მა მგ მე მთ მი მლ მო მრ მტ მუ მც მძ მწ მჭ
მაკ მამ მან მარ მაღ მაშ მაჭ მახ

მაღლაკი 

მაღლარი (ქც 4:773,22).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 773,22), დავით ნარინის (1245-1293) სიგელი (ქრონიკები 1897: 128, 129), 1259-1293 წწ. დაწერილი იაკობ დეკანოზისა ხახულის ღვთისმშობლისადმი (ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 173, 174; ქართ. ისტ. საბუთ. კორ. 1984: 143, 148), XVI-XVIII სს-ის სიგელები (ქრონიკები 1897: 339; 1967: 29; საქ. სიძ. 1920: 19; ისტ. დოკ. ... 1958: 19, 144; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 139; მცირე ქრონიკები 1968: 59; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 430; 1970: 285), თეიმურაზ ბაგრატიონის „ახალი ისტორია“ (ბაგრატიონი 1983: 76), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 307), ფრანსუა გამბას „მოგზაურობა“ (გამბა 1987: 334).

მდებარეობს წყალტუბოს მუნიც-ში, მდ. რიონსა და მდ. გუბას შორის არსებულ დაბლობზე, სოფ. მაღლაკის ტერიტორიაზე (გიულდენშტედტი 1962: 307).

მაღლაკი წყაროებში პირველად იხსენიება XIII ს-ში (ქრონიკები 1897: 128, 129). 1709 წ. მაღლაკთან მოხდა ბრძოლა იმერეთის მეფე გიორგი VI-სა (1703-1720) და დადიანს შორის, რომელიც გიორგი VI-ის გამარჯვებით დამთავრდა (ქრონიკები 1967: 29). 1773 წ. სოლომონ I-მა (1752-1784) მაღლაკი შესწირა ქუთაისის ღვთისმშობლის ტაძარს (ისტ. დოკ. ... 1958: 144). წყაროებში მოხსენიებულია მაღლარის სახელითაც.

1948 წ. მაღლაკში შემთხვევით აღმოჩნდა ძვ. წ. VI ს-ის ქვევრსამარხი, რომლის მასალა წარმოდგენილია თიხის ოთხი ჭურჭლით: შავად გამომწვარი ქუსლიანი სასმისით, შავპრიალა პირგადაშლილი მათარით, შემკული მზის დისკოს გამოსახულებით; ზედაპირგაპრიალებული დოქითა და მონაცრისფრო ყურმილიანი დოქით; რკინის ცულით.

1970 წ. მაღლაკში შემთხვევით აღმოჩნდა ძვ. წ. III ს-ის ქვევრსამარხი, რომელსაც ჰქონდა ჰორიზონტალური მდებარეობა. სამარხში გამოვლინდა პირგადაშლილი, წითელი საღებავით მოხატული დოქი და კოლხური ამფორის ქვედა ნაწილი, რომლითაც დახურული ყოფილა ქვევრის ყელი. 1973 წ. მაღლაკში შემთხვევით აღმოჩენილი ძვ. წ. III ს-ის ქვევრსამარხი, შეიცავდა რკინის ინვენტარს (წერაქვი, დანა, მარწუხი) და თიხის ქოთანს. ქვევრსამარხი, რომელსაც ჰქონდა ჰორიზონტალური მდებარეობა თარიღდება ძვ. წ. IV-III სს-ით. სამარხი ქვევრი ვარდისფერსარჩულიანი და შავზედაპირიანია. მასში აღმოჩნდა ბრინჯაოს ზურგშეზნექილი სამაჯურები, ბეჭდები, საყურეები და თიხის ჭურჭელი. მაღლაკში შემთხვევით ნაპოვნი მასალა დაცულია ნ. ბერძენიშვილის სახ. ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში (ჯიქია 1971: 23; 1977: 26-29; 1993: 70-74; თოლორდავა 1980: 31-35; გამყრელიძე 1992: 16).

1963-1964 წწ. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანებულმა ექსპედიციამ (ხელმძღ. ოთ. ლორთქიფანიძე) მაღლაკში ჩაატარა დაზვერვითი ხასიათის სამუშაოები. 1977 წ. მაღლაკის მიდამოებში დაზვერვებს აწარმოებდა ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტისა და ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის გაერთიანებული არქეოლოგიური ექსპედიცია. 1981-1982 წწ. არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ექსპედიციამ (ხელმძღ. ოთ. ჯაფარიძე) დაზვერვების შედეგად გამოავლინა 2 გორანამოსახლარი. ზედაპირულად შეგროვდა ადრეანტიკური, ელინისტური და ადრე შუა საუკუნეების კერამიკული მასალა.

მაღლაკში შემორჩენილია XIX ს-ის ეკლესია.
 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1983: 76; ბერძენიშვილი 1964: 195-202, 252; 1966ა: 125; 1975: 460; გამბა 1987: 334; გამყრელიძე 1992: 16; გიულდენშტედტი 1962: 307; თოლორდავა 1980: 31, 34, 35; ისტ. დოკ. 1958: 19, 144; ლორთქიფანიძე 1964ა: 27; 1966: 42; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 139; მცირე ქრონიკები 1968: 59; ნონეშვილი 1983: 5, 19; საქ. სიძ. 1920: 19; ქართ. სამართ. ძეგ 1965: 186, 430; 1970: 173, 174, 285; ქრონიკები 1897: 128, 129, 339; 1967: 29; ქც 4: 773,22; ჯავახიშვილი 1996: 94, 103; ჯაჯანიძე 1976: 108-111; ჯიქია 1971: 23; 1977: 28, 29; 1984: 65; 1993: 11, 42, 57, 70, 71, 74.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9