მცონარა, უსაქმურა, დავარდნილი, დაცემული, ზანტი. მიკიტნის დუქანში ხშირად არიან ისეთი კაცები, რომელნიც მუშტარს იზიდავენ იმ განზრახვით, რომ მუშტარმა მიიწვიოს თავისთან და უფასოდ გამოძღნენ ან გამოთვრნენ და ამით მიკიტანსაც ხეირი მისცენ. აი, ასეთ ხალხს უწოდებენ „ანგლებს“. „სადაც ქარი ანგალი პერანგივით ქანაობს“ (ა. მაშაშ., „მნათ“., 1925 წ., N 8-9). „კვალში“ (1901 წ.) მ. გორკის ერთი მოთხრობის სათაური ასეა თარგმნილი - „უკუღმართი“ (ОЗОРНИК). „როცა ქარი ანგალი“... (ა. მაშაშ. ლექსი „დიმდარია-დარია“). „ბანი მომეც, გენაცვალე; მეტსახელად ანგალაო“ (შ. მღვ. „წითელი სხივი“, 1926 წ., 3 გვ. 32). „მოსპეთ ასეტი ანგალი“ (ლექსი ი. იზიძისა სოც-დაზღვევის კედლის გაზეთზე. 1932 წ., თებერვალი).
მასხარა. ОЗОРНИК „ვიღაც ანგალს საკონტროლო ორმოსათვის ხუფი აუხსნია“ (კ. გამს., „ნატახტარი“, „სალიტ. გაზ“., 1932 წ., N 17, გვ. 4). „რამდენჯერ ორ მეგობარს, ორ ბედის ანგალს მთელი წლობით ხელზე დაგვიხვევია რომელიმე ანდაზა“ (ლ. მეტ. მიერ შეკრებილი „ქართული ანდაზები“, 1926 წ., გვ. IV). „დაჰგმე ყოველი, ნუ ხარ ანგალი... წადი სოფელში გლეხურ ნამგალით, მენდე, მოიმკი ვარდისფერ დღეებს“! (ლევან ანანიაშ., „ლექაები“, 1933 წ., გვ. 42). „ეს ანგლები, ესა, - ბურტყუნებდა მღვდელმსახური, - რომ არ დაიშლიან“! (ფლობერის „მადამ ბოვარი“, თარგ. ა. ჭუმბ., გვ. 104). „მთლად მოგვისპეს ტამაზლუხის ცხვრები, თავს დაგვასხდნენ მუქთახორა ანგლები“ (ხოხოს ლექსიდან).
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.