მიკიბულ–მოკიბული, მიხვეულ–მოხვეული, ორჭოფული. მაგალითად, კამათის დროს, როცა მოპირდაპირეს მეტი სიტყვა აღარ ექნება სათქმელი და თავს რომ ვეღარ იმართლებს ან ვერ აჯობებს, მაშინ დაიწყობს იკლიკანტურს ლაპარაკს, ე.ი. მიკიბულ–მოკიბულს. „ს. დემოკრატებმა ჯერ იკლიკანტური და უშნო ოხუნჯობა დაიწყეს“ (Baton–ის წიგნაკი, „პასუხი პროტესტანტებს“, 1906 წ. გვ., 3). „სიტყვას არ იტყვის, რომ იკლიკანტური რამ არ დაუმატოს“ („ცნ. ფურც.“ დამ. 1903 წ., №114. ან ჩეხოვის მოთხ. ალ. სოლოღ. თარგ.). „აი შე კუდიანო... მაშ შენ იკლიკანტურ სიტყვებს მაინც თავს არ ანებებ?“ („საქ. მოამბე“, 1863 წ., № VII, გვ. 28.). „შენმა იკლიკანტობამ თავი მოგვაბეზრა. სოფელი აგვირიე, ყველა შენზე ლაპარაკობს“ (მ. ჯავახ., „რკინის საცერი“, კოლექტივიზაცია“, 1935 წ. №11). „იკლიკანტურ ბაასს, ლაყბობის და ოხუნჯობას რომ თავი დავანებოთ“... („ივ“. 1886 წ. №46). „ამ თვის დამდეგს „ცნობის ფურცელში“ დაიბეჭდა ერთი იკლიკანტური წერილი“ (ნაცნობი, „ივ.“ 1901 2. №71). „ეხლა ჩვენ იკლიკანტურ ბენეფისებს ვმართავთ. დავასახელებთ რომელიმე არტისტის გვარს; აფიშაში მესხიშვილს გამოვაცხადებთ და იმდენი დარჩება,რომ გასტროლიორ მესხიშვილს გავისტუმრებთ და თვით მობენიფისეს არა რჩება–რა (ბზიკი, „ცნ. ფურც.“, 1901 წ. № 1343. მესხიშ. პასუხი, №1350).
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.