სა სე სრ
სამ სარ საქ სახ

საქართველოს ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი (ქდკ)

დევიზი: „თავისუფლება, თანადგომა, თანაბარუფლებიანობა“

პოლიტიკური მიმართულება: მემარჯვენე-ცენტრისტული

საპროგრამო პრიორიტეტები:

ეკონომიკა: კერძო საკუთრების პრიორიტეტი, კონკურენციის ხელშეწყობა, სახელმწიფოს ჩაურევლობის მიღწევა ეკონომიკაში, მიწაზე კერძო საკუთრების (ყიდვა-გაყიდვის) უზრუნველყოფა, საბაჟო და საერთოდ გადასახადების შემცირება, უდეფიციტო ბიუჯეტის მიღება, ინფლაციის ნულამდე დაყვანა, სტაბილური სავალუტო და საფინანსო სისტემის ჩამოყალიბება, წვრილი და საშუალო ფირმების მხარდაჭერა, ექსპორტის წახალისება.

საგარეო პოლიტიკა: საქართველომ აქტიურად უნდა ითანამშრომლოს „ნატოსთან“, აშშ-სთან და ევროკავშირთან. ჩვენი მიზანია ევროკავშირსა და „ნატოში“ გაერთიანება. მხოლოდ ასეა შესაძლებელი საქართველოს უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა.

სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობა: ფედერალური (საქართველოს მხარეები უნდა აღიჭურვონ ავტონომიების თანაბარი უფლებებით (მათ შორის თბილისიც). უნდა მოხდეს ყველა თანამდებობის არჩევითობის უზრუნველყოფა. ცენტრის ხელში უნდა დარჩეს ისეთი ფუნდამენტური საქმეები, როგორიცაა: თავდაცვა, უშიშროება, საგარეო პოლიტიკა, საბაჟო, პროკურატურა და ა.შ.)

სახელმწიფო სისტემის მოწყობა: საპრეზიდენტო

1993 წლიდან კავშირი არის მსოფლიო ქრისტიანულ-დემოკრატიული ინტერნაციონალის ნამდვილი წევრი.

პარტია დაარსდა: 1989 წ., პირველი რეგისტრაცია – 1990 წ., ხელახალი რეგისტრაცია – 1998 წ.

დაარსების ინიციატორები: ირაკლი კაკაბაძე, ბაჩუკი ვასაძე, პაატა თანდილაშვილი, გოგა კალანდაძე, მამუკა ორჯონიკიძე, ამირან ძოწენიძე, გია ცეცხვაშვილი, მერაბ ბარათაშვილი, გია ბურჯანაძე, ჭაბუა ამირეჯიბი, ნანა ჯორჯაძე, ზურაბ კიკნაძე, ნათია ამირეჯიბი. ორგანიზაციული სტრუქტურა: ყრილობა (მოიწვევა 2 წელიწადში ერთხელ) – კომიტეტი (ირჩევა 2 წლით - 7 წევრი: ბადრი მაჭავარიანი – თავმჯდომარე, მამუკა ორჯონიკიძე -გენერალური მდივანი, პაატა თანდილაშვილი, ზვიად დოლიძე, ამირან ძოწენიძე - თავმჯდომარის მოადგილეები, დავით ძიძარია – გენერალური მდივნის მოადგილე, ბესარიონ გაბუნია – ხაზინადარი, თორნიკე ფიფია – საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი) – თავმჯდომარე (ყრილობა კენჭისყრით ირჩევს 2 წლით, ბოლოს აირჩიეს 1998 წ.) – ფედერალური კომიტეტი (ირჩევა 2 წლით - 17 წევრი (ცვალებადია)).

წევრთა რაოდენობა: 18739, აქტიური - 1000-მდე. 7 რეგიონალური და 37 რაიონული ორგანიზაცია.

ახალგაზრდული ორგანიზაცია: საქართველოს ახალგაზრდობის ქრისტიან-დემოკრატიული ასოციაცია. დაარსდა 1988 წ., გაერთიანებულია 600 წევრი, არის იურიდიული პირი. ლიდერი – პაატა შეშელიძე. მისამართი: თბილისი, კოსტავას ქ., 68, ტელ.: 36 38 28; 33 58 40; 64 64 11; 64 12 09; ფაქსი: 33 58 40.

ბეჭდვითი ორგანო: ჟურნალი „ქრისტიანული დემოკრატია“, დაარსდა 1999 წ., გამოდის თვეში ერთხელ, ტირაჟი – 450, უფასო.

1990 წ. საპარლამენტო არჩევნებში პარტია მონაწილეობდა ბლოკში „თავისუფლება“, მიიღო ხმების 3,2%, პარლამენტში წარმომადგენელი არ ჰყავდა.

1990 წ. წინასაარჩევნო პროგრამა: თავისუფალი დემოკრატიული საქართველო, საბაზრო ეკონომიკის დამკვიდრება, „დასავლეთთან“ მჭიდრო თანამშრომლობა. ქვეყნის ფედერალური მოწყობა და თვითმმართველობის არჩევითობის უზრუნველყოფა. სიკვდილით დასჯის გაუქმება.

1992 წ. საპარლამენტო არჩევნებში პარტია მონაწილეობდა ბლოკში „11 ოქტომბერი“, მიიღო ხმების 12%, პარლამენტში პარტიიდან ჰყავდა 3 წარმომადგენელი (პარტიული სიით). 1992 წ. წინასაარჩევნო პროგრამა: საბაზრო ეკონომიკის დამკვიდრება: პრივატიზება, მიწაზე კერძო საკუთრების (მისი ყიდვა-გაყიდვის უფლებით) შემოღება, ეროვნული ვალუტის შემოღება, ქვეყნის ფედერალური მოწყობა. სიკვდილით დასჯის გაუქმება. თვითმმართველობის არჩევნების ჩატარება. „დასავლეთზე“ ორიენტირება.

1995 წ. საპარლამენტო არჩევნებში პარტია მონაწილეობდა ბლოკში „ქრისტიანული დემოკრატია – ევროპული არჩევანი“, მიიღო ხმების 0,4%, პარლამენტში ჰყავდა 2 მაჟორიტარი წარმომადგენელი.

1995 წ. წინასაარჩევნო პროგრამა: „დასავლეთთან“ მჭიდრო თანამშრომლობა, „ნატოს“, ევროპის საბჭოსა და ევროკავშირში შესვლისაკენ სწრაფვა, კონკურენციისა და კერძო საკუთრების დაცვა, ბიუროკრატიული აპარატის შემცირება, ვალიუტის სტაბილურობის მიღწევა, სიკვდილით დასჯის გაუქმება, ქვეყნის ფედერალური მოწყობა.

1998 წ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია არ მონაწილეობდა იმის გამო, რომ არჩევნების კანონი იყო დისკრიმინაციული – საჭირო იყო მისი ჩატარება არა პროპორციული სიებით, არამედ მხოლოდ მაჟორიტარული წესით.

1991 წ. საპრეზიდენტო არჩევნებში პარტია მხარს უჭერდა ირაკლი შენგელაიას. 1995 წ. საპრეზიდენტო არჩევნებში პარტია მხარს უჭერდა ედუარდ შევარდნაძეს.

პარტია მხარს არ უჭერს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს, რადგან მიუხედავად გარკვეული წარმატებისა, ხელისუფლებამ ვერ შესძლო: 1. ეკონომიკური რეფორმის გატარება 2. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა 3. რუსეთის ჯარის საქართველოდან გაყვანა 4. ბიუროკრატიული აპარატის შემცირება 5. ქართული ჯარის შექმნა 6. კორუფციასთან ბრძოლა და ა.შ.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციის საფუძველი: პარლამენტის წევრი – თორნიკე ფიფია, რწმუნებული – ავთო კობახიძე.

1999 წ. წინასაარჩევნო პროგრამა: 1. ბიუროკრატიული აპარატის შემცირება 2. სასამართლო რეფორმის დასრულება და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეორგანიზაცია 3. არმიის დაფინანსების ზრდა და მისი პროფესიონალურ რელსებზე გადაყვანა 4. აშშ-თან, ევროკავშირთან, ნატოსთან და სხვა რეგიონალურ ორგანიზაციებთან კონტაქტების გაღრმავება 5. რუსეთის ჯარების გაყვანა 6. მოქმედების გააქტიურება ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად 7. კერძო საკუთრება მიწაზე, კონკურენცია, სახელმწიფოს ხელში არსებული საწარმოების სრული პრივატიზაცია 8. გადასახადებისა და ბიუჯეტის გასავლის შემცირება 9. ვალუტის სტაბილურობის მიღწევა 10. განსაკუთრებული მხარდაჭერა მცირე და საშუალო ბიზნესს 11. არჩევნების მოწყობა ყველა დონეზე 12. ფართო უფლებების მიცემა საქართველოს მხარეებისათვის, გუბერნატორების არჩევითობა 13. ადამიანის უფლებები და თავისუფლება უნდა გახდეს ხელისუფლების განსაკუთრებული ყურადღების საგანი.

მისამართი: თბილისი, კოსტავას ქ., 63,

ტელ.: 36 38 28; 33 58 40, ფაქსი: 33 58 40.

საკონტაქტო პირი: ზვიად გელაშვილი – პარტიული კომისიის თავმჯდომარე.

Source: საქართველოს პოლიტიკური პარტიები : ცნობარი 1999 / [მოამზადეს კოსტანტინე კანდელაკმა, დავით ყიფიანმა, ლელა ხომერიკმა [და სხვ.]] ; სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი. - თბ., 1999. - 157გვ. : ილ. ; 20სმ.. - ISBN 99928-52-41-0
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9