A B C D E F G H I J K L M N

ცა ცე ცი ცო ცუ
ცედ ცეზ ცეი ცეკ ცელ ცემ ცენ ცეო ცეპ ცერ ცეფ ცეც ცეხ

ცეკვა

ხელოვნების დარგი, რომელშიც მხატვრული სახეები იქმნება ადამიანის სხეულის გამომსახველი მდგომარეობებისა და პლასტიკურ მოძრაობათა მეშვეობით. გამოყოფენ ხალხურ, კლასიკურ და სამეჯლისო ცეკვებს. ცეკვის ხელოვნებას შორეულ წარსულში ჩაეყარა საფუძველი უძველეს ადამიანთა ყოფასთან დაკავშირებულ წეს-ჩვეულებათა დამკვიდრების პროცესში (სანადირო თამაშობები, ხალისიანი როკვები და ა.შ.). საუკუნეების განმავლობაში ვითარდებოდა და სრულყოფილ სახეს ღებულობდა თითოეული ხალხის ქორეოგრაფიული კულტურა, რომელიც განუყოფელია ხალხური მუსიკისაგან და ნათლად ასახავს ეროვნულ თავისებურებებს, ისტორიულ ბედ-იღბალს, ყოფას და ა.შ. ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში, ძველ საბერძნეთსა და რომში გამოიყო ცეკვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სახეობა - სცენური ცეკვა. თანდათანობით ხდება ცეკვების თეატრალიზაცია - ვითარდება სიუჟეტური ხაზი, შემოღებულ იქნა კოსტიუმები. აღმოცენდა ცეკვის ახალი სახე - ე.წ. ფიგურული (გამომსახველობითი) ცეკვა, რომელსაც ესპანეთში ეწოდა «ბაილე», საფრანგეთში - «ბალე», იტალიაში - «ბალო ფიგურატი». დროთა განმავლობაში გართულდა ცეკვის ტექნიკაც. XVIII ს-თვის ჩამოყალიბდა სცენური ცეკვის თანამედროვე ფორმები: კლასიკური ცეკვა (როგორც ევროპული თეატრალური ცეკვის ძირითადი სისტემა) და სახასიათო ცეკვა. კონკრეტული ცეკვისა თუ, საერთოდ, საცეკვაო სპექტაკლის შექმნის ხელოვნებას ქორეოგრაფიას უწოდებენ. ქორეოგრაფები საგანგებო პირობითი ნიშნების საშუალებით ახდენენ საცეკვაო მოძრაობების, ილეთების ჩაწერას. ტერმინი პირველად გამოიყენა 1700 წელს ფრანგმა ცეკვის მასწავლებელმა რ. ფეიემ.
Source: ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9