და დე დი
დიდ დირ დიღ

დიდუბე

ადგილის დასახელება წარმოდგენილია ორი სიტყვისაგან „დიდი დუბე“. ეს უკანასკნელი ვაკე ადგილს ნიშნავდა. საბა ასე განმარტავს თავის „სიტყვათა კონაში“: „დუბე – დაბალი ადგილი“. „ქართლის ცხოვრებაში“ დიდუბე მოხსენიებულია თამარ მეფის ქორწილთან დაკავშირებით (1189 წ.), რომელიც მან დიდუბის ქალაქგარეთ რეზიდენციაში გადაიხადა, თუმცა ეს დასახლება უფრო ადრინდელ – IX საუკუნის სიგელშიაც გვხვდება. შუა საუკუნეებში აქ არსებობდა დასახლება, სადაც განლაგებული იყო მეფის სასახლე, ეკლესია, ბაღები და სარწყავი არხი. საქართველოში მოგზაურობისას (1779–72 წწ.) რუსეთის აკადემიის აკადემიკოსმა გიულდენშტედმა ნახა ციხესიმაგრის ნანგრევები, რომელიც XVIII საუკუნის 40–იან წლებში უნდა იყოს აგებული ლეკთაგან დასაცავად, დაახლოებით იქ, სადაც ახლა „დინამოს“ სტადიონია. სოფელი დიდუბე გაფართოებას იწყებს გასული საუკუნის შუა ხანიდან. ადგილი განსაკუთრებით ინტენსიურად იწყებს განაშენიანებას მე–19 საუკუნის 60–იანი წლებიდან, როდესაც დიდუბე თბილისს შემოუერთეს. 90–იან წლებში დასახლებამ რკინიგზას გადააბიჯა. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების დროისათვის დიდუბე განაშენიანებული იყო საცხოვრებელი სახლებით. აქვე იყო იპოდრომი. ჩვენამდე მოღწეული დიდუბის ეკლესია 1844 წელს არის აგებული, ადრე (მე–17 საუკუნიდან) არსებულ და დანგრეული ღვთისმშობლის ეკლესიის ადგილზე.

ორჯონიკიძის სახელობის პარკს არსებობის საუკუნე ნახევრიანი ისტორია აქვს (იხ. „მუშტაიდი“). პარკის სიახლოვეს 1935 წელს აშენდა „დინამოს“ სტადიონი. სტადიონის არქიტექტურამ თავისი ადგილი დაიმკვიდრა საბჭოთა არქიტექტურის ისტორიაში, როგორც ერთ–ერთმა შესანიშნავმა სპორტულმა ნაგებობამ. 1967 წელს დაიწყო სტადიონის რეკონსტრუქცია, რაც ფაქტიურად ძველის ახლით შეცვლით დამთავრდა (არქიტექტორები ა. ქურდიანი და გ. ქურდიანი). სტადიონის პირდაპირ, ტელმანის ქუჩის და პლეხანოვის პროსპექტის კუთხეზე მთელი კვარტალი უკავიათ ე.წ. „ტრამვაელთა საცხოვრებელ სახლებს“, რომელნიც 1926–1928 წლებში აშენდა და პრაქტიკულად პირველ საცხოვრებელ კომპლექსს შეადგენდნენ თბილისში (არქიტექტორი დ. ჩისლიევი). დიდუბეში აგებულ ნაგებობათაგან აღსანიშნავია დიდუბის ხიდი, რომელიც ყოფილი ბორნის მოძრაობის ხაზზე გაშენდა 1953 წელს ინჟინერ ვ. დიდიძის და არქიტექტორ ა. ქურდიანის პროექტით. თავისი არქიტექტურულ–გეგმარებით სტრუქტურით ყურადღებას იპყრობს აგრეთვე ლუდხანაც (არქიტექტორები რ. კიკნაძე, ვ. ქურთიშვილი, თ. მიქაშავიძე, გ. მეტრეველი). დიდუბის ტერიტორიაზე გაშენებულია სახალხო მეურნეობის მიღწევათა საგამოფენო პავილიონები.

Source: კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985. - 102გვ. : 12ფ. ილ. ; 21სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 99. - 45კ., 20000ც.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9