თურქთა ბატონობის დროინდელი გადასახადი. თურქობის დროს მრავალი სახის გადასახადთა შორის ასეთიც ყოფილა დაწესებული: ბეგი, ალაბეგი, ან იენგიჩარი. ვინმე ურწმუნო (არამაჰმადიანი) ქვეშევრდომს თუ ეწვეოდა და მასთან პურს სჭამდა, ჭამისას კბილები რომ უცვდებოდა, იმის ქირასაც ახდევინებდა. ამას „კბილის ბაჰრას“ უწოდებენ, გადმოცემით, „ცხენის კბილის ბაჰრასაც“ ახდევინებდნენ. თურქთა ბატონობის დროს მიწაზე გაწერილ გადასახადსაც, რადგან ბაჰარა ერქვა, შემდეგ მეფის დროს მემამულის სასარგებლოდ გაღებულ მიწის მოსავლის მეათედსაც ბაჰარას უწოდებდა ხალხი.
- „თათრები მოსულიყვნენ, საჭმელი მიეთხვიათ. იმათაც ეჭმიათ, მერე კბილის ბაჰარა მიეთხვიათ. ისიც რო მიეცათ, ახლა ლამაზი ქალები მოგვიყვანეთო ეთქვათ, იმასაც ვეღარ მიეთმინა და თოფი დაეხლია“. (გადმოცემა)
- „ხიზაბავრელო ბარაო, ბატონმა დაგიბარაო. ჩამოდი ჩამოიტანე ათი ტომარა ბაჰარაო“. (ხალხური)
Source: ჯავახური ლექსიკონი / გიორგი ზედგინიძე; რედ. ვლადიმერ ზედგინიძე. - თბილისი: საუნჯე: ვაჟა წოწკოლაური, 2014. - 370 გვ.; 22 სმ.