(ანუ ე ხ ტ ი ბ ა რ ი და ე ი თ ი ბ ა რ ი) ნდობა, სახელი. „...თორემ ეხტიბარს გამიტეხ“ (ილია, „მაჭანკალი“, 1 მოქ.). „კაცს რაკი ერთხელ და ერთხელ ეხტიბარი წაუხდება, აღარ დაუჯერებენ“ (ილია, „კაცია-ადამიანი“, „ფედერაცია“, 1937 წ., გვ. 228). ეს ადგილი ილიას თავისი პიესა „მაჭანკალში“ ასე აქვს: „რაკი ერთხელ და ერთხელ შენს თვალში აბრუ გამიტყდა, რაღას დაიჯერებ“ (რუსთ. თეატრის ხელთ., გვ. 18). „გაკუტრებული ქარხანა, რომელსაც ესტიბარი გატეხილი ჰქონდა, ერთბაშად გამოცოცხლდა“ („იზა“, ილიას თარგ., ტ. 1, გვ. 199, 1892 წ.). „ვარდისთვისა ვარ ნიადაგ მკვდარი, არა ჰქონია მას ესტიბარი“ (ლექსი ზაქ. ჩაჩიკაშ., ეთნოგ. მიზ. ხელთ., N 2559).
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.