ალი, ალქაჯი, ავი სული - მშვენიერი ქალის სახით მოვლენილი მაცდური, რომელიც, ასე ამბობენ, ტყეში ბინადრობს, დედიშობილად დაიარება, ჭაბუკებს იზიდავს თავისკენ, ჰხიბლავს და ნაწნავებით ახრჩობსო. ალქის წინააღმდეგ ლოცვასაც წარმოსთქვამენ: „დავწვები, დამეძინება, პირჯვარი დამეწერება. ჯვარი მწყალობს ჯვარცმული, ვერას მავნებს მაცდური“. ამ ლოცვის შემდეგ ალქი გაქარდება თურმე. ჩვენში ორ მწერალსაც აქვს ამ ტყის ქალის შესახებ მოთხრობები (ვ. ბარნ. „ალქი“, და ნ. ლომ, „ალი“). ალქზე კიდევ ასეთი თქმულებაა, ვინც ალქს დაიჭერს ნაწნავებით, ის ბედნიერი იქნებაო. ალქი ეტყვის: „გამიშვი და ბედსა გწევო“, მისცემს თმის ბეწვს და ეტყვის: „ამ თმის ბეწვით გიჟს და ბნედიანს მოარჩენო“. „ალი ჰყავს შემოჩვეულიო.“ ალქი (ალ-ქალი). არა აქვს დ. ჩ-ს.