A B C D E F G H I J K L M N

ქა ქე ქვ ქი ქლ ქნ ქო ქრ ქს ქტ ქუ ქშ
ქალ ქამ ქან ქაო ქარ

ქანდაკება, სკულპტურა

სახვითი ხელოვნების სახე, რომელიც მოიცავს მრგვალ და რელიეფურ გამოსახულებებს, შექმნილს გამოკვეთით, გამოთლით, ჩამოსხმით ან ძერწვით. თვითონ ეს ნაწარმოებებიც (სტატუები, ბიუსტები, რელიეფები და ა.შ.) ასევე იწოდებიან სკულპტურად. გამოყოფენ ორი სახის ქანდაკებას. ესენია: მრგვალი ქანდაკება, რომელიც გამიზნულია ყველა მხრიდან აღსაქმელად და რელიეფი, რომელშიც მოცულობითი გამოსახულება სიბრტყეზე მდებარეობს. ჟანრების მიხედვით ქანდაკება იყოფა პორტრეტულ, ყოფით (ჟანრულ), ანიმალისტურ, ისტორიულ და ა.შ. სკულპტურული ხერხებით შეიძლება გამოისახოს პეიზაჟი და ნატურმორტი, მაგრამ მოქანდაკისათვის მთავარ ობიექტს წარმოადგენს ადამიანი, რომელიც შეიძლება განასახიეროს მრავალფეროვან ფორმებში. ქანდაკება სახვითი ხელოვნების ერთ-ერთი უძველესი სახეა. უძველეს დასახელებათა არქეოლოგიური გათხრებისას მეცნიერებმა აღმოაჩინეს პატარა ფიგურები გამოკვეთილი ქვისგან, ძვლისა და ხისგან, ასევე გამოძერწილი გამომწვარი თიხისაგან, ძველ ეგვიპტეში კი - ღმერთების, ადამიანების, ცხოველების გიგანტური ქანდაკებები. ქანდაკების განვითარების ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანია ანტიკური ხანა, რომლის ოსტატებმა შექმნეს ქანდაკების კლასიკური ნიმუშები. მათ დაამუშავეს სკულპტურაში მოძრაობის გადმოცემის შესაძლებლობა. მაგ., მირონის «ბადროს მტყორცნელში» (V ს. ძვ.წ.-ით) გამოსახულია მოძრაობის კულმინაციური მომენტი. შუა საუკუნეების ქანდაკება, ძირითადად, რელიგიურ ხასიათს ატარებს. ინტერესი რეალური ადამიანისადმი, მისი შინაგანი, სულიერი, ემოციური მდგომარეობის გადმოცემისადმი კვლავ გამოიკვეთა აღორძინების ხანაში. საოცარი სიღრმითა და დამაჯერებლობით განახორციელა ეს იდეა მიქელანჯელომ, ანტიკური ხანის ხელოვნებამ შთააგონა კლასიციზმის ეპოქის (XVIII-XIX სს.) სკულპტორები. მნიშვნელოვანი მოვლენა სკულპტურის განვითარებაში იყო როდენის შემოქმედება, რომელიც თავის ქმნილებებში იმპრესიონისტების მხატვრული იდეების გამოხატვას ცდილობდა. XX ს-დან სკულპტურის განვითარებაში ახალი შესაძლებლობები გაჩნდა. შეინიშნება არატრადიციული მეთოდებისა და მასალების გამოყენება. გამდიდრდა თემატიკა. შემთხვევითი არ იყო, რომ ქანდაკებით დაინტერესდნენ გოგენი, დეგა, მატისი, მოდილიანი. ქართული პროფესიული ქანდაკების ფუძემდებელია იაკობ ნიკოლაძე. ქართული რეალისტური ქანდაკების სათავეებთან იდგა აგრეთვე მოქანდაკე ნიკოლოზ კანდელაკი. ქართველ მოქანდაკეთა (ე. ამაშუკელის, მ. ბერძენიშვილის, ზ. წერეთლისა და სხვ.) საუკეთესო ქმნილებები არა მხოლოდ ეროვნული კულტურის მონაპოვარია.
Source: ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9