ტილიკუჭირას რესტორანი იყო ყოფ. თამამშევის ქარვასლაში (ქვემოთ). ტილიკუჭურა წარმოსდგება სომხ. სიტყვიდან თელიპუჭურ (პატარა ძაფი). ამ ქარვასლაში წინათ მკერავთა მთელი დასტა იყო და ერთმანეთს შორის ძაფის თხოვნით იყვნენ განთქმულნი: „პატარა ძაფი მომეცი!“ (თელ - პუჭურ). რუსებს „თ“ არა აქვთ და გამოვიდა „ტ“ (ტელ - თელ - ტილ) აქედან „ტილიპუჭურა“. ეს რესტორანი პირველად ეკუთვნოდა... „სასტუმრო ტელიპუჭურას პატრონი - არტემ ქამალოვი - დაუჭრია ახალგაზრდა თავადიშვილს დ. ყიფიანს“ („თეატრი“, 1886 წ., № 28).
რესტორანი თმამშევის ქარვასლაში სულ ძირს (ქვემო სართულში) პირველად გაიხსნა 1877 წ. ზამთარში აქ იყო - ქარვასლაში, ზაფხულში - ვერის ბაღში (თელიპუჭური პატარა ძაფი ნაჭერიდან ტარან, (ასეა - რ. კ.) რადგან წინად თანამშევის ყოფილ ქარვასლაში მკერავები იყვნენ), ძალიან კარგი რესტორანი იყო. ამ რესტორანმა რამდენიმე პატრონი გამოიცვალა: ავეტიქა, ქამალოვი, ქეშიშოვი, მაჩკალოვი და სხვ. მამაჩემი იტყოდა: „ვისაც ტილიპუჭურში პური არ უჭამია, სჩანს, კავკასიაში არ ყოფილაო“.
„ტილიპუჭურა“ ფსევდონიმი იყო დავით კეზელისა (ს. სოსლანისა) („თეატრი“, 1886 წ., № 10. გვ.4). როგორც „აზიური სასადილო“ შეტანილია თითქმის ყველა ტფილისის Путеводитель-ებში სხვა დიდ გოსტინებისა და რესტორნების გვერდით. „ისეთი ქაჯური ხარხარი წამომვარდა პირიდან, რომ ტილიპუჭურაც კი გამოვარდა თავის ბინიდან“. („დროება“, 1885 წ., № 156). „ვა, მე ვიცი და! გუშინ ტილიპუჭურასთან დავზნაკომდით“. („ივ.“ 1891 წ., № 173). „... ჭეშმარიტ პოეზიად აღიარეს ტილიპუჭურას სალაროში“. (ილ. ხონელი. „ივ.“ 1886 წ., №42). „აი, თუნდ ამ ჩვენ ტილიპუჭურას სადღა ეყოლებოდა მუშტარი?“ („დროება“, 1885 წ., № 156).
Тилипучурский - ამ ფსევდ. ვარლ. ბურჯანაძე წერდა ბათუმის რუსულ გაზეთებში წერილებს ქალაქის და სასწავლებლის შესახებ (ბათუმის რუს. გაზეთები 1905 წ.).
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.