უხსოვარ დროიდან (თურქულია: ათა-მამა, ბაბა-პაპა, ბაბუა). „საფრანგეთს ათადან-ბაბადან უყვარს ყველაფერი, რაც აახალია: ახალი აზრები, ხელოვნება, სიმღერები, მხიარულება“ ... (ე. ზოლა, „ივ.“ 1889 წ., N 13). ამ სიტყვამ ლიტერატურულად მოქალაქეობა მოიპოვა. აი, ილიას „ივერიაში“ რას ვკითხულობთ, ისიც თარგმანებში: „ჩინეთში დედაკაცს არაფრად სთვლიან. ათადან-ბაბადან ისეა, რომ ქმარს შეუძლიან მარტო ცოლის ცემა, გაყიდვა კი არა“ („ივ“, 1891 წ., N 91). “ჰერი-ჰა, ამას თუ უცადა, კაი დროს შეირთავს. ეს ქვეყანა ათადან-ბაბადან ასე იყო და ასეც იქნება“. (კ. გამს. „ლიტ. საქ’., 1939 წ., N 28). „მგონია ისევ ისა სჯობია, თავიდამ დავიწყო, ათადამ-ბაბადამ, როგორც თითონ ილიას უყვარდა თქმა“ (ი. მეუნ. „მნათ“., 1936 წ., N 5-6, გვ. 240). „თუ გინდა სთქვით, რომ წვიმს და ნუ მოყვებით ათადამ-ბაბადამ...“. (იქვე, გვ. 246). „...ამიტომაც ათადან-ბაბადან ცნობილია, რომ ბევრს ახასიათებს მიმბაძველობის მიდრეკილება“ (მედგარი „მუშა“, 1936 წ., 30 იანვ.). „ზოოლოგიურ პარკში მაიმუნები მოჰყავთ, იმათ ტფილისში ცხოვრების ნება უნდა ჰქონდეთ, მე კი ათადან-ბაბადან აქაური მოქალაქე ვარ და მეუბნებიან ვრედნი ხარ და წადი აქედანაო“ (ს. ფაშალ., „საქო და სულიკო“, „ნიანგი“, 1936 წ., N 8, გვ. 8). „ერთი პატარა საკითხის გაშუქებისათვის ათადან-ბაბადან არ უნდა მოყოლა“ (ს. ცაიშ., „კომ. განათ“., 1936 წ., N9, 5/III).
მამა-პაპათაგან. „ელის. საგინაშვილის მოურავს ჩიკოიძეს უმოგზაურია აზრუმისკენ და გზაში შეჰხვედრია მაჰმადიანები, რომელნიც ქართულს ლაპარაკობდნენ. ჩიკოიძეს გამოუკითხავს ვინაობა, მათ უპასუხნიათ: „ჩვენ არსაიდან არ ვართ მოსულნი, ათადან-ბაბადან აქაურები ვართო“ (პ. მირიან, „ცხოვრება“, 1916 წ. N 4. გვ. 31).
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.