გა გლ გო გრ
გაბ გან გარ

განჯის კარი

თბილისის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი კართაგანი მოწყობილი იყო ქალაქის გალავნის სამხრეთ ნაწილში, კლდის ძირას, რომელსაც ნარიყალას ბასტიონები აგვირგვინებდნენ. განჯის კართან მდინარე წავკისწყალი ჩადიოდა, რომელზედაც ხიდი იყო გადებული შუა საუკუნეების ტრადიციით, ქალაქის კარიბჭეს იმ გზის სახელს არქმევდნენ, რომელიც ამ კართან მთავრდებოდა. მნიშვნელოვან სავაჭრო გზას, რომელიც სამხრეთიდან მოემართებოდა და თბილისს აღმოსავლეთის ქვეყნებთან აკავშირებდა, „განჯის გზა“ ერქვა. ქალაქის ფარგლებში იგი აწინდელი გრიშაშვილის ქუჩის ხაზს მიჰყვებოდა თაბორის ციხის ქვეშ, შემდეგ აბანოების უბანს უვლიდა გარს სამხრეთიდან და განჯის კარის ხიდთან წყდებოდა. განჯის გზას აბანოების უბნის მისასვლელთან ჰქონდა განშტოება. ეს უკანასკნელი ქვევით ეშვებოდა და „აბანოს კარამდე“ აღწევდა. განჯის კარს მომდგარ ვაჭრებს თუ მგზავრებს ქალაქში მოხვედრამდე საკმაოდ რთული ფორტიფიკაციული სისტემის გავლა უხდებოდათ. თვით განჯის კარი წავკისწყლის პირას, ხიდის გვერდებზე აღმართული კვადრატული გეგმის მქონე ბურჯებს შორის იყო მოქცეული.

Source: კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985. - 102გვ. : 12ფ. ილ. ; 21სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 99. - 45კ., 20000ც.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9