ვა ვე ვი ვო
ვერ ვეძ ვეჯ

ვერის ხიდი

გმირთა მოედნის რეკონსტრუქციამდე ერთ–ერთი უძველესი ჩვენამდე მოღწეული თბილისის ხიდთაგანია. იგი XVII საუკუნის შუა ხანებში ააშენა თბილისის ზარაფთუხუცესმა ხოჯა ბეჰმუდამ. ამ ხიდს იხსენიებს ვახუშტი ბაგრატიონი: „ვერასა ზედა არს ხიდი დიდი ქვითკირისა“. დაახლოებით 6 მეტრი სიგანის და 70 მეტრი სიგრძის ხიდი 4 მალიანი იყო. ამასთან მალები სხვადასხვა ზომისა ჰქონდა. ყველაზე დიდი მალი 9,5 მეტრს აღწევდა. ხიდი სილამაზით გამოირჩეოდა საბურთალოს მხრიდან სამი მალი ისრისებული, ხოლო ბოლო მალი ნახევარწრიული მოხაზულობით გამოირჩეოდა. ხიდი ნაწილობრივ გადაკეთდა 1856 წელს. 1932 წელს მის გვერდით ახალი განიერი სამმალიანი სახიდო ნაგებობა ააგეს და უძველესი ვერის ხიდი ბედის ანაბარა მიატოვეს. ხიდი აიღეს 1981 წელს გმირთა მოედნის რეკონსტრუქციისას.

ვერის ხიდს უწოდებდნენ აგრეთვე მტკვარზე გადებულ ხიდს, რომელსაც შემდგომში ელბაქიძისა შეარქვეს. გასული საუკუნის 60–იანი წლებიდან საგრძნობი გახდა ხიდების უკმარისობა მტკვარზე, რაც გამოწვეული იყო ქალაქის ზრდით, მრეწველობისა და ვაჭრობის განვითარებით, რკინიგზის მშენებლობით, ახალი უბნების აღმოცენებით მდინარის ზედა დინებაზე. არსებული რამდენიმე ხიდი კი საკმაოდ დიდი მანძილით იყო დაცილებული ერთმანეთისაგან. 1885 წელს გაიხსნა ახალი ვერის ხიდი (დღევანდელი ელბაქიძის ხიდის ადგილზე), რომელიც წარმოადგენდა ქვის ბურჯებზე გადებულ ლითონის ფერმებზე მოწყობილ ფიცარფენილს. იგი დააპროექტა ქალქის არქიტექტორმა, ინჟინერმა უმანსკიმ. ხიდის მშენებლობას მოყვა ქალაქის საზოგადოებრიობის გაცხოველებული კამათი. უმრავლესობას მიაჩნდა, რომ პირველყოვლისა უნდა აგებულიყო მუხრანის ხიდი (იგი აშენდა მხოლოდ 1911 წელს). თვლიდნენ (როგორც ჩანს, სამართლიანადაც), რომ ვერის ხიდს მუხრანის ხიდთან უპირატესობა გამდიდრებული ყორღანოვისა და როტინოვის მცდელობით მიანიჭეს. ისინი ფლობდნენ ხიდის სიახლოვეს განლაგებულ მიწებს და, ცხადია, მათი ღირებულება მკვეთრად აიწევდა ხიდის მშენებლობის დამთავრების შემდეგ. ვერის ხიდის მნიშვნელობა განსაკუთრებით გაიზარდა მის შემდეგ, რაც ახალი ქუჩა – ვერის (აწინდელი ელბაქიძის) დაღმართი გაიჭრა. ამით უახლოესი კავშირი დამყარდა გოლოვინის პროსპექტს, ვერის ვრცელი უბნისა და მარჯვენა ნაპირის უბნებს შორის რკინიგზის სადგურთან.

ვერის ხიდი, რომლის სიგანე 10 მეტრს არ აღემატებოდა, ჩვენ დროში აღარ აკმაყოფილებდა თანამედროვე მოთხოვნებს და 1951 წელს დაიწყეს ახალი სამმალიანი ელბაქიძის ხიდის მშენებლობა, რაც 1952 წლის დეკემბერში დამთავრდა (ინჟ. გ ჩომახიძე, არქ. მ. მელია).

Source: კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985. - 102გვ. : 12ფ. ილ. ; 21სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 99. - 45კ., 20000ც.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9