(Выкройка) თარგი, ყალიბი, ზომა ტანთ–საცმელის გამოსაჭრელად. ილია ამბობს: „ჩვენ გვინდოდა გვეჩვენებინა მკითხველთათვის, რომ ცხოვრება თვითრჯულია, იგი არ გამოიჭრება ხოლმე კაცისაგან მოგონილ რიკრიკაზედ“ („საქართ. მოამბე“, 1863 წ., №1, გვ. 126). ყალიბი, ფორმა. (ჩემი „ძვ. ტფ. ბოჰემა“ ). გვარიც ყოფილა. ეს სიტყვა პირველად ილიამ იხმარა („საქ. მოამბე“, №1) და ილიას ყველაფერში ბაძავდნენ. „ამ რიკრიკაზედ ჩვენი სცენის ბევრი პიესა არ გამოიზომება და არ გამოიჭრება და რაღა მე მომთხოვენ სწორედ ამ ყალიბზე ჩამოგვისხიო“ (მანველიძე–არტ. ახნაზ., „ივ.“, 1889 წ., №249). „ლურსმანზე გაკეთებულია შაქრის ქაღალდისაგან გამოჭრილი ბაშმაკების რიკრიკები“ (პიესა, „კაპიშონი“, ტერ. აცტვაცატურიანისა, 1880 წ., გვ. 5). რიკრიკაძე – „კიროვის რაიონის სასამართლოს აღმასრულებელი რიკრიკაძე 23 აპრილის დღის 1 საათზე წერეთლის ქ. №8, საჯარო ვაჭრობით გაჰყიდის არტელ „ენერგიას“ ქონებას თანამშრომელთა ხელფასის დასაკმაყოფილებლად, თანახმად აღმასრულებელ ფურცლებისა №2, 725 და 2/937.“ სასამ. აღმასრ. რიკრიკაძე („მუშა“, 1937 წ., №93).
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.