ეს სიტყვა ქართული ჰგონიათ და იხმარება თარგმანშიც იმ მნიშვნელობით („კრებ.“, 1871 წ., № III, გვ. 33). ეს სიტყვა აქ ძალიანაა გავრცელებული, თვით რაფ. ერისთავიც ხმარობს (იხ. „ჯერ დაიხოცნენ“). წარმოებული პ ლ უ ტ უ ს ი ს სახელიდან, რომელიც, დანტეს სიტყვით, „კაცთა მოდგმის უდიდესი მტერი იყო“. „შენ, შენ რაღას იტყვი, შენ პლუტო?“ (კ. კერეს., „ცისკ.“, 1868 წ., № XII, გვ. 38). „მოდი, მოდი, შე პლუტო, დიდი ხანია არ მიკოცნია“ (აკაკი, „კინტო“, „კრებული“, 1899 წ., № 7, გვ. 88). „კაცი კარგია, მაგრამ ცოტა პლუტობა დასჩემდა“ (იქვე, გტვ. 43). „პლუტ ჩინოვნიკს ქალი მიეციო“ („მზის დაბნელება“ ზ. ანტ.). „საშიკო პლუტაძე“ ამ სათაურით მოთხრობაცა აქვს პლებეის (არჩ. რუხაძეს), „სახ. გამ.“ დამ, 1914 წ., № 207. „ჰოი თქვე პლუტებო! ეს რა კარგი აქლემი გამიკეთეთ - და!“ (ბ. ჯორჯ., „ივ.“, 1891 წ., № 153). „მალაყს გადადიან პლუტ ქალებთანა“ (ხოხოს ლექსებიდან). „ნახევრად პლუტს ძნელად გაუგებ, რაში სტყუის და რაშია მართალი“ („დამაკვირდი“, გამოც. „ივერიის რედაქციისა“, 1887 წ., გვ. 157). პ ლ უ ტ ი ნახმარი აქვს რ. ერისთავს მეორე პიესაში „მბრუნავი სტოლები“ („ცისკ.“, 1868 წ., № II, გვ. 46). „ვინცხა პლუტი მაწანწალა, ქალაქის პაჟარნები“ (ა. ცაგარ., „კომედიები“, ი. გრიშ. რედ., 1936 წ., გვ. 117). „საქართველო უნდა დამხობილიყო არა იმდენი ქართველების სისხლის დაღვრითა ცხადის მტრებისაგან, არამედ პლუტობით და აზარქრობით“ (ალ. ჯამბაკურ. ორბ., „დაღესტნის ლეკების გამოსვლა და სხვა ამბები“, 1914 წ., გვ. 9). „მთელი ქვეყანა იცნობდა, პლუტი იყო და გაქნილი“ (გ. დვანიძის „ავტობიოგრაფიიდან“, მაჩვენა ხელთ. ბ. შავლაძემ). გ. ერისთ. თხზ., 1936 წ., გვ. 361 და სიმ. ხუნდაძის წიგ., შენიშვ. 408. „გინდა ქება გამომტყუო შენი ზარმაცობისათვის? ჰაი, შე პლუტო, შენა!“(პ. უმიკ., „ხალხ. სიტყ.“, 1937 წ., გვ. X). პლუტისი - (იხ. ენციკლოპედია) საბერძნეთის ღვთაება. შეიძლება აქედან. „მითომ არ ესმის, რაზედაც ვეუბნები, რა პლუტია“ (რ. ერისთ., პიესა „ადვოკატები“, „ივ.“, 1880 წ., № IV, გვ. 105). „მაგრამ უნცროსი უფრო მხთალსა ჰგვანდა, თუმცა პლუტობა ამასაც გამოუვიდოდა ხელიდან“ (ილია, ტ. III, გვ. 143). „ჩაიცინებს პლუტურად“ (რ. ერისთ., ტ. IV, გვ. 33). პლუტური - „ბეჟანი ადგა და მძიმედ თავი დაუკრა და თავის პლუტური თვალებით ამდენი იეშმაკა, რომ ცრემლიც მოიდინა“ (ილია, ტ. III, გვ. 133, 135).
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.