რა რი რუ
რას

რასტაბაზარი

ფეოდალურ თბილისში ქუჩაზე, მის მონაკვეთზე ან უბანში გარკვეული დარგის ხელოსანთა თუ ვაჭრების რიგები ყოფილა თავმოყრილი. დარგის ხასიათი ხშირად ქუჩის თუ უბნის სახელწოდების განმსაზღვრელიც იყო ხოლმე. ეს სახელწოდებები უმეტესად სპარსული წარმოშობისაა (ბაზაზხანა, ზარგარხანა, ლილახანა, სირაჯხანა და ა.შ.). გარდა ამისა, ქუჩის სახელწოდებას სავაჭრო–სახელოსნო რიგების განლაგების წესიც განსაზღვრავდა. ასეთ ქუჩას წარმოადგენდა რასტაბაზარი. ეს სიტყვაც სპარსული წარმოშობისაა და ერთ ხაზზე განლაგებულ სავაჭროებს გულისხმობს. თბილისის რასტაბაზარი იწყებოდა სიონის ქუჩაზე და მთავრდებოდა ბატონის მოედანთან (დღევანდელი ერეკლეს მოედნის სიახლოვეს). შარდენი ამ ქუჩას გრძელ ბაზარს უწოდებს, ხოლო თბილისის 1800 წლის გეგმაზე იგი აღნიშნულია როგორც «Больш. базар» (ქართულ საბუთებში იგი რასტაბაზრად არის მოხსენიებული). რასტაბაზარის ბოლოში, თაღში, კარიბჭე იყო მოწყობილი, რომელიც ღამე იკეტებოდა. რასტაბაზრის აღმოსავლეთი მხარე სარაჯხანას ეკავა, ხოლო მოპირდაპირე მხარე – ხარაზხანას. სარაჯხანა ცხენის აკაზმულობის დამამზადებელთა რიგებს ერქვა, ხარაზხანა კი – ფეხსაცმლის მკერავთა, ხარაზების რიგს. სწორედ დიდი ხარაზხანა მდებარეობდა რასტაბაზარში ქუჩის იმ მონაკვეთზე, რომელიც უშუალოდ ბატონის მოედანთან იწყებოდა.

Source: კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985. - 102გვ. : 12ფ. ილ. ; 21სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 99. - 45კ., 20000ც.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9