როცა ერთი აბდაუბდას ან სიცრუეს ჩმახავს და აღარ ჩერდება, მაშინ მეორე ეტყვის: „ალილიოს-გალილიოს“. ალილიოს-გალილიოს ერთგვარი შელოცვაა კარიჭის (მორიელის) წინააღმდეგ. დაძინების წინ, ზოგიერთ ძველებურ დედაკაცებს ეხლაც აქვთ ჩვეულება ამ შელოცვის თქმა: „ალილიოს-გალილიოს, აღა სტეფან-სტეფანიოს, ალილიმ, კაპილიმ უთმატოვ, ერკუ ბთოვ, სუბსარქისი ძიუნ ძაროვ ასტვა აწნი, ქახცრ კათოვ, კრჭ, კრჭ, დუნ ჩი მორიელი, ჩუშ! ჩუშ! ჩუშ! მანჩევ არეგაქ დუზგა“! იმათი აზრით, ამ შელოცვით აღარ უკბენს მორიელი და თუ შემოესწრო, მაშინათვე გაქვავდება, გაქვავდება მზის ამოსვლამდე („კაპიშონი“, გვ. 44).
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.