აღმოსავლეთიდან თბილისისაკენ მიმავალი განჯის გზა დღევანდელი გრიშაშვილის ქუჩის ხაზს აყვებოდა, შემდეგ ორად იყოფოდა. ერთი ტოტი ლეღვთახევის პირას განლაგებულ ბაღებს უქცევდა მხარს და სამხრეთიდან მიადგებოდა განჯის კარს. გზის მეორე განშტოება დაღმა ჩაყვებოდა გრიშაშვილის ქუჩის ხაზს და აბანოების უბანში წავკისის წყალზე გადებული ხიდის მეშვეობით, ქალაქის გალავნის აღმოსავლეთ კედელში გაჭრილ აბანოს კართან მთავრდებოდა. მისი სახელწოდება სწორედ იმით აიხსნება, რომ იგი აბანოების უბნისაკენ იყო მიმართული. აბანოს კარი დაახლოებით ახლანდელი გრიშაშვილის ქუჩის ღერძზე მდებარეობდა. აბანოს კარიდან მგზავრი დღევანდელ სამღებროს ქუჩის სწვრივად მიმავალი გზით ციხის, იგივე თათრის (ამჟამინდელი გორგასლის) მოედანზე ხვდებოდა.
ჩვეულებრივ ქალაქის კარი საბაჟო პუნქტის დანიშნულებასაც ასრულებდა. ასე, მაგალითად, მეფე როსტომის ბრძანებაში (მე-17 საუკუნის 40–იანი წლები) კონკრეტულად იყო მითითებული ბაჟის რაოდენობა, რომელიც მეციხოვნეებს უნდა აეღოთ ქალაქში შემსვლელ ვაჭართაგან, შემოსატანი საქონლის მიხედვით. ამიტომაა, რომ ალექსანდრე პიშჩევიჩის მიერ 1785 წელს შედგენილ თბილისის გეგმაზე აბანოს კარი №53-ით, მოხსენიებულია როგორც საბაჟო.
Source: კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985. - 102გვ. : 12ფ. ილ. ; 21სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 99. - 45კ., 20000ც.