუჩარევი 1928: 158; მასალები საქართველო-რუსეთის ... 1937: 289, 290, 294, 331) იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 17, 227; 1964: 15).

მდებარეობს გარდაბნის მუნიც-ში, იანლოს ქედის სამხრეთ კალთაზე, მდ. ალიხევისა და ტევალის ხეობებში.

ისტორიული ტრადიციის თანახმად, ცამეტ ასურელ მამათაგან ერთ-ერთს, ანტონს, VI ს-ში ამ მიდამოებში დაუარსებია ღვთაების მონასტერი. თვითონ ცოტა მოშორებით, გამოქვაბულში მარტო ცხოვრობდა. რის გამოც მარტომყოფელის (მარტყოფელის) ზედწოდება მიუღია. აქედან წარმოდგება ადგილის სახელიც – მარტყოფი (ქც 4: 538,1-3). VIII ს-ის 80-იან წლებში საფუძველი ჩაეყარა კახეთის დამოუკიდებელ სამთავროს. კახეთის მთავრის გრიგოლის (787-827) ძალაუფლება ვრცელდებოდა კუხეთზეც, რომლის შემადგენლობაში შედიოდა მარტყოფი (ქც 4: 330,19,20; 524,2). XI ს-ში მარტყოფი კვლავ კუხეთის შემადგენლობაშია (ქც 4: 561,9). 1265 წ. ბერქა ყაენის მიერ ქ. რუსთავის განადგურების შემდეგ, რუსთაველი ეპისკოპოსის რეზიდენცია გადაიტანეს მარტყოფში, წმინდა ანტონის მონასტერში (ქც 4: 538,4-6). თემურ-ლენგის ერთ-ერთი ლაშქრობის დროს ქართველთა ჯარი ბაგრატ V-ის (1360-1393) მეთაურობით მარტყოფ-ავჭალას შორის დაბანაკებულა (ქც 4: 267,7). კახეთის მეფე გიორგი VIII-მ (1466-1476) გააუქმა საერისთავოები და შექმნა სამოურავოები, მათ შორის, მარტყოფისა (ქც 4: 568,4). 1477 წ. ირანის შაჰმა უზაუნ-ჰასანმა მარტყოფი მოაოხრა (ქც 4: 568,18). 1582 წ. კახეთის მეფე ალექსანდრე II-სა (1574-1605) და ქართლის მეფე სიმონ I-ს (1556-1600) შორის ბრძოლა გაიმართა მარტყოფის მახლობლად (ქც 2: 373,4). 1614 წ. მარტყოფი შაჰ-აბას I-მა (1587-1629) მოაოხრა (ცხოვრება ... 1980: 80). 1625 წ. 25 მარტს მარტყოფის ველზე გამართულ ბრძოლაში ქართველებმა გიორგი სააკაძის მეთაურობით სასტიკად დაამარცხეს ყიზილბაშები (ქრონიკები 1897: 462). 1664 წ. თეიმურაზ I-ის (1606-1648) შვილიშვილი ერეკლე მარტყოფში თავს დაესხა ვახტანგ V შაჰნავაზსა (1658-1675) და მის შვილს არჩილს (ცხოვრება ... 1980: 113). 1703 წ. იმამ-ყულიხანმა (დავით II-მ, 1709-1722), ზაალ ანდრონიკაშვილს უბოძა მარტყოფის მოურავობა (ქართულ-სპარსული ... 1955: 410, 411, 413). 1715 წ. ქართლის მეფე იესემ (1714-1716; 1724-1727) ქორწილი მარტყოფში გადაიხადა (ქც 4: 615,27). 1724 წ. მარტყოფი ოსმალებმა მოაოხრეს (ქც 4: 621,11). 1750 წ. ერეკლე II-მ (1744-1798) ნორიოსა და მარტყოფში ციხეები ააგო (საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 94). 1752 წ. ლეკთა თარეშის გამო წმინდა ანტონის მონასტერი დაცარიელებულა და რუსთაველი ეპისკოპოსი იოსებ ჯანდიერიშვილი (1746-1756) სოფ. მარტყოფში გადასულა თავისი კრებულით (საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 100). 1795 წ. მარტყოფს ლეკები შემოსევიან, მაგრამ მოურავ ზაალ ანდრონიკაშვილს ისინი დაუმარცხებია (საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 195).

1971 წ. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის კახეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. კ. ფიცხელაური) სოფ. მარტყოფის ჩრდილო-დასავლეთით შეისწავლა გორასამარხები ე. წ. „წითელი გორა“ და „ჭიანჭველას გორა“. სამარხები გაძარცული აღმოჩნდა (ბუგიანიშვილი ... 1972: 16). 1978-1979 წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის გაერთიანებული არქეოლოგიური ექსპედიცია (ხელმძღ. ო. ჯაფარიძე) დაზვერვით და გათხრით სამუშაოებს აწარმოებდა სოფ. მარტყოფის მიდამოებში. მარტყოფის ჩრდილოეთით, 2 კმ დაშორებით გამოვლინდა დიდი ზომის ქვამიწაყრილიანი ყორღანი. აღმოსავლეთით, 2 კმ-ის დაშორებით, ადგილ ულევარში, რომელსაც ორგორებსაც უწოდებენ, გამოვლინდა ერთმანეთისაგან 160 მ-ით დაშორებული 2 ქვამიწაყრილიანი ყორღანი. ერთი, შედარებით პატარა ყორღანი აღმოჩნდა ულევარიდან აღმოსავლეთით, ახალსოფლისკენ მიმავალი გზის მარჯვენა მხარეს, გზიდან ასიოდე მ-ის დაშორებით. ექსპედიციამ მარტყოფის მიდამოებში შუა საუკუნეების რამდენიმე ნამოსახლარსაც მიაკვლია. ამავე წლებში ექსპედიციამ ადგილ ულევარში არქეოლოგიურად შეისწავლა ადრე ბრინჯაოს ხანის 2 (№№1, 2) ყორღანი (ჯაფარიძე ... 1980: 35-39). 1980 წ. ექსპედიციამ მარტყოფიდან ახალსოფელში მიმავალი გზის მარჯვენა მხარეს, გზიდან 100 მ-ის დაშორებით, ადგილ შინდათხევში გათხარა ადრე ბრინჯაოს ხანის (№3) ყორღანი. 1981 წ. დაიწყო შესწავლა (№4) ყორღანისა, რომელიც მარტყოფიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 1,5 კმ-ზე მდებარეობს და „გრაკლიანთ გორის“ სახელწოდებით იხსენიებენ (ჯაფარიძე ... 1986: 29, 35). 1980 წ. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის კუხეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. ც. ჩიკოიძე) მარტყოფ-ნორიოს მიდამოების დაზვერვებისას მიაკვლია შუა საუკუნეების ნასახლარს. სოფლის ჩრდილოეთით, ტყეში აღმოჩნდა საწნახელი. ტყისპირა ზოლზე ჩნდებოდა ქვით ამოყვანილი სამეურნეო ორმოები და ქვევრები. ნასახლარზე აიკრიფა განვითარებული შუა საუკუნეების თიხის ჭურჭლის ნატეხები. ექსპედიციამ მარტყოფ-საცხენისის გზასთან გათხარა რამდენიმე უინვენტარო სამარხი. ნორიხევთან, ადგილ „ლაგაანში“ შეისწავლა ადრე შუა საუკუნეების ქვის სამარხები. მარტყოფ-ვაზიანის გზაზე, ადგილ „ნარისგორებში“ მიაკვლიეს ქვევრსამარხის ნაშთს (ჩიკოიძე ... 1988: 61). 1981-1982 წწ. ექსპედიცია აგრძელებდა დაზვერვებსა და გათხრებს სოფ. მარტყოფის მიდამოებში (ჩიკოიძე ... 1985: 63, 64). 1985 წ. ექსპედიცია გათხრებს აწარმოებდა მარტყოფის სამონასტრო კომპლექსის მიდამოებში. „მამა ანტონის“ მთის დასავლეთ ფერდზე, მონასტრის კომპლექსიდან 150 მ-ის დაშორებით ტრაქტორმა დააზიანა აკლდამა, წყალსადენი და ნამოსახლარი. ექსპედიციის მიერ შესწავლილია იქნა განვითარებული შუა საუკუნეების აკლდამა (ჩიკოიძე ... 1987: 93).

მარტყოფის არქეოლოგიურ ძეგლებს შორის ყველაზე ადრეული ყორღანული სამარხებია. შესწავლილი ოთხი ყორღანის ყრილი სტრუქტურის მიხედვით თითქმის არ განსხვავდება ერთმანეთისაგან. სამარხთა ყრილი ზემოდან მიწისაა, ქვეშ – ქვისა. დასაკრძალავი კამერები მოწყობილია მიწის ზედაპირზე, ყორღანის ცენტრში. ისინი ქვის ფილებით (№1 ყორღანი) ან ხის ძელებითაა ნაგები (№№2, 3, 4). კამერის იატაკი მოგებულია ქვის ფილებით (№№1, 4), ხის ძელებით (№3) ან თიხატკეპნილია (№2). №1 ყორღანში მიცვალებულის ძვლები არ დადასტურდა. სხვა ყორღანებში დაკრძალულია ერთი (№2), ორი (№3) ან რამდენიმე (№4) მიცვალებული. ისინი დაუმარხავთ კიდურებმოკეცილნი, მარჯვენა ან მარცხენა გვერდზე. №2 ყორღანში მიცვალებულის ძვლებზე და დასაკრძალავი კამერის მთელ იატაკზე წითელი ოქრის კვალია შემორჩენილი. მრავალფეროვანია სამარხეული ინვენტარი. კერამიკული ნაწარმი უპირატესად შავპრიალაა, ხელით კარგად ნაძერწი. ჭარბობს მოზრდილი ქილისებრი, ბიკონუსური ფორმის ან ყელდაბალი, მუცელგამობერილი ჭურჭელი. ერთი ტოლჩისებური ჭურჭლის გარდა, მომცრო ზომის კერამიკა თითქმის არ გვხვდება. მასზე ძირითადად ნაკაწრი, იშვიათად რელიეფური ორნამენტია გამოყენებული. მრავლადაა ლითონის იარაღები და სამკაული. ყორღანებში აღმოჩნდა: ბრინჯაოს ოთხი ყუადაქანებული ცული, ოთხწახნაგა გრძელყუნწიანი ისრისპირები, ღარიანი სატეხი, სადგისი, ბრინჯაოსა და ვერცხლის სატევრისპირი. №1 ყორღანში გამოვლინდა ქვის გახვრეტილი ცული. ლითონის სამკაულებიდან აღსანიშნავია: ბრინჯაოსა და ვერცხლის კასრისებური მძივები, ოქროს წახნაგოვანი მძივები, ოქროს ხვიები და ორი ფართო რგოლი; ბრინჯაოს ხვიები. სხვა მასალისაგან დამზადებული სამკაულებიდან გვხვდება: პასტისა და სარდიონის მძივები, სადაფის საკიდები, ძვლის ბრტყელი მძივები, ცხოველის კბილებისა და ეშვებისაგან ნაკეთები საკიდები. ყორღანები თარიღდება ძვ. წ. XXIV-XXIII სს-ით (ჯაფარიძე 1991: 139-143). მარტყოფის ყორღანებიდან აღსანიშნავია №3, რომელიც მდებარეობს ახალსოფელში მიმავალი გზის მარჯვენა მხარეს, გზიდან 100 მ-ის დაშორებით. ყორღანის ზომებია: სიმაღლე 1,75 მ, დმ 30 მ. მისი კორდოვანი ფენის ქვეშ გამოვლინდა ქვაყრილის თხელი ფენა, რომლის ქვეშ 8 მ დმ-სა და ცენტრალურ ნაწილში 0,7 მ სისქის მოყვითალო თიხის ზვინული აღმოჩნდა. ყორღანის ცენტრში გამოვლინდა სწორკუთხა ორმო, რომელშიც შვეულად დაყენებული ხის ძელებისაგან შეკრული და ასეთივე ძელებით გადახურული ნაგებობა იყო გამართული. სამარხის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში, ორმოს თავთან აღმოჩნდა აღმოსავლეთ-დასავლეთ ხაზზე დამხრობილი, ჩაშვებული სამარხი (1,7X0,85 მ). მიცვალებული ესვენა მარცხენა გვერდზე, ძლიერ მოხრილი კიდურებით, თავით დასავლეთისაკენ. თავის ქალასთან აღმოჩნდა ოქროს ხვია. ქვედა კიდურებთან იდო ბრინჯაოს ისრისპირი და პატარა სასმისი. სამარხში გამოვლინდა ბრინჯაოს დისკო – „კვერთხის თავი“. აქვე აღმოჩნდა თიხის შავი ჭურჭელი. ძირითადი სამარხი დამხრობილია აღმოსავლეთ-დასავლეთ ხაზზე. ორმოს ძირზე დაგებული ხის ძელებისაგან შედგენილი მოედნის ზომებია 2,85-1,57 მ. ხის მოედნის კიდეებზე ჩანდა ღარისებრი ღრმულები – ხის ეტლის თვლების ნაკვალევი. ორმოს ცენტრალურ ნაწილში დაკრძალული იყო ორი მიცვალებული. ერთი ესვენა დასავლეთ ნაწილში, ფეხებმოკეცილი, მარცხენა გვერდზე. ჩონჩხი დამხრობილი იყო აღმოსავლეთ-დასავლეთ ხაზზე. თავით დასავლეთით. მიცვალებული მამაკაცი უნდა ყოფილიყო. თავის ქალასთან აღმოჩნდა გიშრის რგოლი, მენჯის ძვალთან – ოქროს მასიური ხვია და ბრინჯაოს კასრისებური მძივი, მუხლებთან – თხელკედლიანი, ნაკაწრი ორნამენტით შემკული სასმისი, ფეხებთან – სარდიონის სამკუთხა მოყვანილობის ბრტყელი საკიდები და ორი მძივი. მეორე მიცვალებული ესვენა აღმოსავლეთ ნაწილში, მარჯვენა გვერდზე, მოხრილი ფეხებით. ჩონჩხი დამხრობილი იყო ჩრდილო-სამხრეთ ხაზზე, თავით სამხრეთით. მისი თავის ქალა პირველი მიცვალებულის ფეხებთან იდო. მიცვალებული ქალი უნდა ყოფილიყო. თავის ქალას ქვეშ აღმოჩნდა ბრინჯაოს ოთხი ხვია, სახის წინ თიხის ბრტყელი ლარნაკი, რომელშიც სარდიონის სამი ბრტყელი სამკუთხა მძივი იდო. ორი ასეთი საკიდი გამოვლინდა მიცვალებულის მუცლის არეში. აქვე აღმოჩნდა ბრინჯაოს მოგრძო სადგისი და ისრისპირი. ფეხებთან გამოვლინდა ბრინჯაოს სატეხი და ცული, აგრეთვე ბრინჯაოს „შტანდარტი“. ორმოს ჩრდილო-აღმოსავლეთით კუთხეში, ხის მოედნის გარეთ იდგა ორი დერგი, მათ გვერდით ორი ჭურჭელი. სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში კიდევ ორი ჭურჭელი აღმოჩნდა. მიცვალებულები ერთდროულად ჩანდნენ დაკრძალულნი. სამარხში საქონლის ძვლები არ აღმოჩენილა, რაც იშვიათი შემთხვევაა. ჩაშვებული სამარხი ძირითად სამარხებთან შედარებით მოგვიანოა, მაგრამ მათ შორის დიდი ქრონოლოგიური სხვაობა არ ჩანს. მარტყოფის №3 ყორღანი ძვ. წ. XXIV-XXIII სს-ით თარიღდება (ჯაფარიძე ... 1986: 29-34; საქ. არქ. 1992: 211-212). მარტყოფის ყორღანების არქეოლოგიური მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი).

სოფ. მარტყოფის მიდამოებში, ნორიხევთან, ადგილ „ლაგაანში“ მდებარეობს ადრე შუა საუკუნეების სამაროვანი. ქვის სამარხთა უმრავლესობა დაზიანებულია. სამარხები კოლექტიურია. სამარხებში აღმოჩნდა: ბრინჯაოს აბზინდები, საკინძები; რკინის, ბრინჯაოსა და მინის რგოლები; ბრინჯაოსა და რკინის საყურეები; ვერცხლის ბეჭედი მოოქრული თვალბუდით; რკინის სამფრთიანი ისრისპირები და სხვ. სამაროვანი თარიღდება VI-VIII სს-ით (ჩიკოიძე ... 1982: 61; 1985: 63, 64).

სამონასტრო კომპლექსიდან 150 მ-ის დაშორებით, მიწის სამუშაოების დროს გამოვლინდა აკლდამა, წყალსადენი და ნასახლარის ნაშთები. აკლდამა შეჭრილია კლდოვან მასივში. აღმოსავლეთი, დასავლეთი და სამხრეთი კედლები ნაგებია კლდის ნატეხი ქვებით კირხსნარზე. გეგმით სწორკუთხაა (4,25X2,75X2,25 მ). გადახურვა თაღოვანია. შესასვლელი აქვს დასავლეთი კედლის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში. აკლდამის ცენტრში ამოკვეთილია კამერა (1,7X0,7X1,3 მ). მასში მოხვედრა შეიძლებოდა კლდეში გამოკვეთილი 2,4 მ სიგრძისა და 0,6 მ სიგანის ჩასასვლელით. კამერისა და აკლდამის იატაკზე აღმოჩნდა 50-მდე ჩონჩხი. მიცვალებულები დაეკრძალათ ზურგზე გაშოტილი, თავით დასავლეთით, მკერდზე გადაჯვარედინებული ხელებით. არქეოლოგიური მასალის მიხედვით, რომელთა შორის დავით VIII-ისა (1293-1313) და ყაზან-ყაენის სახელით მოჭრილი მონეტებიცაა (1297), აკლდამა IX-XIII სს-ით თარიღდება (ჩიკოიძე ... 1987: 93). მასალა ინახება რუსთავის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.

გათხრებით გამოვლენილი მასალების გარდა, მარტყოფიდან ცნობილია შემთხვევითი აღმოჩენებიც: გვიან ბრინჯაოს ხანის სატევარი, ამავე პერიოდის ორი ცალი ხელშუბისპირი; პართიის მეფეების ოროდ II-ისა (ძვ. წ. 57-37) და გოტარზის (ახ. წ. 40-50) ვერცხლის მონეტები; გვიანანტიკური თუ ადრე შუა საუკუნეების მოჩალისფროდ გამომწვარი ყელწიბოიანი ხელადა; განვითარებული შუა საუკუნეების ლულიანი ჭრაქი. მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი).

სოფ. მარტყოფში გვიანი შუა საუკუნეების სამი კოშკია: შინჯიკაშვილების, ძამაშვილებისა და თუშმანიშვილების. მათგან ყველაზე უკეთ თუშმანიშვილების კოშკია შემორჩენილი. ის ცილინდრულია, ოთხსართულიანი, ქონგურებიანი. ნაგებია რიყის ქვით კირხსნარზე. წყობაში გამოყენებულია აგურებიც, რომელთა საშუალებით კედლებზე გამოყვანილია რომბები და ჯვრები (შმერლინგი ... 1960: 104, 105).

სოფლიდან ჩრდილო-დასავლეთით, ვიწრო ხეობაში, მთის წვერზე მდებარეობს ღვთაების მონასტერი. გუმბათიანი ეკლესიის კედლებზე შემორჩენილი იყო ფრესკები და ბერძნულ-რუსული წარწერები, რომლებიც გვამცნობდა XVI ს-ში რუსეთის მეფის, თევდორე ივანეს ძის ელჩების ჩამოსვლას საქართველოში. გუმბათქვეშა სვეტებზე გამოსახული იყო ვახტანგ გორგასლისა და დავით აღმაშენებლის გამოსახულებები, ქართული წარწერებით. ვახტანგ გორგასალი ითვლება მონასტრის ამშენებლად, დავითი მის განმაახლებლად. ჩვენამდე მოღწეული ეკლესია XIX ს-შია აგებული ძველი ტაძრის ადგილას. რუსული წარწერის თანახმად, ის 1856 წ. მოუხატავს მიხეილ ტროშჩინსკის პოლტავის გუბერნიიდან (შმერნლინგი ... 1960: 108). მონასტრის სამრეკლო აგებულია 1699 წ. ქიზიყის მოურავის შვილის ზაქარია ანდრონიკაშვილის მიერ. კალატოზი ყოფილა ვინმე ახვერდი. ამის შესახებ გვამცნობს სამრეკლოს ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებზე შემორჩენილი მხედრული წარწერები (ბარნაველი 1962: 112, 113).
 
ბიბლიოგრაფია: არჩილი 1989: 455; ბაგრატიონი 1983: 46; ბაგრატიონი 1986: 66, 81; ბარნაველი 1962: 112-114; ბაგრატიონი დავით 1941: 3; ბაგრატიონი ბაგრატ 1941: 133; ბაქრაძე 1875: 97-98; ბუგიანიშვილი ... 1972: 16; გიულდენშტედტი 1962: 17, 227; 1964: 15; გორგიჯანიძე 1926: 65; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 331; 1953: 58, 156, 175; ზაქარია 1988: 174; თავგადასავალი ... 1913: 125; იოსელიანი 1847; მათიაშვილი 1963: 98-130; მასალები საქ. ეკ. ისტ. 1938: 152, 288; 1953: 39, 117, 118; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 138; მასალები საქართველო-რუსეთის ... 1937: 289, 290, 294, 331; მიშეცკი, კლუჩარევი 1928: 158; ორბელიანი 1981: 78, 86, 125, 136, 146, 148, 153, 182, 190, 206, 208, 211, 212, 224, 228, 231; საბუთები ... 1947: 292-296, 298-301; საქ. არქ. 1992: 210-212; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 45, 54, 55, 57, 91, 94, 100, 105, 139, 141, 145, 156, 182, 188, 189, 195, 205, 215; საქ. სიძ. 1910: 304, 452, 511; 1920: 102, 173, 174; ქართ. ეპისტ. ... 1989: 46; ქართულ-სპარსული ... 1955: 410, 411, 413, 447; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 352, 353, 362-365, 369, 372; 1970: 1114; 1974: 504, 565; 1981: 73, 506; 1985: 80; ქრონიკები 1897: 462; 1967: 59, 84-86; ქც 2: 349,1; 373,4; 476,4; 527,12; ქც 4: 267,7; 330,20; 383,26; 470,4; 479,15; 503,3,7; 524,2; 537,12,16,17,20; 538,3,6,8,15; 561,9; 567,19; 568,4,18; 609,20; 611,10; 615,27; 621,7,10; ყაუხჩიშვილი 1951: 318; შმერლინგი ... 1960: 104, 105, 108-110; ჩიკოიძე ... 1982: 61; ჩიკოიძე ... 1985: 63, 64; ჩიკოიძე ... 1987: 93; ჩხეიძე 1913: 30, 36; ცხოვრება ... 1980: 56, 80, 113, 114, 124; ჯაფარიძე 1988: 30-33; 1991: 137-143, 145, 147, 149, 150, 152; ჯაფარიძე ... 1980: 35-41; ჯაფარიძე ... 1986: 29-35.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9