მა მგ მე მთ მი მლ მო მრ მტ მუ მც მძ მწ მჭ
მაკ მამ მან მარ მაღ მაშ მაჭ მახ

მაღარო 

სასახლე, ციხე (ქც 4: 442,13).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 442,13; 443,15,19; 498,17; 542,10,სქ.4; 571,3; 579,1; 596,20; 597,20; 612,27; 615,1; 616,3; 618,15,17; 623,29), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრების“ პირველი და მეორე ტექსტი (ქც 2: 423,13; 444,14), „ძეგლი ერისთავთა“ (ძე 1954: 349; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 106), XV-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 331; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 45, 60; ქართ. სამართ. ძეგ. 1974: 30; 1981: 166; 1985: 562), პაპუნა ორბელიანის „ამბავნი ქართლისანი“ (ორბელიანი 1981: 174, 179, 182), ომან ხერხეულიძის „მეფობა ირაკლი მეორისა“ (ხერხეულიძე 1989: 40), დავით ბაგრატიონის „ახალი ისტორია“ (ბაგრატიონი დავით 1941: 13), სეხნია ჩხეიძის „ცხოვრება მეფეთა“ (ჩხეიძე 1913: 32), ქრისტოფორო დე კასტელის „ცნობები და ალბომი საქართველოს შესახებ“ (კასტელი 1976: 80), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 21, 23, 27, 259, 261).

ვახუშტი ბაგრატიონი მაღაროს შესახებ გადმოგვცემს: ბოდბის „ხევზედ არს მაღაროს სასახლე მეფეთა საზაფხულოდ“ (ქც 4: 542,10,სქ.4).

მდებარეობს სიღნაღის მუნიც-ში, სიღნაღიდან 7 კმ-ის დაშორებით, თანამედროვე ზემო მაღაროს ტერიტორიაზე.

სახელწოდება „მაღარო“ სოფელს დაერქვა ფშავის მთა მაღაროსაგან, საიდანაც XV ს-ში ჩამოასახლეს მოსახლეობა. სოფლის ადრეული სახელი ცნობილი არ არის (თოდრია 1982: 90). 1329 წ. გიორგი VI-ემ (1311-1313) მაღაროზე გაილაშქრა (ქც 2: 444,41; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 106). XV ს-ში ალექსანდრე I-მა (1412-1442) მონღოლთა შემოსევების შედეგად დაცარიელებულ ადგილებში მთებიდან ხალხი ჩამოასახლა და ახალი სოფლები, მათ შორის, მაღარო გააშენა. 1520 წ. ქართლის მეფე დავით X-მ (1505-1525) კახეთზე გაილაშქრა. ბრძოლა გაიმართა მაღაროსთან, სადაც გამაგრებული იყო კახეთის მეფე ავგიორგის ძე ლევანი (1520-1574). ლევანმა გაიმარჯვა და დავითი იძულებული გახდა თბილისს დაბრუნებულიყო (ქც 4: 571,3). XVI ს-ში ქართლის მეფე სიმონ I-სა (1558-1600) და კახეთის მეფე ალექსანდრე II-ს (1574-1605) შორის შეტაკება მოხდა მაღაროში (ქც 4: 679,1). 1643 წ. ქართლის მეფე როსტომი (1632-1658) თავს დაესხა მაღაროში გამაგრებულ თეიმურაზ I-ს (1605-1648) (ქც 2: 423,13; ქც 4: 596,20). 1648 წ. როსტომ მეფის გაგზავნილმა ყიზილბაშებმა მაღაროში მოკლეს თეიმურაზის ძე დათუნა (ქც 4: 443,15,19, 597,20; კასტელი 1976: 80). კახთ ბატონმა დავით II-მ (იმამ-ყულიხანი – 1709-1722) 1708 წ. ყარაღაჯიდან რეზიდენცია თელავში გადაიტანა. ზაფხულობით სამეფო ცენტრი მაღარო იყო (ქც 4: 612,27; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980:45). 1721 წ. ვახტანგ VI (1716-1724) თავისი ლაშქრით მივიდა იმამყული-ხანთან მაღაროში გამაგრებულ ლეკებთან ბრძოლაში დასახმარებლად (ქც 4: 498,17, 618,15,17). XVIII ს-ის დასაწყისში საბარათიანოსა და კახელების გაერთიანებული ლაშქარი მაღაროში შეჩერდა ჭარისკენ გალაშქრების წინ (ქც 4: 616,3). 1725 წ. კახელებმა ლეკები გააძევეს, მაგრამ მორიგი შემოსევებისაგან თავდაცვის მიზნით ციხეებს აგებდნენ. ქიზიყელები მაღაროს ციხეში გამაგრებულან (ქც 4: 623,29). 1729 წ. ოსმალეთის ლაშქარი ქიზიყში შემოვიდა და მაღაროში გამაგრდა. თეიმურაზ I ოსმალებს თავს დაესხა და იქიდან განდევნა (ხერხეულიძე 1989: 242, 243; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 60). 1735 წ. ლეკების მორიგი შემოსევისა და ქიზიყის მორბევის შემდეგ 15 წლის ერეკლე II (1744-1798) ლეკებს დაედევნა და ნადავლი დააყრევინა. გამარჯვებული ერეკლე მაღაროში დაბრუნდა (ხერხეულიძე 1989: 40). 1772 წ. მოურავი რევაზ ანდრონიკაშვილი ქიზიყელების ლაშქრით მაღაროდან ბოდბეში მივიდა და იქ დაბანაკებული ლეკები განდევნა (ბაგრატიონი დავით 1941: 13).

მაღარო არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

მის მახლობლად, სამხრეთით, ადგილ ოლეში, 1987 წ. არქეოლოგიური კვლევის ცენტრის კახეთის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ (ხელმძღ. კ. ფიცხელაური) გაითხარა ძვ. წ. IV ათასწლეულის დასასრულისა და III ათასწლეულის დასაწყისის დანგრეული ყორღანი (დმ 10 მ, სიმაღლე 0,5 მ). მას შემოუყვებოდა ქვის წრე. ყრილის ქვეშ აღმოჩნდა კუთხეებმომრგვალებული დრომოსი (3X1 მ), რომელშიც მიცვალებული დაეკრძალათ კიდუ-რებმოხრილი, მარცხენა გვერდზე. მისთვის ჩაუტანებიათ თიხის 2 ჭურჭელი და ძვლის კვირისტავი. სამარხ კამერაში აღმოჩნდა მიცვალებულის 18 ჩონჩხი, 14 თიხის ჭურჭელი და 6 კვირისტავი (ერთი ინკრუსტირებული იყო პასტის მძივით) (ფიცხელაური ... 1995: 76).

1951 წ. მაღაროში ნინო ბერძენიშვილმა გათხარა 2 ორმოსამარხი, რომლებშიც აღმოჩნდა თიხის ჭურჭელი და ბრინჯაოს სამკაული. სამარხები თარიღდება გვიანბრინჯაოს ხანის ადრეული საფეხურით (ფიცხელაური 1973: 71).

ქვემო მაღაროში შემთხვევით გამოვლინდა ოთხწახნაგა, ორმხრივ წაწვეტებული სადგისი და ვოლუტებიანთავიანი, ბადური ორნამენტით შემკული ბრინჯაოს საკინძი. ნივთები თარიღდება ძვ. წ. II ათასწლეულით (დედაბრიშვილი 1969: 37, 38). მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (სიღნაღის მუზეუმი).

ზემო მაღაროს სამხრეთით, გორაკზე, რომელსაც ზღუდერს უწოდებენ დგას ზღუდერის წმინდა გიორგის დარბაზული ეკლესია. მაღაროსთან დავით გარეჯის ეკლესიაა (თოდრია 1982: 85). მაღაროდან 0,5 კმ დაშორებით, ადგილ „ციხითვინში“ მდგარა ციხე. სოფლის სამხრეთით მდგარა კოშკი, ე. წ. „ნაცვალიანთ ციხე“ (თოდრია 1982: 90).
 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი დავით 1941: 13; გიულდენშტედტი 1962: 21, 23, 27, 259, 261; დედაბრიშვილი 1969: 35-75, 37, 38; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 331; თოდრია 1982: 85, 89, 90; კასტელი 1976: 80; მესხია 1983: 221, 338; მუსხელიშვილი 1980: 95; ორბელიანი 1981: 174, 175, 177, 179, 182; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 45, 60; ქც 2: 423,13; 444,14 ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 106; 1974: 30; 1981: 166; 1985: 562; ; ქც 4: 442,13; 443,15,19; 498,17; 542,10,სქ.4; 571,3; 579,1; 596,20; 597,20; 612,27; 615,1; 616,3; 618,15,17; 623,29; ფიცხელური 1962: 25; 1973: 71; ფიცხელური ... 1995: 76-78; შაიშმელაშვილი 1969: 40-49; ჩუბინაშვილი 1959: 32; ჩხეიძე 1913: 32; ძე 1954: 349; ხერხეულიძე 1989: 40.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9