გა გლ გო გრ
გლდ

გლდანი

სოფელი გლდანი ქართლის ქედის სამხრეთ ფერდობზე იყო განლაგებული, მდინარე გლდანისწყლის ნაპირზე. მდინარის კალაპოტი, რომელიც ზაფხულობით სრულიად გამშრალია, სოფელს ორ ნაწილად ყოფდა – ძველ და ახალ გლდანად. ეს უკანასკნელი საბჭოთა ხელისუფლების წლებში გაჩნდა.

გლდანს ადრე გრდანი ეწოდებოდა. ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, გლდანი (გრდანი) გარდაბნის მხარეს ეკუთვნოდა. შესაძლებელია, რომ გრდანი ეწოდებოდა არა ერთ სოფელს, არამედ დასახლებათა ჯგუფს.

გლდანისკენ მიმართულ ერთ–ერთ მთის კალთაზე დგას მაღალი ეკლესია, რომელიც დასახლებისკენ სამხრეთ ფასადით გამოდის. სპეციალისტების აზრით, ეკლესია გრიგოლ ღვთისმეტყველის სახელზე მე–9 და მე–10 საუკუნეების მიჯნაზე უნდა იყოს აგებული. ეკლესია წარმოადგენს გრძელ და მაღალ სათავსს, რომელიც აბსიდით მთავრდება აღმოსავლეთ მხარეზე. ძირითად მოცულობას, სამხრეთ მხარეზე ეკვდერი მიყვება. ეკვდერი, გვიან ხანაში, ჩრდილოეთ მხარეზეცაა მოშენებული. შენობა ამოყვანილია ფლეთილი ქვით ხსნარზე. ეკლესიაში ბევრი გვიანდელი დროის გადაკეთების კვალი მოჩანს. საკურთხევლის სარკმლის თავზე მოთავსებულია ფილა, რომელზედაც წრეში ჩასმული ჯვარია ამოკვეთილი. მე–19 საუკუნეში ეკლესია შეულესავთ და შეუღებავთ. იგი ერთ დროს ჰაუპტვახტად ყოფილა გამოყენებული.

თბილისის შემოგარენის ერთ–ერთი სოფლის ტერიტორიის სიახლოვეს დღეს ქალაქის ინტენსიურად მშენებარე საცხოვრებელი რაიონია. საცხოვრებელი მასივი შენდება „თბილქალაქპროექტმშენში“ დამუშავებული პროექტის საფუძველზე. საცხოვრებელი რაიონისთვის განკუთვნილი ტერიტორია (750 ჰა) მდებარეობს თბილისის ჩრდილო–აღმოსავლეთ განაპირას, იმ ხევებს შორის, სადაც პატარა მდინარეები გლდანი და ხევძმარა მოედინებიან. ჩრდილო–დასავლეთით მას თიანეთის გზატკეცილი ესაზღვრება. პროექტის მიხედვით, საცხოვრებელი მიკრორაიონები განლაგებულია ხაზობრივად განვითარებული საზოგადოებრივი ცენტრის ორივე მხარეს. ცენტრის სიგრძე 2,5 კმ–ს აღწევს. პროექტში ფეხით მოსიარულეთა და ტრანსპორტის ნაკადები სხვადასხვა დონეზეა ნაგულისხმევი. ტრანსპორტი გაივლის საგანგებო ტრანშეებში, რომლებიც ტროტუარებთან შედარებით 3 მეტრით იქნებიან ჩაღრმავებული. სატრანსპორტო არტერიებს ყოველ 500 მეტრზე განშტოებები ექნებათ, რომლებიც ტერიტორიას რვა მიკრორაიონად დაყოფენ. ამასთან, ტრანსპორტის ნაკადები ერთმანეთს არ გადაკვეთენ. ზედა დონე არქიტექტორთა ჩანაფიქრში წარმოადგენს ტროტუარების, გადასასვლელების და ბოგირების (პატარა ხიდები) სისტემას, რომელიც მთლიანად დათმობილია მოსახლეობის მომსახურებისათვის.

საცხოვრებელი რაიონის განაპირას (ჩრდილო–აღმოსავლეთით) არსებული ტბის ირგვლივ გათვალისწინებულია საერთო–საქალაქო მნიშვნელობის ვრცელი პარკის შექმნა.

ხსენებული რვა მიკრორაიონის გარდა, რომლებიც „აკინძულია“ გრძივი ცენტრის გაყოლებით, გათვალისწინებულია მეცხრე მიკრორაიონის შექმნაც არსებული ორსართულიანი სახლების რეკონსტრუქციის ხარჯზე.

მიკრორაიონების მოცულობრივ–დაგეგმარებითი წყობა დაფუძნებულია ვრცელი ეზოების გარშემო საცხოვრებელი სახლების ჯგუფების სივრცითი ორგანიზაციის პრინციპზე. მიკრორაიონებს კვეთენ ხეივნები, რომლებიც გადასასვლელი ხიდების მეშვეობით საცხოვრებელ ნაწილს საზოგადოებრივ ზონასთან აკავშირებენ. კომპოზიციურ აქცენტებს 16–სართულიანი სახლების მოცულობები შექმნიან.

დაპროექტებული საცხოვრებელი რაიონი გათვალისწინებულია 147 ათას მაცხოვრებელზე.

Source: კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985. - 102გვ. : 12ფ. ილ. ; 21სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 99. - 45კ., 20000ც.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9