ბა ბე ბზ ბნ ბო
ბეთ ბერ ბეჰ

ბერძენხანა

თათრის (დღევანდელი გორგასლის) მოედნის სამხრეთ–დასავლეთ ხაზზე განლაგებულ დუქნების უკან წმ. ეკატერინეს სახელზე აგებული ბერძნული ეკლესია იდგა. ეკლესიას დავით აღმაშენებლის ზეობის ხანაში ჩაეყარა საფუძველი (XI ს.) იგი თემურ–ლენგის მიერ იქნა დანგრეული XIV საუკუნის მიწურულში. ალექსანდრე პირველის მეფობის დროს, 1430 წელს მონასტერი აღუდგენიათ. 1795 წელს აღა–მაჰმად–ხანის შემოსევის შედეგად ეკლესია ნანგრევებში აღმოჩნდა. პლატონ იოსელიანის ცნობით, მის ნანგრევებზე კვლავ აღუდგენიათ ეკლესია სინას მთიდან მოსულ ბერებს. ეკლესიის გარდა მონასტერში სხვადასხვა სახის სამეურნეო ნაგებობებიც არსებულა. შემოსავალი სინას მთის ბერებისათვის ყოფილა განკუთვნილი. მონასტერს თავისი დუქნებიც ჰქონია. ერთი მათგანი უშუალოდ თათრის მოედანზე გადიოდა. ეს დუქანი ერეკლე მეორემ უბოძა მონასტერს 1781 წელს. მონასტერშივე მდგარა ბერძენი არქიმანდრიტის სასახლეც. მონასტერს თბილისელები ბერძენხანას უწოდებდნენ. ეს სახელწოდება გვხვდება საბუთებში და ცალკეულ ავტორებთან.

ბერძენხანას მართკუთხა მოხაზულობის უბანი ეკავა თათრის მოედანს, ლილხანასა და ქიაბაბხანას შორის. ქიაბაბხანა (აშპაშხანა) მონასტრის ჩრდილო–აღმოსავლეთ კედელს გასდევდა მტკვრის მხარეზე, ლილახანა კი მის პარალელურად მიემართებოდა მოპირდაპირე კედლის გასწვრივ (შემდგომ ქუჩას სამღებრო ეწოდა).

Source: კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985. - 102გვ. : 12ფ. ილ. ; 21სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 99. - 45კ., 20000ც.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9