გა გლ გო გრ
გაბ გან გარ

გარეთავლაბარი

ასე ეწოდებოდა ავლაბრის იმ ნაწილს, რომელიც ძირითადი გამაგრებული ნაწილის გარეთ მდებარეობდა. 1800 წლის გეგმაზე ამ ნაწილს „ავლაბრის უბანი“ ჰქვია. მე–18 საუკუნის შუა ხანამდე გალავნით შემოფარგლული იყო მხოლოდ მცირე ნაწილი, ისანი, რომელიც მოქცეული იყო ამჟამინდელი მეტეხის აღმართსა და კლდის სწვრივს შორის. შედარებით ვრცელი ნაწილი, შაუმიანის ქუჩას, მუკუზანის შესახვევსა და მტკვრისაგან მოქცეულ კლდეს შორის, ჯერ კიდევ არაბების ბატონობის დროს თხრილით ყოფილა შემოყოლებული. გარეთავლაბარი ვრცელდებოდა ამ თხრილის გადაღმა მდებარე პლატოზე, რომელიც ახლა დაახლოებით ბარათაშვილის აღმართით, მესხიშვილის ქუჩითა და კიბალჩიჩის ხევით იფარგლება. ამ საზღვრებში აქვს ნაჩვენები ვახუშტი ბაგრატიონს ეს უბანი თბილისის 1735 წლის გეგმაზე.

ერეკლე მეორის ზეობის ხანაში შიდაავლაბარი, შაუმიანის ქუჩის ხაზზე, კოშკებიანი გალავნით შემოიფარგლა, ხოლო გარეთავლაბარი კვლავ გარეთუბნად დარჩა. თბილისის 1800 წლის გეგმა პირველია აღა–მაჰმად–ხანის შემოსევის შემდეგ. მასზე მუქი ფერით გამოყოფილია სპარსელების მიერ დანგრეული უბნები. ამ გეგმაზე გარეთავლაბარი ერთიანად გადაბუგული ჩანს. ამ უბანში მინიშნებულია ორი ეკლესია: ქართული და სომხური. ქართულ ეკლესიასთან სასაფლაოც არის აღნიშნული. მე–19 საუკუნეში ეს უბანი ქოტურად განაშენიანდა, თუმცა იყო ცდა გარეთავლაბრის დაგეგმარებისა. რეგულარული ხასიათი მხოლოდ მცირე ნაწილმა მიიღო, დღევანდელი ლომოურის ქუჩის სამხრეთ–დასავლეთით.

Source: კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985. - 102გვ. : 12ფ. ილ. ; 21სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 99. - 45კ., 20000ც.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9