აბანოს ზეწარი.
- „ააას“, მოვიდოდა ჯამადარი (ფუთის ან ფეხის წყლის მიმწოდებელი), რომელსაც მხრებზე რამდენიმე ფუთა ჰქონდა გადაკიდებული ტანის გასაშრობად. ჯერ თავზე შემოახვევდა დოლბანდივით, ერთს ზურგზე გადახურავდა, ერთს გულზე, ერთსაც წელზე შემოარტყამდა მამაკაცის იარაღის დასაფარავად. ასე მორთული გამოხვიდოდი დერეფანში ტანისამოსის ჩასაცმელად. ეხლა კი ტიტლიკანა გამოდიხარ... „სასირცხო ასო უკიდიათ ყველას დასანახათო“, – მითხრა ათვალისწუნებით ძველმა ჯამადარმა ბეითიღბალამ.
- დ. ერისთ. ი. მეუნარგიას წერ. სწერს და ფუთას მნიშვ. ასე განმარტავს: „...დ. ლ. ერისთავისაგან (პოსრედნიკი) გაგონილი მაქვს, რომ გიორგი მეფე და აგრეთვე სხვა დარბაისელნი ცოლქმრულ ურთიერთობის დროს, თურმე, წინ ფუთას გაიკეთებდნენ, რომ ტანი ტანს არ მოხვდეს – სირცხვილიაო! რა დრო ყოფილა!.. მეფე გიორგის მშვენიერი აბრეშუმის ფუთა ჰქონია. ცოლთან ალერსის გათავების დროს, დადგებოდა ხატის წინ და მუხლმოდრეკით ცოდვას მოინანიებდა – ჩასწერე!“ (ი. მეუნ., სამეგრ. მუზ. წერ. დათარ. 1889 წ., ს. ოძისი, 17 ივლ.).
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.