ოპერის, ბალეტის, ორატორიის, დრამის, შესავალი საორკესტრო პიესა, რომელიც ახდენს მსმენელის, მაყურებლის ყურადღების კონცენტრაციას, შეჰყავს სპექტაკლის ემოციურ ატმოსფეროში. უვერტიურა გადმოსცემს ნაწარმოების იდეურ ჩანაფიქრს, კოლორიტს. პირველი უვერტიურა ეკუთვნის მონტევერდის (ოპერისათვის «ორფეოსი» - 1607 წ.). XVIII ს-ში მოცარტის, გლიუკის შემოქმედებაში ჩამოყალიბდა სონატური ალეგროს ფორმის მქონე უვერტიურა. უვერტიურას, რომელიც ამ ფორმაში არ არის დაწერილი, ხშირად «შესავალს» უწოდებენ. ოპერეტების უვერტიურები, ჩვეულებრივ პოპურის სტილისაა. XIX ს-ში ჩამოყალიბდა საკონცერტო უვერტიურის ჟანრი, რომელიც, ძირითადად, პროგრამული შინაარსისაა (მენდელსონი, «ზაფხულის ღამის სიზმარი»).
Source: ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი