გა გლ გო გრ
გოლ

გოლოვინის პროსპექტი

ასე ეწოდებოდა გასულ საუკუნეში და ჩვენი საუკუნის დასაწყისში თბილისის მთავარ ქუჩას, დღევანდელი რუსთაველის პროსპექტს.

პროსპექტის ნაირსახოვან არქიტექტურაში ადვილად იკითხება მისი ჩამოყალიბების ძირითადი ეტაპები.

ვახუშტი ბაგრატიონის მიერ შედგენილ თბილისის 1635 წლის გეგმაზე დღევანდელი პროსპექტი დიღმის გზაზე გადიოდა, რომელიც ქალაქის გალავნის კარიბჭესთან იწყებოდა. მხოლოდ ამ გზის აღმოსავლეთით, ფერდობზე აქვს აღნიშნული ვახუშტის დასახლებული უბანი, ე.წ. „გარეთუბანი“. ეს უკანასკნელი ვრცელდებოდა დღევანდელი პროსპექტის, ლენინის მოედნის, კოლმეურნეობის მოედნისა და ჯორჯიაშვილის ქუჩას შორის. გზის გასწვრივ არსებულ დიდ შენობათაგან ვახუშტი აღნიშნავს არაგვის ერისთავის სასახლეს და წმინდა გიორგის სახელზე აგებულ, გალავნით შემოზღუდულ სამ ეკლესიას: სომხურს, (ქამოანთ), კალოუბნისას და ქაშვეთს. ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესია – განაპირა ნაგებობა იყო გარეთუბანში. ქამოანთ ეკლესიას ამჟამინდელი საქართველოს მუზეუმის გვერდით მდებარე ტერიტორია ეკავა, იქ სადაც ახლა მასიური საცხოვრებელი სახლის კუთხეს მომრგვალებული, სვეტნარიანი ლოჯია ქმნის. კალოუბნის ეკლესიის ადგილას დღეს რუსთაველის სახელობის კინოთეატრია. გზის გადაღმა კი ვახუშტის გეგმაზე მხოლოდ ციციშვილების სახლია ნაჩვენები (დაახლოებით ახლანდელი კავშირგაბმულობის სახლის ადგილზე).

1800 წლის გეგმა ფაქტიურად გვიანფეოდალური ხანის თბილისის განაშენიანებას ასახავს. როგორც ირკვევა, საუკუნის მანძილზე გარეთუბანში დიდი ცვლილებები არ მომხდარა. დიღმის გზის დასაწყისში კვლავ სამი ეკლესიაა აღნიშნული. აქ, ვახუშტის გეგმისგან განსხვავებით, დასავლეთ მხარეზე მეფის ბაღებია ნაჩვენები (ამ ბაღების მცირე ნაწილია შემორჩენილი პიონერთა სასახლის მიდამოებში). საცხოვრებელი უბნები კი გეგმის შედგენის დროისათვის მთლიანად დანგრეული იყო აღა–მაჰმად–ხანის მიერ. შემდგომ, 1802 წლის გეგმაზე მომავალი პროსპექტის დასაწყისში უკვე დაჩვენებია დიდი ზომის ადმინისტრაციული ნაგებობა – «Правительственные места» (დღევანდელი პიონერთა სასახლის ადგილას). იგი შიდა ეზოს პერიმეტრზე მდგარი ორი კორპუსისგან შედგებოდა და რამდენიმე თვეში იყო ადგილობრივი ოსტატების მიერ. 1807 წელს ამ ადგილას მთავარსარდლის ახალი სასახლის მშენებლობა დაიწყეს. ამ დროს ქუჩას ოფიციალურად დასახელება ჯერ არ გააჩნდა. მას „რუსეთისკენ მიმავალი გზა“ ეწოდებოდა. ამ გზის ინტენსიური განაშენიანება გასული საუკუნის ათიან წლებში იწყება. სასახლის მოპირდაპირე მხარეზე, ოდნავ ირიბად, სტამბის და ჰაუპტვახტის შენობა აიგო. სასახლის გვერდით კი შემაღლებაზე (მთავრობის სახლის ზედა კორპუსის ადგილას) არსენალის მასიური კორპუსი შენდება. 1828 წლის გეგმაზე ამ ადგილებში ორი მოედანია გამოკვეთილი – ნიკოლოზისა და ალექსანდრესი. პირველი მათგანი სასახლის წინ იყო მოწყობილი. ამ მოედნის ნაწილი დღეს საქართველოს ისტორიულ მუზეუმს უკავია. ალექსანდრეს მოედანი კი ქუჩის ნიშნულის გაცილებით დაბლა იყო, იქ სადაც ახლა კომუნარების ბაღია გაშლილი. ნიკოლოზის მოედანი გასული საუკუნის ოციანი წლების ქალაქის მთავარ მოედნად ითვლებოდა. აქ სხვადასხვა სახის საზეიმო ცერემონიალები, აღლუმები, ფეიერვერკები, დოღი ეწყობოდა ხოლმე. ორმოციან წლებამდე განაშენიანება ფაქტიურად არ გაცდენია ჰაუპტვახტის შენობას და დიღმის გზა ხევებით გადასერილ მიდამოებში მიემართებოდა. 30–იანი წლების ბოლოს გამოკვეთილი მშენებლობის ტემპების ზრდის ტენდენცია ამ გზასაც შეეხო. 1837–1839 წლებში აშენდა ვაჟთა გიმნაზია. 1845–1847 წლებში არქიტექტორ სემიონოვის პროექტით, ყოფილი მთავარსარდლის სასახლის რუსული კლასიციზმის ფორმებში ააგეს ახალი სასახლე, რომელიც მოგვიანებით (1864–1867 წლებში) ძირფესვიანად გადაკეთდა.

მე–19 საუკუნის ორმოცდაათიანი წლებისათვის პროსპექტი ორივე მხარეზე მოშენებული იყო ყოფილ მოსკოვის საგუშაგომდე (აწინდელ მოსკოვის ქუჩის დასაწყისი). ორმოციანი წლებიდან „რუსეთისკენ მიმავალ გზას“ მთავარმართებლის, გოლოვინის, სახელი უწოდეს.

მიწის ნაკვეთები გოლოვინის პროსპექტის გასწვრივ მხოლოდ მეფისნაცვლის განკარგულებით რიგდებოდა. ეს წესი არ შეცვლილა ქალაქის თვითმმართველობის დადგენის შემდეგაც. პროსპექტზე სახლდებოდნენ მეფის მოხელეები, თავადაზნაურობა, სამხედრო პირები. პროსპექტის კეთილმოწყობა ორმოციანი წლების ბოლოს დაიწყეს. 1848 წელს გააკეთეს ტროტუარები, გაშენდა ხეივანი. 1862 წელს გაიყვანეს წყალსადენი. წყალს მტკვრიდან ქაჩავდნენ ორთქლის მანქანით.

პროსპექტის განაშენიანება მკვეთრად იცვლის სახეს გასული საუკუნის 60–იანი წლებიდან. პროსპექტის გასწვრივ შენდება მონუმენტური საზოგადოებრივი შენობები, რომლებიც ძირფესვიანად ცვლიან მოშენების მასშტაბს და ქუჩას მეტ იმპოზანტურობას ანიჭებენ. ამ შენობათა შორის აღსანიშნავია ორსართულიანი მუზეუმის შენობა პროსპექტის დასაწყისში, რომელიც 1910 წელს დაანგრიეს ახლანდელი მუზეუმის მშენებლობისათვის. ამ წლებში პროსპექტის ამავე მხარეს შენდება „დიდების ტაძარი“ (ახლა სამხატვრო გალერეა), სასტუმრო „მაჟესტიკი“ (სასტუმრო „თბილისი“), არტისტული საზოგადოების შენობა (შ. რუსთაველის სახ. თბილისის ლენინის ორდენოსანი სახელმწიფო აკადემიური თეატრი), სახაზინო თეატრი (ზ. ფალიაშვილის სახ. თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრი). მოპირდაპირე მხარეზე გამოირჩეოდნენ მეფისნაცვლის სასახლე (ახლა – ბ. ძნელაძის სახ. თბილისის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლე), ე.წ. „თბილისის კრუჟიკი“ (დღეს საბჭოთა არმიის ოფიცერთა სახლი). მე–19 საუკუნის დასასრულისათვის პროსპექტის სივრცეში ბატონობდა კავკასიის მხარის დაპყრობის აღსანიშნავად აგებული ალექსანდრე ნეველის სამხედრო ტაძარი. ტაძარი იდგა გუბინის მოედანზე, მონაკვეთზე, რომელიც დღეს მთავრობის სახლის კორპუსებს უკავია. მისი მშენებლობა 1871 წელს დაიწყო და 1897 წელს დამთავრდა. ნაგებობა პროფესორ დ. გრიმის პროექტით, იმდროინდელ რუსეთში გავრცელებულ „ბერძნულ–ბიზანტიურ სტილში“ იყო განხორციელებული და საკმაოდ მონოტონური ფორმებისა და პროპორციების გახლდათ. პროსპექტზე აშენებული შენობების სტილისტური მრავალფეროვნება ნიშანდობლივი იყო იმ პერიოდისათვის. პროსპექტზე აშენებული შენობების სტილისტური მრავალფეროვნება ნიშანდობლივი იყო იმ პერიოდისათვის. იმ ხანებში პროსპექტზე და მის მიმდებარე უბნებში დასახლება დაიწყეს ბურჟუაზიის წარმომადგენლებმა. იმ დროის საცხოვრებელი სახლებიდან გამოიყოფოდა 1872 წელს, არქიტექტორ ზალცმანის პროექტით აგებული ზუბალაშვილის სახლი პროსპექტისა და ბესიკის ქუჩის კუთხეში. სახლი, გადაკეთებული პირველი სართულით, შემონახულია. ასევე აღსანიშნავია საცხოვრებელი სახლი (1877წ.), რომელიც დაინგრა კავშირგაბმულობის სახლის მშენებლობისას.

80–იან წლებში გოლოვინის პროსპექტზე ერევნის მოედნიდან ცხენის წევიანი რკინიგზა – ე.წ. „კონკა“ გამოიყენეს, რომელიც მოსკოვის საგუშაგოსთან ვერის დაღმართზე უხვევდა. 1905 წელს „კონკა“ ტრამვაიმ შეცვალა.

საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ რადიკალურ ღონისძიებებს მიმართეს პროსპექტის კეთილმოსაწყობად. ოცდაათიან წლებში გაფართოვდა ყოფილი სასახლის ქუჩა, რომელიც ვიწრო ყელს ქმნიდა პროსპექტსა და ერევანსკის მოედანს შორის (პიონერთა სასახლის ბაღიდან მოედნამდე). ამის შედეგად პროსპექტი უშუალოდ შეუერთდა მოედანს. ქუჩიდან აიღეს ტრამვაის ხაზები, კეთილმოწყობისა და გამწვანების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა 1965 წელს (არქ. ა. ბაქრაძე). პროსპექტის მასშტაბის და არქიტექტურული სახის ჩამოყალიბებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ისეთი მონუმენტური შენობების აგებას, როგორიცაა მთავრობის სახლი, მარქსიზმ–ლენინიზმის ინსტიტუტის ფილიალი, ტელეგრაფი, კავშირგაბმულობის სახლი, სასტუმრო „ივერია“, რომლებმაც ძირფესვიანად შეცვალეს პროსპექტის იერი.

Source: კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985. - 102გვ. : 12ფ. ილ. ; 21სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 99. - 45კ., 20000ც.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9