ქართულ სასულიერო გალობას IX-XII სს-ში დიდი ღვაწლი დასდეს გრიგოლ ხანძთელმა, იოანე ზოსიმემ, იოანე მინჩხმა, მიქაელ მოდრეკილმა, გრიგოლ მთაწმინდელმა, არსენ იყალთოელმა, იოანე პეტრიწმა. ჩამოყალიბდა საგალობელთა კრებულების ოთხი ძირითადი ტიპი: 1. «რვა-ხმა საგალობელთა კრებული» - «სადაგ და კვირა დღეთა საგალობლები»; 2. «თთვენი» - წმინდანებისადმი მიძღვნილი საგალობლები; 3. «მარხვანი» - მარხვასთან დაკავშირებული საგალობლები, და 4. «ზატიკი» - სადღესასწაულო საგალობლები. ქართული საგალობლები ძირითადად, სამხმიანია, თუმცა არის ცნობები ექვსხმიან საგალობლებზეც, რომლებიც არ შემორჩენილა. ისევე, როგორც ქართულ ხალხურ შემოქმედებაში, ქართულ გალობაშიც ორი შტოა: აღმოსავლურ-ქართული (ქართლ-კახური) და დასავლურ-ქართული (იმერულ-მეგრული). საგალობელთა კრებულებიდან აღსანიშნავია მიქაელ მოდრეკილის მიერ X ს-ში შედგენილი უდიდესი (1289 პერგამენტი) კრებული, თანდართული სამუსიკო ნიშნებით.
Source: ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი