A B C D E F G H I J K L M N

ქა ქე ქვ ქი ქლ ქნ ქო ქრ ქს ქტ ქუ ქშ
ქალ ქამ ქან ქაო ქარ

ქართული კინო

XX ს-ის დასაწყისიდან იღებს სათავეს, მსოფლიო კინემატოგრაფიის აღმოცენებიდან სულ რაღაც რამდენიმე თვის შემდეგ, 1896 წლის 16 ნოემბერს, თბილისშიც უჩვენეს «ლუმიერის სინემატოგრაფი», გაჩნდა პირველი კინოთეატრები, შემოქმედებით ასპარეზზე გამოვიდნენ ენთუზიასტი კინემატოგრაფისტები, რომლებმაც 1908-1910 წლებში პირველი მოკრძალებული მოკლემეტრაჟიანი სიუჟეტებით საფუძველი ჩაუყარეს ქართულ კინოს. ესენი არიან, პირველყოვლისა, ვასილ ამაშუკელი და ალექსანდრე დიღმელოვი. ვასილ ამაშუკელმა 1912 წელს შექმნა სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი «აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში», რომელიც თემატიკით, პროფესიული დონითა და მეტრაჟითაც (1200 მ) იმდროინდელი მსოფლიო დოკუმენტური კინოს უნიკალური ძეგლია. 1916 წელს ალექსანდრე წუწუნავამ გადაიღო პირველი ქართული მხატვრული ფილმი «ქრისტინე» (ეგნატე ნინოშვილის ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით). 1921 წელს გადაღებულმა ფილმმა «არსენა ჯორჯიაშვილი» (რეჟისორი ივანე პერესტიანი) ქალაქ ლიონში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე უმაღლესი შეფასება დაიმსახურა. ქართული კლასიკური ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშებზე დაყრდნობამ თავიდანვე განსაზღვრა ახალგაზრდა კინემატოგრაფის ეროვნული სახეც და შემდგომი შემოქმედებითი წარმატებებიც. 1928 წ. ნიკოლოზ შენგელაიას მიერ გადაღებულ ფილმს «ელისო» 1929 წელს შტუტგარდტში გამართულ საერთაშორისო კინოგამოფენაზე უდიდესი წარმატება ხვდა წილად. ქართული კინო უდიდესი თემატური და ჟანრობრივი მრავალფეროვნებით გამოირჩევა, მისმა საუკეთესო ქმნილებებმა მრავალ საერთაშორისო კინოფესტივალზე უმაღლესი შეფასება დაიმსახურა. ეს ფილმებია: «მაგდანას ლურჯა», «ვედრება», «ნატვრის ხე», «ჯარისკაცის მამა» და მრავალი სხვ. თანამედროვე ქართული კინემატოგრაფი ღირსეული მემკვიდრეა იმ მდიდარი ტრადიციებისა, რომელთა შექმნაშიც სხვადასხვა პერიოდში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს რეჟისორებმა: ნიკოლოზ შენგელაიამ, მიხეილ ჭიაურელმა, მიხეილ კალატოზიშვილმა, სიკო დოლიძემ, დავით რონდელმა, ლეო ესაკიამ, თენგიზ აბულაძემ, რევაზ ჩხეიძემ, გიორგი და ელდარ შენგელაიებმა და მრავალმა სხვამ, რა თქმა უნდა, მსახიობთა ბრწყინვალე წარმომადგენლებთან ერთად. ესენი არიან: ნატო ვაჩნაძე, ვერიკო ანჯაფარიძე, აკაკი ვასაძე, აკაკი ხორავა, სერგო ზაქარიაძე, სანდრო ჟორჟოლიანი, სესილია თაყაიშვილი, ეროსი მანჯგალაძე და სხვ.
Source: ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9